მადრიდის რეალს ჩაბი ალონსოს გაშვება არ უნდა და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ სხვა გზა ფიზიკურად არ იქნება.
როგორც Cadena SER-ის ჟურნალისტი მანუ კარენიო იტყობინება, რეალში დღეს სუფევს შეგრძნება, რომ ჩაბი ალონსოს გაშვება კლუბს იქამდე არ სურს, სანამ ამის გაკეთება აბსოლუტურად სავალდებულო არ გახდება. მას პატივს სცემენ იმის გამო, რასაც მან ამ მოკლევადიან სამწვრთნელო კარიერაში მიაღწია და ასევე იმასაც უფასებენ, რომ წარსულში რეალის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო როგორც ფეხბურთელიც. თუმცა, ბუნებრივია, პირველ ადგილზე გუნდის შედეგები დგას.
გუშინ საღამოს რეალის მმართველობის გარკვეულ წევრებს შორის შეხვედრა შედგა. დაუგეგმავი სხდომა, იმიტომ რომ კლუბი ხვდება, რომ სიტუაცია ძალიან რთულია და გუნდი აშკარად კრიზისშია როგორც ატმოსფეროს და ფსიქოლოგიური კონდიციების, ისე თამაშის და შედეგების მხრივაც. ამ შეკრებაზე გარკვეული წევრები ჩაბის გაშვებას უჭერდნენ მხარს, მაშინ როდესაც მეორე ნახევარი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
თუ გაშვება მაინც აუცილებელი გახდა, რეალმა ორი მწვრთნელი მოინიშნა, ვინც დროებითის თანამდებობას დაიკავებს იქამდე, სანამ კლუბი სრულფასოვან მწვრთნელს იპოვნის - ესენი ალვარო არბელოა და სანტიაგო სოლარი არიან. კლუბის აზრით, კასტილიაში მომუშავე არბელოას ჯერ პირველი გუნდის სრულუფლებიანი მწვრთნელობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს, ამიტომ მხოლოდ დროებით თუ დანიშნავენ.
ზინედინ ზიდანი და იურგენ კლოპი რეალში არ იქნებიან - კლუბი არცერთი მათგანის დანიშვნას არ განიხილავს.