როდრიგო მადრიდის რეალში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება სურს.
24 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ 3 დაიწყო. ჯამში როდრიგომ 359 წუთი ითამაშა - 4 სრული მატჩი ან თითო შეხვედრაში საშუალოდ 27 წუთი.
ESPN Brasil-ის ინფორმაციით, როდრიგო თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით იმაზე მეტად უკმაყოფილოც კია, ვიდრე ზაფხულში იყო და შესაძლოა, მადრიდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსვე დატოვოს.
ამ ეტაპზე არაფერი მოასწავლებს იმას, რომ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით როდრიგოს მდგომარეობა ოდნავ მაინც შეიცვლება. შესაბამისად, თავად ფეხბურთელიც და კლუბიც - მიუხედავად იმისა, რომ ამას ღიად არცერთი მხარე არ ადასტურებს - იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერისთვის გახსნილები იქნებიან.
რეალიდან წასვლის შემთხვევაში როდრიგო თამაშს ინგლისის პრემიერ ლიგაში ისურვებდა. ამ ეტაპზე, რეალს ფეხბურთელის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. გასულ ზაფხულს კლუბი ბრაზილიელს 80-100 მილიონ ევროდ აფასებდა.