აფრიკის წლის საუკეთესო მსაჯი, სომალელი ომარ არტანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რადგან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს.
საიმიგრაციო სამსახურმა არტანი მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან დააბრუნა, რის გამოც მას ისტორიული შანსი ხელიდან გამოეცალა - ის უნდა ყოფილიყო პირველი სომალელი არბიტრი, რომელიც მუნდიალზე იმსაჯებდა.
დეპორტაცია აეროპორტიდან და პოლიტიკური მხარე
გამოცდილი არბიტრი, რომელიც დიპლომატიური პასპორტითა და სრულიად გამართული საბუთებით მგზავრობდა, ფლორიდაში ჩაფრენისთანავე დააკავეს და უკან, თურქეთში დააბრუნეს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, აშშ-ს სომალის მოქალაქეებისთვის მკაცრი საიმიგრაციო შეზღუდვები აქვს დაწესებული. სომალის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება სასწრაფოდ გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
ამერიკულმა მხარემ სასაზღვრო სამსახურის ქმედება სრულად დაიცვა. თეთრი სახლის მუნდიალის საკითხთა სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს, თუმცა ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ფიფას პოზიცია და მსაჯის რეაქცია
FIFA-მ სპეციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ომარ არტანი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იმუშავებს. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ისინი ვერ ერევიან მასპინძელი ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაში და ვიზების გაცემის საკითხს მთლიანად აშშ-ს მთავრობა წყვეტს.
მუნდიალზე შერჩეული დარჩენილი 51 მსაჯი მოსამზადებელ ეტაპს ჩვეულებრივად აგრძელებს.
თავად არტანმა ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა მადლობა ვუთხრა ფიფას და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას. მიუხედავად ამ დარტყმისა, ფორმის შენარჩუნებას ვაპირებ, ჩემს კოლეგებს კი მუნდიალზე წარმატებას ვუსურვებ“.