21-წლამდელთა ნაკრებში მიღებული კოჭის ტრავმა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ჯეიმი გიტენსისთვის ჩელსის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება კვლავ აუხდენელ ოცნებად რჩება.
მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ სათასო ტურნირზე ითამაშა, ჯამში 55 წუთი გაატარა მოედანზე, პრემიერ ლიგაში კი საერთოდ არ გამოჩენილა.
ფეხბურთელის გარემოცვამ ლონდონურ კლუბს სიტუაციის განმარტება უკვე მოსთხოვა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლას სერიოზულად განიხილავს.
გასულ ზაფხულს რომა აქტიურად ცდილობდა გიტენსის დამატებას, რათა შეტევის ხაზი გაეძლიერებინა. რომაულ კლუბში მას დონიელ მალენთან ერთად მოუწევდა თამაში, რომელთანაც მანამდე დორტმუნდის ბორუსიაში ასპარეზობდა.
თუმცა ჩელსი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არასდროს განიხილავდა, გარდა ნაკლებად სავარაუდო ვარიანტისა, რომელიც კონეს ტრანსფერს უკავშირდებოდა.
იანვარში ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. ალონსო მარცხენა გარემარბს საკუთარ გეგმებში არ განიხილავს, ხოლო ჩელსი, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულების შემცირების თავიდან ასაცილებლად, მზად არის, მისი გამოსყიდვის უფლებით იჯარით გაშვების შესაძლებლობაც განიხილოს.
რომა გიტენსის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს და მისი დამატების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელმა გასპერინისთან მუშაობის სურვილი ადრეც გამოთქვა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც რომაული კლუბი უახლოეს კვირებში დააკვირდება, ფროზინონეს ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძეა.
Forza Roma-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა, თუმცა გასპერინი ქართველი ფეხბურთელით ძალიან არის დაინტერესებული. მწვრთნელი მას გუნდის სამომავლო პროექტისთვისაც მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.
შესაბამისად, რომამ შესაძლოა კვერნაძის ტრანსფერის საკითხი ახლავე მოაგვაროს და ფეხბურთელის დამატება მომავალი წლის ივნისისთვის, დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, წინასწარ შეათანხმოს.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.