ლონდონის არსენალი ინგლისის ჩემპიონია. მიკელ არტეტას გუნდი მიმდინარე სეზონს კრისტალ პალასთან საგარეო მატჩით ხურავს, სადაც ისინი ოფიციალურად აღმართავენ პრემიერ ლიგის თასს. მეთოფეებმა 22-წლიანი საჩემპიონო გვალვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სამშაბათს მათმა უშუალო კონკურენტმა, მანჩესტერ სიტიმ, ბორნმუთთან ქულები დაკარგა (1-1).
საჩემპიონო ზეიმის პარალელურად, არსენალის ფანებს სიხარულის კიდევ ერთი და თანაც ისტორიული მიზეზი მიეცათ. ვინაიდან წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ, არტეტამ შემადგენლობის როტაციას მიმართა და სასტარტო თერთმეტეულში აკადემიის ამომავალი ვარსკვლავი, მაქს დაუმენი გაამწესა.
მოედანზე გასვლით ინგლისელი ნიჭიერი მოზარდი უნიკალურ მიღწევას გააფორმებს - ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში, ვინც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. დაუმენი დღეს 16 წლისა და 144 დღისაა.
სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები ხუმრობენ კიდეც, რომ მოზარდი ამ დროს სკოლის გამოცდებისთვის (GCSE) უნდა ემზადებოდეს, ის კი უემბლისა და პრემიერ ლიგის მედლების მისაღებად ემზადება.
ჰეილ ენდის (არსენალის აკადემია) მორიგი აღმოჩენის მიმართ მოლოდინები დიდია და ბევრი თვლის, რომ ბუკაიო საკასა და მაილს ლუის-სკელის შემდეგ, მეთოფეებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე ტალანტი აღზარდეს, რომლის გარშემოც გუნდის მომავალი უნდა აშენდეს.