კატალონიურ გრანდს მარკუს რაშფორდის ტრანსფერთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უწევს.
მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით აყვანილ ინგლისელ ფორვარდს ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება, ბარსელონას კი მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, რომლის ვადაც 15 ივნისს იწურება. მთავარი კითხვა ის კი არ არის, რამდენად გამოსადეგია რეშფორდი, არამედ ის, თუ რამდენად სჭირდება გუნდს მისი მუდმივად დატოვება.
სპორტული მხარე: სისწრაფე და ტაქტიკური მოქნილობა
სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, რაშფორდის გამოსყიდვა ლოგიკური ნაბიჯია. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 14 გოლი და 14 საგოლე პასი მიითვალა, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო მუდმივად სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე. ის ჰანსი ფლიკის გუნდს სისწრაფესა და მრავალმხრივობას მატებს, რაც 60-მატჩიან გრძელ სეზონში ფუფუნებაა.
ინგლისელი იდეალური იარაღია სათადარიგო სკამიდან თამაშის გასაძლიერებლად. ის არ არის ბარსელონას კლასიკური სტილის გარემარბი, თუმცა მისი ვერტიკალური და პირდაპირი ფეხბურთი ზუსტად ჯდება ფლიკის ტაქტიკაში. თავად ფეხბურთელსაც მხოლოდ ბარსელონაში დარჩენა სურს და სხვა ყველა შემოთავაზებაზე უარს ამბობს.
ფინანსური მხარე: პრიორიტეტი ცენტრფორვარდის პოზიციაა
ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ბარსელონამ არ უნდა დახარჯოს დიდი ფული მოთამაშეზე, რომელიც გუნდის მთავარ პრობლემას ვერ აგვარებს. ენტონი გორდონის გაფორმების შემდეგ, კატალონიელთა მთავარი პრიორიტეტი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის, ახალი ცხრა ნომრის პოვნაა.
გორდონი მოედანზე ზუსტად იმავე სივრცეებს იკავებს, რასაც რაშფორდი, მარცხენა ფლანგიდან თამაშობს და დაცვით ფაზაში ბევრად უფრო პროდუქტიულია. შესაბამისად, რეშფორდი გუნდისთვის არა აუცილებლობა, არამედ ზედმეტი ფუფუნება გახდა. 30 მილიონი ევრო დღევანდელ ბაზარზე ბევრი არ არის, თუმცა მისი ხელფასი კლუბისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება.
რაფინია, გორდონი, ლამინ იამალი, ფერან ტორესი და ახალი ცენტრფორვარდი უკვე ქმნიან ძლიერ თავდასხმას. ბარსელონამ მარკუსის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იფიქროს, თუ მანჩესტერ იუნაიტედი ფასს დააკლებს ან ახალ იჯარაზე დათანხმდება, თავად ფეხბურთელი კი ხელფასის შემცირებასა და როტაციის მოთამაშის როლს შეეგუება.