მადრიდის რეალის ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ესპანური პრესის მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
მიზეზი გახდა მისი არყოფნა დანი კარვახალისა და დავიდ ალაბას ემოციურ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, რაც ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მ კლუბის მიმართ უპატივცემულობად შეაფასა.
ვინისიუსის ეს საქციელი გუნდის შიგნით არსებული ქაოსის კიდევ ერთი ნიშანია. სანამ კარვახალი მოედანზე სამეფო კლუბში თავის მრავალწლიან კარიერას ემოციურად ასრულებდა, ბრაზილიელი ამ დროს უკვე სანაპიროებს არჩევდა
გამოცემამ სარკასტულად აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ფაქტობრივად ნაადრევ შვებულებაში გავიდა, რადგან მისი მთავარი პრიორიტეტი ახლა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაა.
კარვახალმა რეალის მაისურით ბოლო მატჩი შაბათს, ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ (4:2) ჩაატარა. ესპანელმა მცველმა კლუბში 13 წლის განმავლობაში 451 შეხვედრა ჩაატარა და 27 ტიტული მოიგო. რეალს მიმდინარე ზაფხულს დავიდ ალაბაც ტოვებს, რომელსაც კონტრაქტი ეწურება. ავსტრიელი გუნდს 2021 წელს შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგის ორი თასი მოიგო.
მიუხედავად დიდი წარსულისა, ორივე ფეხბურთელმა მადრიდული კარიერა უტიტულო სეზონით დაასრულა. რეალმა ლა ლიგა ბარსელონას დაუთმო, თასიდან ალბასეტემ გამოაგდო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ბაიერნთან დამარცხდა. სეზონის განმავლობაში ვინისიუსმა 53 მატჩში 22 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მისმა ქცევამ სეზონის ბოლოს გულშემატკივრებისა და მედიის უკმაყოფილება გამოიწვია.