სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად ფინეთი დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელიც გუნდს 24 ქულით და მეოთხე მეოთხედში საოცარი თამაშით დაეხმარა.
შენგელიას ასეთი თამაში გამოსარჩევი იმითაც არის, რომ ქართველმა წინა საღამოს ევროლიგის ეგიდით ვირტუს ბოლონიასა და ფენერბაჰჩეს მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც 23 ქულა მიითვალა და შემდეგ პირდაპირ ფინეთში გაფრინდა. თორნიკეს ამ ქმედებამ ევროპულ საკალათბურთო სამყაროში ბევრი საუბარი გამოიწვია.
მადრიდის რეალის არგენტინელი კალათბურთელი, ფაკუნდო კამპაცო 24 საათში ქართველის ნათამაშებ 2 მატჩს ასე გამოეხმაურა:
"ეს არის, რასაც ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ეს მოთამაშეებისთვის საზიანოა." - წერს დენვერ ნაგეტსისა და დალას მავერიქსის ყოფილი მოთამაშე და FIBA-სა და ევროლიგას შორის უთანხმოებაზე მიუთითებს.
სწორედ ეს 2 ორგანიზაცია ვერ თანხმდება შესაბამის განრიგზე, რომელიც მოთამაშეებს ხელს შეუწყობს, რომ სანაკრებო მატჩებშიც მიიღონ მონაწილეობა.
შესარჩევ ეტაპზე დიდ ბრიტანეთთან წაგებული შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ვასილის სპანულისმაც გააკეთა კომენტარი:
"შეხედეთ თოკო შენგელიას, ევროლიგაზე ვირტუს ბოლონიაში თამაშიდან ერთი დღის შემდეგ ის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იყო.
როგორ გავიდეთ ევრობასკეტზე თუ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები არ გვეყოლება? მინდა, რომ მოთამაშეებმა ეროვნული გუნდის დახმარება შეძლონ, თუ ისინი ტრავმირებულები ან ძალიან გადაღლილები არ არიან". - განაცხადა ბერძენთა მწვრთნელმა.
შენგელიას ქმედებას ევროპულ პრესაც გამოეხმაურა:
"თოკომ 24 საათზე ნაკლებ დროში დიდი საქმე გააკეთა" - Eurohoops
"შენგელიას სიგიჟე: ორი მატჩის საუკეთესო 24 საათში 2500 კილომეტრის დაშორებით" - ესპანური MARCA
"თოკო, რობოტი ხარ თუ გიჟი? თუ ეძებთ ნამდვილი ჯარისკაცის პორტრეტს, ეს შენგელიაა." - წერს ბერძნული Ole.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩს 24 ნოემბერს ისევ ფინეთის წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად თბილისში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები