საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს, შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური გიორგი კვერნაძეს გაესაუბრა.
"პირადად ჩემთვის, ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ესპანეთის სახით, უძლიერესი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა სტადიონი ამაყად დატოვონ", - ამბობს კვერნაძე.
იტალიური ფროზინონეს 22 წლის გარემარბს ნაკრებში დებიუტი 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გამართული მატჩისას ჰქონდა, როცა 69-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით ეს ერთადერთი კეპია.
გიორგიმ, გასულ უქმეებზე, სერია B-ს მატჩში, ლიდერ მოდენას წინააღმდეგ, საგოლე გადაცემა შეასრულა - მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშებს.