საბერძნეთს ხვდებიან - ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს ასრულებს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას დღეს გამართავს.
ჩვენმა გუნდმა, საბერძნეთთან დაპირისპირებამდე, დასკვნითი მატჩისწინა ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ტრავმების გამო, ვარჯიშსა და დღევანდელ თამაშს თამარ ტატუაშვილი და გვანცა ქადაგიშვილი გამოაკლდნენ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში, 3 ტურის შემდეგ, ქულა არ აქვს, ფარერებმა 6 ქულა მოიპოვა და შესარჩევი დაასრულა, ხოლო 3-გუნდიან ჯგუფს 9-ქულიანი საბერძნეთი ლიდერობს.
"ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა.
ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს.
ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთი მათგანი, 15-წლამდელთა ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ქალთა ნაკრებთა შეხვედრა 21:00 საათიდან დაიწყება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზეა.