საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბევრად უკეთესი ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში. ფეხბურთელებს ბევრ საკითხზე ვესაუბრე, როგორც წარსულზე, ისე მომავალზე. მათ ჩემი სამომავლო ხედვა გავუზიარე. ხაზი გავუსვი იმას, რომ ბოლოდროინდელი შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა და გამოსავლის შესახებ ერთმანეთის აზრები მოვისმინეთ. ვფიქრობ, ამას კარგი რეაქცია მოყვა და ეს ვარჯიშებზეც გამოჩნდა.
როგორც აქამდეც არაერთხელ ვთქვი, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათ ბოლო წლებში ბევრჯერ ვეთამაშეთ. ვეცდებით, ახლა მეტი ემოციით ვითამაშოთ, რადგან გასულ თვეს 0:2 წავაგეთ და ჩვენი გუნდის ემოცია არ მომეწონა. მეტი ამბიცია, შიშის გარეშე და კარგი გუნდური თამაში გვჭირდება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა დაიწყო და ყველას დრო დაგვჭირდა, რომ მიწაზე დავშვებულიყავით. გამოცდილი ფეხბურთელებისთვისაც კი, ეს უდიდესი წარმატება იყო და ამის შემდეგ იგივე მოტივაციითა და ამბიციით თამაში აღარ გამოგვივიდა. ჩვენი მთავარი მიზანი გუნდში კვლავ ამ მუხტისა და ამბიციის მოტანაა.
რეალურად უნდა შევხედოთ, პატარა გუნდი ვართ, როცა 2-3 მოთამაშე გვაკლდება ეს გუნდზე მტკივნეულად აისახება და მათი სათანადოდ ჩანაცვლება გვიჭირს. აუცილებელია, ახალი თაობა წამოვიდეს და შევსება მივიღოთ, რათა ერთეულ ფეხბურთელებზე ასეთი მასშტაბით დამოკიდებული არ ვიყოთ.
ხვალინდელი და ბულგარეთთან თამაში ჩვენთვის ახლის დასაწყისია და, იმედია, ამ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით.
რაც შეეხება იურის, ჩვენს ერთ-ერთ ახალ ფეხბურთელს, მასთან ჯერ ბევრი არ მილაპარაკია. ჯერ კიდევ იბერიაში თამაშისას ვაკვირდებოდით. სტაბილური თამაში კადისშიც გააგრძელა და გადავწყვიტეთ, გამოგვეძახებინა. დანარჩენს გულშემატკივარი თავისი თვალით ნახავს.
ყოველი დღე ფანტასტიკური ვერ იქნება. გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს - ყოველთვის არის კარგი და ცუდი მომენტები, სირთულეები. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ შევინარჩუნოთ ტრიბუნებზე ის განწყობა, რაც აქამდე გვქონდა. ისტორიის საუკეთესო ადგილას ვიყავით და მხარდაჭერა ახლაც გვჭირდება.
ის, რომ ესპანეთის ნაკრებს ამ ციკლში ჯერ გოლი არ გაუშვია, ჩვენთვის მხოლოდ მოტივაცია თუ იქნება. ფეხბურთელებმა მეტი ემოციითა და ამბიციით უნდა ითამაშონ.
როდესაც გაგნიძე და სიგუა დაზიანებებმა შეაწუხათ, დრო მივეცით, რომ ეცადათ, საბოლოოდ კი აღარ გავრისკეთ, რადგან ეს მართებული არ იქნებოდა. ახალ ფეხბურთელებს არ დავუძახეთ იმიტომ, რომ ნაკრების განაცხადი რაოდენობრივად შესავსები ადგილი არაა და მთავარი ხარისხია", - აღნიშნა სანიოლმა.
ეროვნული გუნდი ესპანეთს 15 ნოემბერს, 21:00 საათიდან შეხვდება. თამაშს ფრანგი ბენუა ბასტიენი იმსაჯებს.