ლუჩანო სპალეტი მიიჩნევს, რომ ვისაც საკმარისი პიროვნული თვისებები და ხასიათი არ გააჩნია, იუვენტუსში ვერ ითამაშებს.
იუვენტუსმა 2025/26 წლების სეზონი კვირას, თანაქალაქელ ტორინოსთან ფრით (2:2) დაასრულა, სადაც მეტოქემ ორბურთიანი ჩამორჩენის გაქვითვა მოახერხა. ბიანკონერიმ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
სტადიო გრანდე ტორინოზე მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა და დაგვიანებით დაიწყო, რადგან თამაშის წინ იუვენტუსისა და ტორინოს ულტრასებს შორის მძიმე შეტაკებები მოხდა.
იუვენტუსის ერთ-ერთი გულშემატკივარი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბიანკონერის ფანები კი მატჩის დაწყების შემთხვევაში მოედანზე შეჭრით იმუქრებოდნენ. როდესაც თამაში დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დაიწყო, იუვენტუსის ქომაგებმა პროტესტის ნიშნად ტრიბუნები დატოვეს.
სპალეტიმ ამ ინციდენტებზე მატჩის შემდგომ ინტერვიუში ისაუბრა:
მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც უნდა გააანალიზოს მომხდარი. თამაში ხელში გვეჭირა. სწორედ ასეთ შეხვედრებში ჩანს ადამიანის ხასიათი და შინაგანი სამყარო. ორი ქულით მეტი გექნება თუ ნაკლები, ეს ერთი და იგივე არ არის.
მატჩის წინ დამიენ კომოლიმ აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იუვენტუსი სპალეტისთან ერთად ძლიერი გუნდის აშენებას შეეცდება. მწვრთნელი ამ მოსაზრებას დაეთანხმა:
ეს არის ის, რასაც ყველა ელოდა და ეს სწორი ნაბიჯია. ვალდებულნი ვართ ყველას წინააღმდეგ თავაწეულებმა ვითამაშოთ. მიზანია შევქმნათ მაღალი დონის გუნდი და შევასწოროთ ის ხარვეზები, რომლებიც ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში დავინახეთ. ხასიათი ყოველთვის ქმნის განსხვავებას.
ზოგჯერ პიროვნული თვისებები ფიზიკურ ძალასა და ტექნიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ მოედანზე ზედმეტი ეჭვები გაქვს, ე.ი. ხასიათი არ გყოფნის და იუვენტუსში ვერ ითამაშებ. ტაქტიკისა და ტექნიკის სწავლება შეიძლება, მაგრამ ხასიათის - რთულია.
მწვრთნელმა დაადასტურა, რომ კლუბს ბაზარზე მეტი პიროვნული თვისებების მქონე ფეხბურთელების შეძენა დასჭირდება/
ბოლოს სპალეტიმ საავადმყოფოში მყოფ გულშემატკივარს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტორინოს ის განცხადება გააკრიტიკა, რომლითაც კლუბმა ბილეთის მფლობელები გააფრთხილა - სტადიონზე იუვენტუსის ატრიბუტიკით მყოფი პირები არ დაიშვებიანო:
ყველანი ველოდებით სიახლეებს საავადმყოფოდან და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფანი მალე გამოჯანმრთელდება. როდესაც მატჩის წინა დღეს გამოდის აბსურდული განცხადებები ტრიბუნებზე შავ-თეთრი ფერების აკრძალვის შესახებ, ეს პრობლემაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ფეხბურთის გასაუმჯობესებლად. სტადიონზე ათასობით ბავშვი იყო და ბავშვისთვის იმის თქმა, რომ შავ-თეთრი შარფის ტარება არ შეუძლია, აბსურდია და ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ.