ტოტენჰემის კაპიტანი, კრისტიან რომერო, მოულოდნელად არგენტინიდან ლონდონში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის მცველი მუხლის ტრავმის გამო მოედანზე გასვლას მაინც ვერ შეძლებს, ის გუნდთან ერთადაა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის უმნიშვნელოვანეს, გადამწყვეტ მატჩში ევერტონის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ რომერო სამშობლოში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში შესვლა მოასწროს. კვირას მას თავისი ბავშვობის გუნდის, ბელგრანოსთვის უნდა ეყურებინა არგენტინის პრიმერა დივიზიონის აპერტურას ფინალში რივერ პლეიტის წინააღმდეგ, თუმცა ფეხბურთელმა გეგმები შეცვალა და ტოტენჰემის სტადიონზე, სათადარიგო სკამთან დააფიქსირეს, სადაც ის თანაგუნდელებს ამხნევებს.
მანამდე რომეროს არგენტინაში გამგზავრებამ გულშემატკივრებისა და ექსპერტების დიდი პროტესტი გამოიწვია. კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა, გლენ ჰოდლმა, მცველის საქციელს სკანდალური უწოდა, ხოლო ექს-ფორვარდმა ტედი შერინგემმა განაცხადა, რომ ვერ იჯერებდა, როგორ მისცეს არგენტინელს ასეთ კრიტიკულ მომენტში გუნდის დატოვების უფლება.
სკანდალი ტოტენჰემში: კაპიტანმა გუნდი მნიშვნელოვანი მატჩის წინ მიატოვა
მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, პრესკონფერენციაზე თავისი კაპიტანი დაიცვა და აღნიშნა, რომ გამგზავრება სამედიცინო შტაბთან შეთანხმებული იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ფანების იმედგაცრუებისაც 100%-ით ესმოდა. თავად დე ძერბი რომეროს სამომავლო პერსპექტივებზე კლუბში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.