დანი სებალიოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს.
AS-ის ინფორმაციით, ნახევარმცველი გუნდის შეცვლის ვარიანტს განიხილავს, თუმცა არც დარჩენის კატეგორიული წინააღმდეგია.
28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მისი მშობლიური ბეტისი იჩენს, თუმცა კლუბი მისი შეძენისკენ ნაბიჯების გადადგმისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ ფეხბურთელმა მათთან დაბრუნება 2023-ში იუარა.
ყველაზე დიდი პრობლემა კი სებალიოსის ბეტისში დაბრუნებასთან დაკავშირებით მის ფასს უკავშირდება - სევილიური კლუბი მას 5-10 მილიონ ევროდ აფასებს, რეალს კი ესპანელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონის მიღება სურს.
გარდა ამისა, ფეხბურთელის წლიური ხელფასი დაახლოებით 4 მილიონი ევროა, რაც ბეტისისთვის საკმაოდ რთული გადასახდელი იქნება.
არ გამოირიცხება იჯარის ვარიანტიც, რომლის შემთხვევაშიც სებალიოსის ხელფასის გარკვეულ ნაწილს კვლავ რეალი გადაიხდის, თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება არცერთ მხარეს არ მოსწონს.
ამ ეტაპზე სებალიოსის თაობაზე რეალს არანაირი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ბეტისმა ინტერესი გამოთქვა და ფასი მოიკითხა.