ჰამბურგის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა გიორგი გოჩოლეიშვილი დაიმატა.
24 წლის მარჯვენა მცველი გერმანულ გუნდში დონეცკის შახტარიდან იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი ჰამბურგს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ფოლკსპარკშტადიონზე კონტრაქტი გააფორმა.
"გიორგი სწრაფი და ინტენსიური ფლანგის მცველია. მას მაღალი დონის დაცვითი მზაობა და კარგი აგრესია აქვს. ბრწყინვალედ ამოაქვს ბურთი და შეტევაში თავის კვალს ტოვებს. თავისი უნარებით გიორგი მოთხოვნებს ძალიან კარგად ერგება." - განაცხადა ჰამბურგის სპორტულმა დირექტორმა, კლაუს კოსტამ.
გოჩოლეიშივილმა გასული სეზონი ასევე იჯარის წესით დანიურ კოპენჰაგენში ჩაატარა, სადაც 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ჰამბურგმა 2024-25 წლების სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ბუნდესლიგაში დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძის (ჰაიდენჰაიმი) შემდეგ გოჩოლეიშვილი გერმანიის უმაღლეს დივიზიონში მეორე ქართველი იქნება.