მძიმე წონაში ყოფილმა UFC-ს ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ, კრივში მორიგი ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ მიანიშნა, რომ ამ სპორტში შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული. საუბარია შაბათ საღამოს გამართულ მატჩზე, სადაც კრივის რეიტინგების ლიდერი, ალექსანდრ უსიკი, კიკბოქსინგის ლეგენდას, რიკო ვერჰუვენს დაუპირისპირდა.
ვერჰუვენი, რომლისთვისაც ეს კარიერაში მხოლოდ მეორე საკრივო მატჩი იყო, სრულად დომინირებდა და თითქმის ყველა რაუნდს იგებდა, სანამ მე-11 რაუნდის მიწურულს ნამდვილი სკანდალი არ დატრიალდა. უსიკის დარტყმების სერიის შემდეგ რეფერიმ ბრძოლა ნაადრევად შეაჩერა, თუმცა ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ რაუნდის დასრულების აღმნიშვნელი გონგი მანამდე უკვე გაჟღერდა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც მსაჯების საეჭვო სატურნირო ბარათები გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც, ნოკაუტამდე უსიკი ქულებით იგებდა მატჩს. მომხდარს ნგანუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
გარეშე პირები აქ ვერასდროს გაიმარჯვებენ. მერწმუნეთ, ეს გამოცდილებიდან ვიცი, თუმცა დღეს რიკომ გაიმარჯვა. მორჩა და გათავდა.
ნგანუმ ამით გაიხსენა თავისი საკრივო დებიუტი ტაისონ ფიურის წინააღმდეგ, სადაც მეტოქე ნოკდაუნით დაამარცხა, მაგრამ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით გამარჯვება მაინც ბრიტანელს მიენიჭა.
რიკო ვერჰუვენი თავდაპირველად მშვიდად შეხვდა მარცხს, თუმცა მას შემდეგ, რაც ვიდეო კადრები ნახა და დარწმუნდა, რომ რეფერიმ ორთაბრძოლა გონგის შემდეგ შეაჩერა, გადაწყვეტილების გასაჩივრება დააანონსა. მისი მიზანია, მატჩის შედეგი გაუქმდეს და ის ჩაუტარებლად გამოცხადდეს:
მათ ბრძოლა გონგის შემდეგ შეაჩერეს, რასაც აზრი არ აქვს. რეფერის ჩარევის მომენტში გონებადაკარგული არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვერ მივხვდი, რატომ მაჩერებდა, როცა ფინიშთან ასე ახლოს ვიყავით. ეს აბსურდია. შეცდომები ხდება, მაგრამ ეს უნდა აღიარონ. კადრები უნდა გადამოწმდეს, რადგან იმ მომენტისთვის მე ქულებით აშკარად წინ ვიყავი.
კრივის სამყაროში ამ ინციდენტს უკვე უწოდეს „დღისით-მზისით ძარცვა“, ხოლო გულშემატკივრების ნაწილი თვლის, რომ ვერჰუვენმა კრივში ასეთი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ ამ სპორტში ძალების გამოცდა კვლავ უნდა გააგრძელოს.