რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება განმარტა.
„მწვრთნელმა მიხაილ პრობეჟმა მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, რომ გადაწყვიტა, კაპიტნის სამკლაური ჩამომართვას. ამისათვის მზად საერთოდ არ ვიყავი, ბავშვებს ვაძინებდი. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ამასთან დაკავშირებით ოჯახთან ან ვინმესთან დალაპარაკებაც კი ვერ მოვასწარი - ზარიდან რამდენიმე წუთში, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ საიტზე კაპიტნის შეცვლის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა. ძალიან გამაკვირვა იმან, თუ როგორ შემატყობინეს ეს ყველაფერი.
მეგონა, რომ მსგავსი საკითხები სხვანაირად გვარდება. ყველაფერი ტელეფონით გაირკვა. ასე არ უნდა იყოს, მწვრთნელმა ჩემი ნდობა დააღალატა.
ნაკრები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან მეტკინა ის ყველაფერი, რაც მოხდა. საქმე კაპიტნობაში კი არა, იმაშია, თუ როგორ შემატყობინეს ეს ყველაფერი.
ჩემთვის რთული სათქმელია, რამ იქონია ამაზე გავლენა, იმიტომ რომ როგორც ზემოთ ვთქვი, საუბარი ძალიან მოკლე გამოვიდა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელი პრესის მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა. მან ჩვენი შეთანხმებები დაარღვია და ამიტომ, მისი საქციელით გაკვირვებული დავრჩი.
გადაწყვეტილება, რომ ნაკრებში არ გამოვცხადდები, მწვრთნელთან ერთად მივიღე. მინდოდა მასთან დალაპარაკება და მისი აზრის მოსმენა, თუ რას ფიქრობს იმაზე, ცოტა რომ დავისვენო. მან მითხრა, რომ მეთანხმება და რომ თავადაც აპირებდა დარეკვას და ამის შემოთავაზებას. ბაზაზე მისვლას მაინც ვაპირებდი, კამილ გროსიცკისთვის სურპრიზის გასაკეთებად, ამის შესახებ მხოლოდ მწვრთნელმა იცოდა. თუმცა, ინფორმაცია პრესაში მაინც მოხვდა.
მინდა დავჯდე და მშვიდად დავფიქრდე, ყურადღების გადატანა მჭირდება. შეიძლება, ამის შემდეგ უფრო მეტის თქმა შევძლო და დავფიქრდე, რა იქნება მომავალში.
დღეს მე მწუხარებას და ბრაზს ვგრძნობ. ნაკრები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ მხრივ, არაფერი არ შეცვლილა." - აღნიშნა ბარსელონას ფორვარდმა ინტერვიუში.