პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ნამდვილი დრამა მიმდინარეობს. ტოტენჰემი, რომელიც სრულიად მოულოდნელად სეზონის ფინალურ დღეს გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოჩნდა, საკუთარ მოედანზე ევერტონს მასპინძლობს და ჟოაუ პალინიას გოლის წყალობით უმნიშვნელოვანეს უპირატესობას ფლობს. რობერტო დე ძერბის გუნდი კრიტიკულ მომენტში საჭირო კონცენტრაციას აჩვენებს.
ტოტენჰემის სტადიონი 42-ე წუთზე ნამდვილმა აფეთქებამ შეძრა. გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა, ჟოაო პალინიამ, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა, ბურთი ჯორდან პიკფორდის კარის ახლო ძელს მოხვდა, თუმცა პორტუგალიელმა ყველაზე სწრაფად იმოქმედა და დამატებაზე ზუსტად დაარტყა. ეს გოლი პალინიასთვის მიმდინარე სეზონში მეხუთე აღმოჩნდა, რაც მისი პერსონალური რეკორდია.
ამ დროისთვის მატჩის 66-ე წუთი მიმდინარეობს და ტოტენჰემი მინიმალურ ლიდერობას (1-0) ინარჩუნებს. ნერვების ომს კიდევ უფრო ამძაფრებს პარალელური შეხვედრიდან მოსული ახალი ამბავი - ტოტენჰემის უშუალო კონკურენტმა, ვესტ ჰემ იუნაიტედმა გოლი გაიტანა და საკუთარ მატჩში დაწინაურდა.
თუ ევერტონმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ტოტენჰემს პრემიერ ლიგაში დასარჩენად ვესტ ჰემის ქულების დაკარგვა დასჭირდება, თუმცა, თუ დე ძერბის შეგირდები ამ გამარჯვებას ბოლომდე შეინარჩუნებენ, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ოფიციალურად აიცილებს თავიდან ჩემპიონშიფში დაქვეითებას და პარალელური მატჩის შედეგის მიუხედავად პრემიერ ლიგაში დარჩება.