ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი ყველაფერს აკეთებს პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ ვესტ ჰემმა უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მოიპოვა და 3:0 მოიგო.
ანგარიში მატჩის 66-ე წუთზე ტატი კასტელიანოსმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ჯაროდ ბოუენის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ყველაზე სწრაფად იმოქმედა. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებმა ზეწოლა არ შეაჩერეს და 78-ე წუთზე თავად ასისტენტმა, გუნდის კაპიტანმა ჯაროდ ბოუენმა მათეუს ფერნანდეშის პასით მეორე გოლიც გაიტანა და ლონდონ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს გადარჩენის იმედი კიდევ უფრო გაუმყარა.
მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ 93-ე წუთზე ვესტ ჰემმა მესამე გოლიც გაიტანა. გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული თავდამსხმელი, კალუმ უილსონი გახდა, რომელმაც კრისენსიო სამერვილის პასის შემდეგ 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით აიღო ლიდსის კარი.
მიუხედავად იმისა, რომ ვესტ ჰემი საკუთარ დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს და ლიდსს პრაქტიკულად შანსს არ უტოვებს, მათი ბედი მაინც პარალელურ მატჩზეა დამოკიდებული. ჩაქუჩების პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის აუცილებელია, რომ ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ევერტონთან წააგოს.
ამ დროისთვის ტოტენჰემი ჟოაუ პალინიას გოლით კვლავ 1:0-ს იგებს. თუ ევერტონმა სასწრაფოდ არ გაათანაბრა და თამაში არ შემოატრიალა, ვესტ ჰემის ეს დამაჯერებელი გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდება და გუნდს მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში მოუწევს თამაში.