Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონაში ახალი ერა იწყება - ვილიარეალთან საშინაო მარცხის (3:5) შემდეგ, ჩავიერ ერნანდესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მშობლიურ კლუბს დატოვებს.
„სცადა, მაგრამ არ გამოვიდა“, - ყველაზე კარგად ჩავის ბარსელონურ სამწვრთნელო კარიერას ეს ფრაზა ახასიათებს, რასაც ვერ ვიტყვით მის ფეხბურთელობაზე. მისგან ყველა გვარდიოლა 2.0 ვერსიას ელოდა, მაგრამ სადღაც მან თავად დააკლო, სადღაც - პრეზიდენტისგან ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ფაქტი ერთია, თავად ჩავის თქმით, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი ვერ შეუცვლის მას აზრს და ის ნამდვილად დატოვებს მწვრთნელის თანამდებობას. ესპანელი ამბობს, რომ დაიღალა. დაიღალა თავადაც, დაიღალა მისი ოჯახიც. წასვლისას, პრესაზე განაწყენებულმა ისიც თქვა, რომ კატალონიაში თავისი ფერგიუსონი არასდროს არ ეყოლებათ, რამეთუ ისინი [ჟურნალისტები] ამის საშუალებას არავის არ მისცემენ.
შესაბამისად, ახალი სეზონიდან ბარსელონას ნამდვილად ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი. ვინ იქნება ეს - კვლავ კლუბის დნმ-ისა და კრუიფის სულისკვეთების მატარებელი, თუ ხელმძღვანელობა გეზის შეიცვლის და სულ სხვა სტილის სპეციალისტს მოიყვანს? მოდით, ვილაპარაკოთ ამ თემაზე და განვიხილოთ ხუთი ვარიანტი, ვისზე არჩევნის შეჩერებაც ჟოან ლაპორტას ზაფხულში შეეძლება.
დასაწყისშივე გეტყვით, რომ სიაში ნუ მოძებნით იურგენ კლოპს - ალბათ, ლივერპულიდან მისი წასვლის გამოცხადებას რომ ჩავის წასვლის დადასტურება მოყვა, ყველა ბარსას ფანმა ავტომატურად გერმანელზე დაიწყო ოცნება. ეს ოცნება, სამწუხაროდ, თავად იურგენმა თავისივე წასვლის დღეს დაასამარა, როდესაც განაცხადა, რომ ერთი წელი არც კლუბში აპირებდა მუშაობას და არც ნაკრებში. თუ ჟოან ლაპორტა იმდენს იზამს, რომ შვებულებისკენ გეზაღებულ გეგენპრესინგის გურუს კატალონიურ ჯოჯოხეთში შეაყოფინებს თავს, კამპ ნოუზე, არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტის ძეგლი იქნება დასადგმელი. სანამ ეს არ მოხდა, მოდით უფრო რეალური ვარიანტები განვიხილოთ:
1. რობერტო დე ძერბი
იტალიელი სპეციალისტის ადრეული სამწვრთნელო წლები სამშობლოში ვითარდებოდა, დაიწყო დარფო ბოარიოთი და დამთავრდა სასუოლოთი, სადაც მისი სანახაობრივი და შემტევი გუნდი დონეცკის შახტარმა შეამჩნია და მწვრთნელმა პირველად გადაწყვიტა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა - არ გამოვიდა, რობერტო უკრაინიდან 30 მატჩის შემდეგ დაითხოვეს, საიდანაც მან 20 მოიგო (5 ფრე, 5 მარცხი). სამაგიეროდ, სულ სხვა კარიერულ სიმაღლეზე რობერტო ბრაიტონში ავიდა, სადაც გრემ პოტერის წასვლით თითქოს შესასუსტებელი გუნდი უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანა და ულამაზეს ფეხბურთს დღემდე ათამაშებს განურჩევლად იმისა, ვინ ჰყავს დამტვრეული და ვინ აკლია ამა თუ იმ თამაშში. უბრალო ცხრილის შუაში მყოფი გუნდიდან ბრაიტონი სტაბილურად ევროთასების საგზურისთვის მებრძოლ გუნდად სწორედ დე ძერბის ხელში იქცა.
რობერტოს მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩა და თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, ჩავის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატადაც სწორედ ის მოიაზრება.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრაიტონში წარმატება გრანდში გამართლების გარანტი სულაც არ არის, რისი მაგალითიც ჯერ კიდევ ცხელი გვაქვს - გუნდში ასევე დიდებულად მომუშავე გრემ პოტერი ჩელსიმდე დააწინაურეს, თუმცა ინგლისელის კარიერისთვის ეს ამ დრომდე დამღუპველი აღმოჩნდა - ლონდონურ გრანდში მას კარისკენ მალევე მიუთითეს, რის შემდეგაც ის დღემდე უგუნდოდ რჩება.
2. მიკელ არტეტა
გვარდიოლას ერთ-ერთი უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი მოსწავლე, რომელიც პეპთან სიტიში რამდენიმე წლის მანძილზე სწავლობდა, შემდეგ კი არსენალმა დაუძახა და მთავარი მწვრთნელიც გახდა.
ესპანელი სპეციალისტის ხელში არსენალი სულ სხვა გუნდად იქცა - ხელმძღვანელობამ მას პირველი წლების წარუმატებლობები აპატია, ფულის დახარჯვის საშუალებაც მისცა, რამაც საბოლოოდ მეთოფეები ჩემპიონობისთვის სტაბილურად მებრძოლ გუნდად აქცია. გასულ სეზონში, პეპს ეპლ-სთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენციას სწორედ მისი მოწაფე უწევდა და წელსაც, დეკლან რაისით გაძლიერებული არსენალის მიზანი კვლავ ჩემპიონობაა. ცალკე აღნიშვნის ღისია ის ფაქტიც, რომ ესპანელმა არსენალი ექვსსეზონიანი პაუზის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და წელს მერვედფინალური წყევლის გადალახვასაც ეცდება პორტოსთან ორმატჩიან დაპირისპირებაში.
თითქოს, არტეტას არსენალიდან ამ ეტაპზე წასვლა უბრალოდ გამორიცხული უნდა იყოს, რომ არა ერთი საინტერესო დეტალი: თავად ესპანელს აქვს ნათქვამი, რომ წინა სეზონში ჩემპიონობის ხელიდან გაშვების შემდეგ, ზაფხულში ის დიდხანს ფიქრობდა, შესწევს თუ არა ძალა გუნდში დარჩენის და ბრძოლის განახლებისთვის. საბოლოოდ, ის დარჩა, მაგრამ წასვლის ეჭვები რომ უჩნდება, შესაძლოა უკვე იძლეოდეს განგაშის საფუძველს. თანაც, მიკელისთვის ბარსელონური დნმ ნაცნობია - 1999-2002 წლებში ის ბარსას ბ გუნდს ეკუთვნოდა, თუმცა ერთი წელი იჯარით პსჟ-ში იყო, 2002-ში კი რეინჯერსს მიაშურა.
კატალონიურმა გამოცემა Sport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არტეტამ არსენალის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ჯერჯერობით, ეს ინფო არცერთ სხვა წყაროს არ დაუდასტურებია, მაგრამ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ იცოდეთ.
3. ტიაგო მოტა
ბარსელონას კიდევ ერთი ექს-ფეხბურთელი, რომელიც სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე კარგ შედეგებს აჩვენებს და გრანდების ყურადღება მიიპყრო. მწვრთნელობა იტალიელმა პსჟ-ს 19-წლამდელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ იყო ჯენოა (2019), სპეცია (2021-2022) და ბოლონია (2022-დღემდე). ამ უკანასკნელში ტიაგო ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევს და გუნდს აქამდე მიუღწეველი მიზნებისთვის ათამაშებს - 21 ტურის შემდეგ გუნდი 33 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და შედეგები ბოლო ოთხი მატჩია აერია (2 ფრე, 2 მარცხი), თუმცა ერთი პერიოდი ოთხეულშიც იმყოფებოდა.
ტიაგო მოტას გამოჩენა სამწვრთნელო ფეხბურთში უცნაური და რევოლუციური იყო - მან მსოფლიოს თავისი აზრით „მომავლის“ 2-7-2 ტაქტიკა წარუდგინა, რომელიც სიცოცხლეში ჯერ არ მოუყვანია და თავის გუნდებს ძირითადად 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს.
„ბარსელონასთან ჩემი სახელის ასოცირება სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ბოლონიასთან ერთად ამ სეზონში წარმატების მიღწევაზე ვარ კონცენტრირებული.“ - დიდი თანამდებობის დაკავებაზე საუბრებს იტალიელი პროფესიონალურად ირიდებს თავიდან.
4. ჰანსი ფლიკი
ირონიულია, ან ბარსელონას ფანებისთვის მტკივნეული, მაგრამ ბარსას შესაძლო ახალი მწვრთნელების სახელებს შორის გაიჟღერა ჰანსი ფლიკის ვარიანტმაც - მწვრთნელის, რომელმაც კატალონიელებს ამ საუკუნეში (ან საერთოდ ისტორიაშიც) ყველაზე დიდი და მტკივნეული მარცხი აგემა - 2:8 ბაიერნთან.
ფლიკის ბაიერნი დიდებული გუნდი იყო, რომელმაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. თითქოს, ეს ტანდემი ერთმანეთისთვის იყო ზედგამოჭრილი, მაგრამ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტმა გერმანელი ალიანც არენას ჩამოაშორა და იოაჰიმ ლიოვის მრავალწლიანი სკამის (სადაც ფლიკი მისი ასისტენტიც იყო) გათავისუფლების შემდეგ, ჰანსი ნაკრებში დაინიშნა. სამწუხაროდ, ბაიერნივით წარმატებული ეტაპის გამეორება ბუნდესნაკრებში ვერ მოხერხდა და ჰანსი საშინაო ევრომდე 11 თვით ადრე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც გერმანული პრესა წერს, 2021-ში ჩავის დანიშვნამდე, ლაპორტამ ფლიკის მოყვანა სცადა და მხოლოდ გერმანელისგან უარის მიღების შემდეგ შეაჩერა არჩევანი კლუბის ლეგენდაზე. ვნახოთ, იქნებ მეორე ცდა (ფლიკის დაყოლიების) წარმატებული გამოდგეს?
5. რაფა მარკესი
როცა საუბარი ბარსელონას შესაძლო მწვრთნელებზეა, შეუძლებელია სიაში ნახსენები არ იყოს ადამიანი, ვინც იმ მომენტში მეორე გუნდს უდგას სათავეში - გვარდიოლას შემდეგ, მეორე გუნდის მწვრთნელებს ყოველთვის პერსპექტივით უყურებენ. პიმიენტას ვარიანტი არ გამოვიდა (რომელიც ახლა ლას პალმასს წვრთნის), ახლა კი მექსიკელის ჯერია. მითუმეტეს, რომ ის არც ბოლო წლების ტენდენციას დაარღვევს და გუნდში ფეხბურთელად თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს.
მწვრთნელ რაფა მარკესზე ბევრს ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან პროფესიონალურ დონეზე მას ნამუშევარი საერთოდ არ აქვს - ბარსას მეორე გუნდი მან 2022 წლის 14 ივლისს ჩაიბარა და მას მერე, გუნდთან ერთად 61 მატჩიდან 27 მოიგო, 17-ჯერ ფრე ითამაშა, 17-ჯერ კი დამარცხდა (77 გატანილი გოლი და 66 გაშვებული). გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი კი 44.26%-ს შეადგენს, რაც, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ არც ისე სახარბიელო შედეგია.
რაფა მარკესის საყვარელი ტაქტიკა შემტევი 4-3-3-ა, რაც ხელმძღვანელობის სიმპათიების კუთხით ნამდვილად მის წისქვილზე ასხამს წყალს. ვნახოთ, რამდენად გარისკავს ჟოან ლაპორტა კიდევ ერთხელ და ანდობს თუ არა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ბედს ახალბედა სპეციალისტს.
აღნიშვნის ღირსია:
პრესაში გაისმა ასევე სოსიედადის მწვრთნელის, იმანუოლ ალგუასილის სახელმაც, რომელიც ბასკურ კლუბში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და თანაც საკმაოდ წარმატებულად - მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და ინტერს ჯგუფში მოუგო. წინ ალგუასილს კარიერის ერთ-ერთი უდიდესი გამოცდა ელის, როცა მერვედფინალში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.
ლოკალური წარმატებაც არ აგვიანებს - ლა რეალი კოპა დელ რეის ნახევარფინალშია, სადაც მალიორკას ხვდება და ფინალში გასვლის რეალური შანსიც აქვს. მაგრამ, არის ეს ყველაფერი საკმარისი ბარსელონას მწვრთნელობისთვის?
კომენტარები
13 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ
12 საათის წინ