უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გორის დილა საკუთარ მოედანზე რასინგ ლუქსემბურგს მიიღებს, ქუთაისის ტორპედო კი ყაზახეთში ორდაბასის დაუპირისპირდება.
საპასუხო მატჩების წინ ქართული გუნდების მთავარი მწვრთნელების კომენტარებს კლუბების ოფიციალური გვერდები ავრცელებენ.
დიეგო ლონგო (დილა გორი)
"პირველი მატჩი ლუქსემბურგში ძალიან კარგი იყო შედეგის მხრივ, რაც შეეხება უშუალოდ თამაშს მოწინააღმდეგეს კარგი ორგანიზება ჰქონდა, დახვეწილი სტილით, ორგანიზებულად თამაშობდნენ, იბრძოდნენ.
ჩვენ გავუშვით რამდენიმე შანსი ხელიდან, მიუხედავად ამისა ჩვენთვის საბოლოო შედეგი პოზიტიური გამოდგა. თავიდან ლუქსემბურგელების გათვლა იყო რომ ეთამაშათ გრძელი პასებით, ამის შემდეგ ცოტა რთული იყო ბურთის საფარზე დაბრუნება, მაგრამ მეორე ნახევარში ეს შევძელით და თითქმის 70% ბურთის ვფლობდით.
ნერვებისა და წნეხის გამო ცოტა რთული იყო თავიდანვე კარგი სტარტის აღება, რადგან პირველი მატჩი სტუმრად მოგვიხდა, მეტად ვნერვიულობდით, მაგრამ გასული მატჩით მივხვდი რომ მომდევნო შეხვედრაში უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს რათა თამაშის ხარისხის კუთხით თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ.
დილამ მოწინააღმდეგე გასვლაზე დაამარცხა, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია საპასუხო მატჩის წინ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს. ეს მატჩები კარგი გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც არა მხოლოდ ახალ სიმაღლეზე გადასასვლელად ინდივიდუალურად, არამედ ზოგადად კლუბის გასაზრდელადაც. ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია რათა ყველაფერი მოედანზე ვიხილოთ."
დილამ პირველი მატჩი სტუმრად 1-2 მოიგო, გორში კი შეეცდება უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დირკ შუსტერი (ტორპედო ქუთაისი)
"ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და "ორდაბასის" მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს.
ხვალინდელი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არა თუ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის.
"ორდაბასის" არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენს შემდეგ "ასტანასთან" ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს.
პირველ მატჩში ხასიათი, მენტალიტეტი გამოვავლინეთ. იგივეს ვგეგმავთ ხვალ. ცვლილებები შემადგენლობაში იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ."
ქუთაისურმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში მეტოქის დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში (4-3) მოახერხა, ყახაზეთში კი ტორპედო საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება. დილას მსგავსად ეს თამაშიც 20:00 საათზე დაიწყება.