გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა ლიონის ოლიმპიკს შესაძლებლობა მისცა DNCG-ის (საფრანგეთის ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს) მოთხოვნების შესაბამისად ბიუჯეტი დაებალანსებინა, თუმცა კლუბმა გაცხადებული თანხა სრულად ვერ მიიღო.
32 მილიონი ევროს ტრანსფერის ფასიდან, მხოლოდ 22.5 მილიონი ევრო მოხვდა ლიონის ანგარიშზე.
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გადავიდა ვილიარეალში, მნიშვნელოვანი ფინანსური შვება აღმოჩნდა ლიონისთვის. ეს ტრანსფერი გადამწყვეტი იყო იმისათვის, რომ კლუბს DNCG-ის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვები დაეცვა.
Eagle Football Group-ის მიერ გამოქვეყნებული 2025-2026 საფინანსო წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ლიონის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა - 66.1 მილიონი ევროდან 70.8 მილიონ ევრომდე.
ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია ზაფხულის გაყიდვებით, რომლებიც 40.2 მილიონ ევროს შეადგენს, სადაც მთავარი როლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვამ ითამაშა.
თუმცა, ამ დადებითი ციფრების მიღმა ლიონის ფინანსებისთვის ნაკლებად სასიამოვნო რეალობა იმალება. მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერის 32 მილიონი ევროს ფიქსირებული ნაწილიდან (ბონუსების გარეშე) მხოლოდ 22.5 მილიონი ევრო შევიდა ოლიმპიკის ანგარიშზე, როგორც ეს ლეკიპმა დაადასტურა.
მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მეცმა 2024 წლის ზაფხულში ფეხბურთელის წინა ტრანსფერისას მოგების განაწილების უფლება შეინარჩუნა, აგრეთვე ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გადასახადები.
ასე რომ, დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაიკარგა, ეს კი სერიოზული დანაკარგია ეკონომიკურად რთულ ვითარებაში მყოფი ლიონური კლუბისთვის. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მოახერხა მომგებიანი პუნქტის ჩასმა შეთანხმებაში: მომავალში მიქაუტაძის შესაძლო გაყიდვიდან მიღებული მოგების 10%-ის შენარჩუნება.