ტურნირის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, იირანის ფეხბურთის ფედერაციამ (FFIRI) განაცხადა, რომ მათთვის განკუთვნილი მატჩების ბილეთების სრული კვოტა მოულოდნელად გაუქმდა.
ფედერაციამ ამ ნაბიჯს ირანელი გულშემატკივრების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი უწოდა, რის გამოც უამრავი ქომაგი, რომელსაც სამგზავრო გეგმები უკვე გაწერილი ჰქონდა, თამაშებზე დასწრებას ვეღარ შეძლებს.
ფიფას რეგულაციებით, თითოეულ მონაწილე ქვეყანას მატჩის ბილეთების 8%-იანი სტანდარტული კვოტა ეკუთვნის. ირანის ფედერაციის განცხადებით, მათ ეს უფლება მოულოდნელად ჩამოერთვათ, რის გამოც ფანებს ერთ ბილეთსაც კი ვერ მიაწვდიან.
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ გეოპოლიტიკურ ფონს - თებერვალში აშშ-სა და ისრაელთან დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ირანის ნაკრების მუნდიალზე მონაწილეობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. გუნდმა საწვრთნელი ბაზა ტუსონიდან (არიზონა) მექსიკაში, ტიხუანაში გადაიტანა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციას მათი აშშ-ში ყოფნა არ სურდა.
ამასთანავე, FFIRI-მ აშშ დისკრიმინაციულ ქცევაში დაადანაშაულა, რადგან ნაკრების რამდენიმე წამყვან თანამშრომელს, მათ შორის ფედერაციის ხელმძღვანელ მეჰდი ტაჯს, ვიზებზე უარი უთხრეს. ფეხბურთელებმა ვიზები მხოლოდ პარასკევს მიიღეს, ისიც მკაცრი პირობით - ირანის ნაკრები ვალდებულია აშშ-ის ტერიტორია მატჩის დასრულებისთანავე, იმავე დღეს დატოვოს.
ეს ეწინააღმდეგება ფიფას წესებს, რომლებიც გუნდებს ავალდებულებს თამაშის წინა დღეს სტადიონზე პრესკონფერენციის გამართვას. ირანი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს აშშ-ში მართავს (ახალი ზელანდიისა და ბელგიის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში, ხოლო ეგვიპტესთან - სიეტლში).
ფიფასა და აშშ-ის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.