ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის სოციალურ ქსელში დაწყებული უცნაური დაპირისპირება სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.
სპორტსმენები ერთმანეთს უახლოეს შაბათს, UFC 250-ის მთავარ ბრძოლაში, თეთრი სახლის გაზონზე მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის გასაერთიანებლად დაუპირისპირდებიან. მანამდე კი მათ შორის ნამდვილი პირადი ომი აგორდა, რაც გეიჯის მიერ თოფურიას განქორწინების თემის წამოწევამ გამოიწვია.
პირადი ცხოვრება და დარღვეული კოდექსი
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გეიჯიმ Fox News Australia-სთან ინტერვიუში თოფურიას პირად ცხოვრებაზე იხუმრა და აღნიშნა, რომ მის ადგილას ცოლი დიდი ხნის წინ მიატოვებდა, რადგან მისი ხასიათის ატანა შეუძლებელია. ამ განცხადებამ ქართველი მებრძოლი გააცოფა, რასაც სოციალურ ქსელ X-ში მწვავე პასუხი მოჰყვა.
„ჯასტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. ის ჩემი შვილის დედაა და ელემენტარული კაცური კოდექსია, რომ სხვის დედას პატივი სცე“, - დაწერა თოფურიამ. გეიჯიმ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ ილიამ პირველმა ახსენა მამამისი და თავად თოფურიას ყოფილი ცოლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ბრძოლა თეთრ სახლში და მამის ფაქტორი
თოფურიამ გეიჯის ეგრევე შეახსენა, თუ რატომ ახსენა მისი ოჯახის წევრი: „მამაშენზე იმიტომ ვთქვი, რომ ლუდით ხელში დამცინოდა, დაბალს მეძახდა და ამბობდა, რომ გამანადგურებდი. ჩვენ აქ საჩხუბრად ვართ და არა პაემნებზე სასიარულოდ. როდესაც ოქტაგონზე დაგაძინებ, მამაშენს თვალებში ჩავხედავ და ვკითხავ - აბა, ახლა ვინ არის დაბალი-მეთქი?!“.
აქამდე მეტ-ნაკლებად მშვიდად განწყობილი მებრძოლების ასეთმა აგრესიამ გულშემატკივრები გააოცა. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ბრძოლის წინ რეიტინგების გაზრდის მცდელობაა. სპორტსმენები პარასკევს, ლინკოლნის მემორიალთან პრესკონფერენციაზე პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, რაც ამ კინკლაობის შემდეგ ნამდვილ სანახაობად იქცევა.