ასტონ ვილას არგენტინელმა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფრაიბურგის წინააღმდეგ გატეხილი თითით ითამაშა.
ბირმინგემული კლუბის 3-0 გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ ინციდენტი მატჩისწინა მოთელვისას მოხდა. სამედიცინო შემოწმებამ მარჯვენა ხელის არათითის მცირე მოტეხილობა დაადასტურა.
არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით თავდაპირველად შეშფოთდნენ, რადგან არსებობდა ოპერაციის საჭიროება, რაც მეკარეს მსოფლიო ჩემპიონატს გამოატოვებინებდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მარტინესი ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა და მისი აღდგენითი პროცესი დაახლოებით 20 დღეს გასტანს.
დღეს მოთელვისას თითი გავიტეხე, თუმცა ეს ტრაგედიად არ მიმიჩნევია. მანამდე თითი არასდროს მომიტეხავს. ყოველ ჯერზე, როცა ბურთის დაჭერას ვცდილობდი, თითი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა, თუმცა ეს ის მომენტებია, რაც უნდა გადაიტანო
მძიმე ოპერაციის თავიდან აცილების მიუხედავად, მარტინესი იძულებული იქნება გამოტოვოს არგენტინის ნაკრების ბოლო მოსამზადებელი ამხანაგური მატჩები ჰონდურასისა და ისლანდიის წინააღმდეგ. 33 წლის მეკარე მთლიანად რეაბილიტაციაზე გადაერთვება, რათა 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრისთვის მზად იყოს. თუმცა, ლიონელ მესის გუნდისთვის მთავარ საფიქრალად ტურნირის წინ პირველი ნომრის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა რჩება.