პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მარადიულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გაამჟღავნა, თუ რატომ არ აძლევდა ხმას არგენტინელს ოქროს ბურთის გამოკითხვებში.
ბრაზილიელმა სპეციალისტმა, რომელიც პორტუგალიას 2003-2008 წლებში წვრთნიდა, ორივე ვარსკვლავის ფენომენი შეაფასა.
პროგრამა Abre Aspas-თან ინტერვიუში სკოლარიმ მესისთან პირადი საუბარი გაიხსენა:
მესიმ მითხრა: პროფესორო, თქვენ ოქროს ბურთზე ხმა ჩემთვის არასდროს მოგიციათ, ყოველთვის კრიშტიანუს ირჩევდითო. მე ვუპასუხე: ხმა რონალდუსთვის უნდა მიმეცა, რადგან ის ჩემი შვილივითაა-მეთქი. მესი ნამდვილი გენიოსია - თვალებიც რომ დახუჭოს, ზუსტად იცის, სად არის ბურთი. კრიშტიანუ კი გენიოსად არ დაბადებულა, მან ეს სტატუსი საკუთარი წარმოუდგენელი ნებისყოფითა და თავდადებით მოიპოვა
სკოლარიმ ხაზი გაუსვა რონალდუს შეპყრობილ სამუშაო ეთიკას მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის პერიოდიდან. მწვრთნელის თქმით, მას ხშირად ურეკავდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც წუხდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩების შემდეგ დამატებითი ვარჯიშებით თავს იფიტავდა:
ფერგიუსონი მირეკავდა და მეუბნებოდა, სკოლარი, უთხარი, დღეს საჯარიმო დარტყმები აღარ ავარჯიშოს, აქ უკვე 30-ჯერ დაარტყაო. ნაკრებში ჩამოვიდოდა და კიდევ 30-ჯერ უნდოდა დარტყმა
ბრაზილიელი მწვრთნელი ასევე დარწმუნებულია, რომ რონალდუ კარიერაში 1000-გოლიან ისტორიულ ნიშნულს აუცილებლად მიაღწევს.
მათი მჭიდრო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში გამართული მატჩის წინ სკოლარის რონალდუსთვის მამის გარდაცვალების შესახებ მოუწია ინფორმაციის მიწოდება. ფეხბურთელმა მაშინ მწვრთნელს უთხრა, რომ პირველ ადგილზე ნაკრები იდგა და მამამისსაც მისი თამაში მოუნდებოდა, რის შემდეგაც მოედანზე საუკეთესო იყო.
ორივე ვარსკვლავი ახლა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რაც მათ კარიერაში რეკორდული, მეექვსე მუნდიალი იქნება. რონალდუსთვის ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართი ტურნირი ბოლო შანსია კარიერის მთავარი აკლებული თასის მოსაგებად, ხოლო მესი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით შეეცდება არგენტინასთან ერთად ტიტულის დაცვას.