Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, 18 თებერვალი, ახლოვდება.
ქართულ სპორტში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია და ისინი სხვადასხვა სპორტს უკავშირდება, მაგრამ ყველაზე მნიშნველოვანი და დიდებული დღემდე მაინც 13 მაისია. დღე, როდესაც თბილისის დინამომ თასების მფლობელთა თასი მოიგო და სამუდამოდ ჩაეწერა ქართული სპორტის მეხსიერებაში.
2024 წლის 18 თებერვალი ყველა შემთხვევაში ისტორიულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორი ყველაზე წარმატებული ქართველი MMA მებრძოლი გამოვა საღამოს მთავარ ქარდზე და მეორე იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ისტორიაში პირველად UFC-ის ქამრის მოპოვებას შეეცდება.
რა არის UFC-ის ქამარი? ამ ტიტულის სხვა სპორტებში თარგმნა რთულია, მაგრამ MMA-ს დამწყები მაყურებლებისთვის მაინც შევეცდებით განმარტებას. UFC-ის ქამარი არის როგორც ჩემპიონთა ლიგის თასი ფეხბურთში, საჩემპიონო ბეჭედი NBA-ში, გრანდ სლემი ჩოგბურთში და ა.შ.
უფრო მეტად თვალსაჩინო რომ გავხადოთ, გეტყვით, რომ UFC-ის ქამარი არ აქვთ მოპოვებული ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი (დროებით ტიტულს თუ არ ჩავთვლით) და გერმანია.
მოკლედ, განგებამ უამრავ კარგ მებრძოლს არ არგუნა ბედნიერება, მათ ეს ქამარი მორგებოდათ. ილია თოფურიას კი აქვს ამის შანსი. შანსი, რომელიც ბრუტალური ნოკაუტებით და სწორი პიარით დაიმსახურა. შანსი, რომელიც ხშირად არ მოდის და გამოსაყენებელია.
ამავე ქარდზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი. მერაბი თავისუფალი სტილის ჭიდაობის ოლიმპიურ და UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს, დაუპირისპირდება. მერაბი ამ ბრძოლაში ბუქმეიქერთა ფავორიტია და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. სწორედ ამ ბრძოლებზე ვისაუბრებთ ახლა.
მერაბის მეტოქე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლეგენდარული ჰენრი სეხუდოა. ჰენრი დიდებული მებრძოლია. ზოგადად, აშშ-ს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებში რომ ხვდები უკვე დიდი ამბავია და მერე უშუალოდ ოლიმპიადას, რომ იგებ ხომ უკვე სამუდამოდ ეწერები ისტორიაში. ჰენრიმ ეს ისტორია არ იკმარა, წავიდა UFC-ში და ორი დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა. სეხუდო Triple C ანუ სამმაგი ჩემპიონი გახდა (ოლიმპიადა და UFC-ის ორი დივიზიონი).
ის პირველად ქამარს 2016 წელს მიუახლოვდა, თუმცა საჩემპიონო ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მებრძოლთან, დემეტრიუს ჯონსონთან, დამარცხდა და შემდეგ სატიტულო ბრძოლამდე გზის გაკვალვა ხელახლა მოუხდა. შემდეგი შანსი 2018 წელს, ისევ ჯონსონთან მიიღო და ამჯერად გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
სეხუდო ჩემპიონი გახდა, მერე ტიტული დაიცვა, შემდეგ ერთით მაღალი დივიზიონის ქამარზე გაიწია და მარლონ მორაეშის (ამ მებრძოლს მერაბიც დაუპირისპირდა და ნოკაუტით დაამარცხა) დამარცხების შემდეგ ორი ქამარი გადაიკიდა მხრებზე. შემდეგ ჰენრიმ ქამრები გაათავისუფლა და აქტიური სპორტიდან წავიდა. მერე ხან ერთი მებრძოლი აკრიტიკა თვითერზე, ხან მეორე და სამი წლის შემდეგ სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა. 34 წლის სეხუდო პირდაპირ ჩემპიონს, ალჯამაინ სტერლინგს, შეახვედრეს და გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
რა ვნახეთ ამ ბრძოლაში? ვნახეთ ის, რაც ემართებათ ხოლმე წლობით პაუზის შემდეგ, თუნდაც ამდენად დიდ მებრძოლებს. სეხუდო ვეღარ იყო ისეთი სწრაფი, გამძლე და მეტოქის სულის ამომცლელად აქტიური. კარგად იბრძოლა, მაგრამ სტერლინგმა ნამდვილად აჯობა.
უკვე ვისაუბრეთ სეხუდოს მთავარ საბრძოლო ღირსებებზე, ჭიდაობა, გამძლეობა და შეუპოვრობა. იმავე მახასიათებლებით კი, რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილიც გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ მერაბი სამართლიანადაა ამ ბრძოლაში ფავორიტი, მიუხედავად სეხუდოს უზარმაზარი კარიერული მიღწევებისა.
მერაბი კარიერის პიკშია და ძნელი წარმოსადგენია, რა გზით შეიძლება ის სეხუდომ დაამარცხოს. რაც უფრო მსუბუქია წონა, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, რადგან ასაკთან ერთად სისწრაფე გაკლდება, წონის კლება და აღდგენა რთულდება, ეს კი გამძლეობაზე ისახება. მერაბს ეს ამ ეტაპზე ნამდვილად არ ეხება, კარგად ვნახეთ რა უქნა პიოტრ იანს 5-რაუნდიან ბრძოლაში. სეხუდო კი 37 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ მერაბთან მხოლოდ 3 რაუნდის გაძლება მოუწევს, ქართველი ფავორიტია და სისწრაფით, გამძლეობით და რაც მთავარია, სპორტული შიმშილით მეტოქეზე ბევრად წინაა, როგორც თვითონ მთელ მსოფლიოს უთხრა - I’M HUNGRYYYYY
გადავიდეთ კულმინაციაზე და საღამოს მთავარ დაპირისპირებაზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ბრძოლაზე - ილია თოფურია VS ალექსანდრ ვოლკანოვსკი
სეხუდოსგან განსხვავებით ვოლკანოვსკის პირველი სპორტი ჭიდაობა, კრივი ან რაიმე სხვა საბრძოლო სპორტი არ ყოფილა. ვოლკმა გარკვეული პერიოდი რაგბი ლიგა (13-კაცა რაგბი) ითამაშა. აღსანიშნავია, რომ MMA-ში გადასვლის შემდეგ მან რამდენიმე წონითი კატეგორია შეიცვალა და საბოლოოდ 66 კგ-ში დამკვიდრდა. ვოლკანოვსკის მახაჩევთან ბრძოლებამდე გასაოცარი რეკორდი ჰქონდა (25-1), თუმცა მასთან ორი მარცხის შემდეგაც არ გამოიყურება შედეგი ცუდად.
ალექსს ისლამთან შემთხვევით არ უბრძოლია, ვოლკანოვსკიმ შეიძლება ითქვას მთელი თავისი დივიზიონი გაწმინდა, დაამარცხა მაქს ჰოლოუეი 3-ჯერ, ორტეგა, კორეელი ზომბი და მახაჩევთან ბრძოლებს შორის იაირ როდრიგესიც მიაყოლა. მოკლედ, ქვემსუბუქ წონაში ვოლკის შემჩერებელი კაცი ჯერ არ გამოჩენილა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს 18 თებერვალს ამ ამბავს ილია თოფურია დაამთავრებს.
ვოლკანოვსკი დაბალანსებული მებრძოლია, აქვს შეუდარებელი საბრძოლო ინტელექტი, კარგი დგომი, ჭიდაობა და ხასიათის სიმტკიცე, რომელმაც, სხვათაშორის, ორტეგასთან ბრძოლისას გადაარჩინა.
ორტეგასთან გადარჩენის ამბავი შემთხვევით არ გვიხსენებია. ეს ამბავი ნიშანია იმისა, რომ რამდენადაც გასაოცრად არ უნდა გვეჩვენებოდეს ვოლკის შედეგები, არც ისაა უნაკლო და ილიასთან ბრძოლაშიც აუცილებლად დაუშვებს შეცდომებს. შეცდომა სულ ერთი წამის საქმეა და სწორად ასეთ მომენტში უნდა გამოიჭიროს ილიამ თავისი ულამაზესი და რაც მთავარია, ეფექტური კრივით. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვოლკანოვსკი მახაჩევთან ბოლო ბრძოლაში დანოკაუტდა, ეს კი ნებისმიერი მებრძოლისთვის შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი. მაგალითად, კამარუ უსმანი ნოკაუტის შემდეგ ვერა და ვერ დაბრუნდა ისეთი ძლიერი, როგორიც მანამდე იყო. მართალია ალექსი ასე მძიმედაც არ დანოკაუტებულა, თუმცა ნოკაუტი ნოკაუტია, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ბრძოლიდან (21 ოქტომბერი) 18 თებერვლამდე არც ისე დიდი ხანია გასული. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვოლკანოვსკი 35 წლისაა, თავისი დივიზიონის უპირობო მეფეა და სპორტული მოტივაცია, წესით და რიგით, ილიაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ნამდვილი ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა.
ილია (14-0) ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავი ქამარია, ძალიან ეფექტური გრეპლინგით. მას არც დგომში უჭირს და შესაძლოა არაპოპულარული აზრი იყოს, მაგრამ ილიას ვოლკზე უკეთესი ჭიდაობა და ე.წ. “გრაუნდ გეიმი” შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება დგომს, ვოლკანოვსკი უძლიერესია, მაგრამ თოფურიამ დაჩაგრა უკვე არაერთი მებრძოლი, მაგალითად ჯოშ ემეტი ბოლო ბრძოლაში. ილიამ UFC-ში სულ ექვსჯერ იბრძოლა და აქედან ოთხჯერ მეტოქე დააფინიშა, სამჯერ დაანოკაუტა, ერთხელ კი მახრჩობელა ილეთით იმარჯვა.
ზოგადად ამ დღეზე და ბრძოლებზე უამრავი საუბარი შეიძლება, თუმცა შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ MMA-ს ქართველი გულშემატკივრებისთვის 2024 წლის 18 თებერვალს ძალიან დიდი შანსი აქვს ისეთ დღესასწაულად იქცეს, როგორიც 13 მაისია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის.
გვჯერა, რომ ჩვენს ორივე მებრძოლს ამ დღის ისტორიაში შეტანა შეუძლიათ, რადგან მათ ამისთვის აქვთ ყველაფერი - უნარები, გამოცდილება და სპორტული შიმშილი, რომელიც ასეთ მომენტებში ხშირად გადამწყვეტია.
წინ მერაბ! წინ ილია!
კომენტარები
10 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ