ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მატჩი სიმეონეს გუნდისთვის ცივი შხაპით დაიწყო - მე-6 წუთისთვის ლივერპულმა ორი გოლის გატანა მოასწრო, პირველი გოლი რობერტსონს ჩაეთვალა, რომელსაც სალაჰის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთ ფეხში მოხვდა, მეორე გოლი კი ეგვიპტელმა თავად შეაგდო.
ორბურთიანმა ჩამორჩენამ ატლეტიკო არ გატეხა - გუნდი ბრძოლაში ტაიმის მიწურულს დაბრუნდა, როცა მარკოს ლორენტემ შეძლო ერთი ბურთის გაქვეთა.
81-ე წუთზე ესპანელმა ხუთი წლის წინანდელი გაიხსენა, ენფილდზე კვლავ დუბლი მიითვალა და თითქოს, ატლეტიკოს მატჩიც გადაურჩინა.
თუმცა, გამარჯვების გოლი მაინც მერსისაიდელებმა გაიტანეს - 90+2 წუთზე დომინიკ სობოსლაის მოწოდებულ კუთხურს საჯარიმოში ყველაზე კარგად კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი გამოეხმაურა, რომელმაც ობლაკისთვის აუღებელი თავურით შეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა.
ლივერპულმა ამ სეზონში 5-დან 5-ვე მატჩი ბოლო წუთებზე გოლით მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც, პრემიერ ლიგის მსგავსად, გამარჯვებით გახსნა.