2026 წლის მოახლოებასთან ერთად, პოპ-კულტურაში ნოსტალგიის ტალღამ იფეთქა და ვინტაჟური საფეხბურთო მაისურები ქუჩის მოდის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი მაღაზიები, როგორიცაა Saturdays Football და Classic Football Shirts (CFS), ადასტურებენ, რომ გულშემატკივრები მასობრივად ყიდულობენ რეტრო ფორმებსა და ლეგენდარული ფეხბურთელების მაისურებს. კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, რონალდინიო და რონალდო ის სახელებია, რომელთა ვინტაჟური მაისურები დახლებიდან მომენტალურად ქრება.
სპეციალურ კვლევაში, სადაც 2026 წლის მუნდიალისთვის გამოშვებული ეროვნული ნაკრებების ფორმები გულშემატკივრების შეფასებებით, მოთხოვნითა და დიზაინით შეფასდა, პირველი ადგილი გერმანიის ნაკრებმა დაიკავა.
„გერმანიის ნაკრების ახალი საშინაო ფორმა 1990 წლის საკულტო დიზაინის თანამედროვე ვარიაციაა. სწორედ იმ წელს გახდა დასავლეთ გერმანია მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც ფინალში არგენტინა დაამარცხა. მაშინ 25 წლის დიზაინერმა ინა ფრანცმანმა ტრადიციული თეთრი მაისურის ნაცვლად თამამი გეომეტრიული ორნამენტები გამოიყენა. 2026 წლის ვერსიამ, რომელიც ამ იდეას აცოცხლებს, გულშემატკივრებისგან 10-დან 9.26 ქულა დაიმსახურა.“
კვლევაში მეორე ადგილზე ნორვეგია გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ბრაზილიამ დაიკავა.
ბრაზილიისა და არგენტინის ფორმები გაყიდვების ლიდერებად რჩებიან. კოლექციონერებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბრაზილიის საგარეო ფორმამ, რომელიც ცნობილ ბრენდ Jordan-თან კოლაბორაციით შეიქმნა და მუქი ფერებითა და ლაიმისფერი აქცენტებით გამოირჩევა. მაღაზიების წარმომადგენელთა თქმით, ნეიმარის ნაკრებში გამოძახებამ ბრაზილიის ატრიბუტიკაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა.
გარდა ტრადიციული გრანდებისა, ფანებში პოპულარობით სარგებლობს ესპანეთისა და საფრანგეთის საგარეო ფორმები, აშშ-ის ნაკრების ზოლიანი დიზაინი და ესპანელი ვუნდერკინდის, ლამინ იამალის მაისურები. მსოფლიო ჩემპიონატის ფორმები დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სპორტულ ჩარჩოებს - ისეთი ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდებიც კი, როგორიცაა Aritzia და Old Navy, ზაფხულის კოლექციებში საფეხბურთო სტილის ელემენტებს აქტიურად აინტეგრირებენ.