გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა მაინც მოახერხა ისეთი იშვიათი მიღწევის დაფიქსირება, რაც ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათად ხდება.
34 წლის გოლკიპერმა ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჩემპიონობის ტიტულიც მოიგო და უმაღლესი დივიზიონიდანაც გავარდა.
ტერ შტეგენი ბარსელონადან ჟირონაში იჯარის წესით ივნისის ბოლომდე ირიცხება. სანამ კატალონიურმა გრანდმა მადრიდის რეალთან მოგებული ელ კლასიკოს შემდეგ ჩემპიონობა ოფიციალურად გააფორმა, ჟირონას ლა ლიგიდან გავარდნა ელჩესთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელ მეკარეს ჟირონას წარუმატებლობაში დიდი ბრალი არ მიუძღვის. ზამთრის ტრანსფერის შემდეგ მან მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ბარძაყის მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილი სრულად გამოტოვა. ამავე მიზეზით, ის გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ გაემგზავრება.
ტერ შტეგენის მომავალი ბარსელონაში უკიდურესად ბუნდოვანია. მძიმე ტრავმების გამო მან კატალონიურ კლუბში პირველი ნომრის სტატუსი დიდი ხანია დაკარგა, სადაც ის ახალგაზრდა ხუან გარსიამ ჩაანაცვლა. ესპანურ მედიაში მას უკვე ზედმეტ ტვირთს უწოდებენ - მისი ასაკის, ტრავმების ისტორიისა და მაღალი ხელფასის გამო ბარსელონას მისი გაყიდვა გაუჭირდება, თავად ფეხბურთელს კი კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და კატალონიის დატოვება არ სურს.