პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება.
ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელმაც 2025 წლის მაისში ფინალში მილანის ინტერი დაამარცხა, სურს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგოს. პარიზელთა მთავარი იარაღი არსენალის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტ ფაზაში ფენომენალურ ფორმაშია.
ლონდონურ კლუბს ფინალის წინ დაცვის მარჯვენა ფრთაზე უდიდესი პრობლემები შეექმნა, რაც კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშს კიდევ უფრო ართულებს. ბენ უაითმა სეზონის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო და მატჩს გამოტოვებს, ხოლო იურიენ ტიმბერმა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ კიდევ ვერ დაიწყო. ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა, რონალდ კუმანმაც დაადასტურა, რომ პესიმისტურად არის განწყობილი ტიმბერის როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, ისე მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელების საკითხზე.
შექმნილი კრიზისის გამო, მიკელ არტეტას დაცვის მარჯვენა ფლანგზე ექსპერიმენტის ჩატარება მოუწევს და ძირითად შემადგენლობაში კრისტიან მოსკერას დააყენებს. კოლუმბიელი ნომინალურად ცენტრალური მცველია, თუმცა ბოლო მატჩებში მწვრთნელი მას მარჯვნივ ათამაშებდა, რათა კვარაცხელიასთან დაპირისპირებისთვის მოემზადებინა. არსენალის გულშემატკივრებში ეს გადაწყვეტილება დიდ შიშს იწვევს, რადგან მიიჩნევენ, რომ მოსკერას ქართველი ვინგერის შეჩერება გაუჭირდება და პსჟ სწორედ ამ ზონაში შეეცდება უპირატესობის მოპოვებას.