სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის მასპინძელმა კოტ დივუარმა და მისმა ლიდერმა სებასტიან ალემ ჩემპიონობამდე მძიმე გზა გაიარეს.
გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიის, ეკვატორული გვინეისა და გვინეა ბისაუს ნაკრებებთან მოხვდა და წინასწარი პროგნოზებით, წესით პლეიოფში მარტივად უნდა გასულიყო, თუმცა სცენარი სხვაგვარად განვითარდა.
ტურნირი გვინეა ბისაუსთან გამარჯვებით (2-0) დაიწყო, მეორე ტურში კი იყო ნიგერიასთან დაპირისპირება და მარცხი (0-1).
ჯგუფში ბოლო შეხვედრის წინ კოტ დივუარს 3 ქულა ჰქონდა და ეკვატორულ გვინეასთან მოგების შემთხვევაში, რომელთანაც აშკარა ფავორიტი იყო, პლეიოფში მარტივად გადიოდა, თუმცა მონასტერი აქ აირია.
მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და საკუთარი მაყურებლების წინაშე განადგურდნენ. სიტუაცია კი ძალიან გართულდა. კოტ დივუარელებს იმან უშველა, რომ ჯგუფიდან გასვლა ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანსაც შეეძლო, თუმცა გუნდი აქაც გადარჩა, ისინი ამ ცხრილში სწორედ მეოთხე ადგილზე გავიდნენ და პლეიოფის ბოლო მატარებელს გაჰყვნენ.
1/8 ფინალში გაღწევის მიუხედავად ჯგუფურ ეტაპზე ცუდ გამოსვლას ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ჟან-ლუი გასე შეეწირა, ის კი მისმა ასისტენტმა ემერს ფაემ ჩაანაცვლა.
პლეიოფმა კოტ დივუარს მძიმე მეტოქე არგუნა მოქმედი ჩემპიონის, სენეგალის, სახით. მატჩში სწორედ სენეგალელები დაწინაურდნენ, თუმცა 86-ე წუთზე ფრანკ კესიმ თერთმეტმეტრიანის საშუალებით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მასპინძლებმა იმარჯვეს და მოქმედი ჩემპიონები ტურნირს გამოთიშეს.
დრამა აქ არ დასრულებულა. 1/4 ფინალში ფაეს გუნდს მალი შეხვდა. კოტ დივუარისთვის სიტუაცია 43-ე წუთზე დამძიმდა, როცა გუნდი კაცნაკლული დარჩა, 71-ე წუთზე კი მალელებმა გოლი გაიტანეს და თითქოს დასასრულიც ახლოს იყო, მაგრამ სიმონ ადინგრამ 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რის შედეგადაც კიდევ ერთი დამატებითი დრო დაინიშნა. საქმე ისე მიდიოდა, რომ მასპინძლების ბედი კვლავ პენალტების სერიაში უნდა გარკვეულიყო, მაგრამ უმარ დიაკიტემ გადაწყვიტა შეხვედრა იქამდე დაესრულებინა და 122-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო.
ასე და ამგვარად, კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. წინა 2 შეხვედრასთან შედარებით ნაკლები დრამატიზმი ვიხილეთ ამ დაპირისპირებაში, თუმცა ფინალისტის ვინაობა ერთმა ბურთმა გადაწყვიტა. 65-ე წუთზე სებასტიან ალემ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და თავისი ქვეყნის ნაკრები ფინალში გაიყვანა, სადაც მათ ნიგერია ელოდა.
რა თქმა უნდა, ასეთი გავლილი გზის მერე ფინალური დაპირისპირებაც არ უნდა ყოფილიყო მარტივი და ასეც მოხდა, შეხვედრაში ანგარიში სწორედ ნიგერიელებმა გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს, მატჩის მეორე ნახევარში კი კოტ დივუარელებს კიდევ ერთხელ უნდა მოეხერხებინათ, რომ სცენარი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თასი აღემართათ. გუნდმა მისიის შესრულება 62-ე წუთზე დაიწყო, ანგარიში ფრანკ კესიმ გაათანაბრა. 81-ე წუთზე კი მთელ ქვეყანას გმირად კვლავ სებასტიან ალე მოევლინა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
თასი სპილოს ძვლის ნაპირზე დარჩა, კოტ დივუარი კი ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.
ამ გავლილი გზის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი სებასტიან ალე აღმოჩნდა, რომელმაც თავადაც მძიმე პერიოდი გაიარა.
ფეხბურთელს 2022 წლის ივლისში სიმსივნე დაუდგინდა და დროებით ფეხბურთთან ჩამოშორება მოუწია. ალემ დაავადება დაამარცხა და მკურნალობის შემდეგ მოედანს 2023 წლის თებერვალში დაუბრუნდა.
დაბრუნებიდან 1 წლის შემდეგ კი სებასტიან ალე საკუთარ ქვეყანას გმირად მოევლინა და ნაკრები ისტორიაში მესამედ აფრიკის ჩემპიონი გახადა.
ასეთი იყო კოტ დივუარისა და სებასტიან ალეს გავლილი უმძიმესი გზა ჩემპიონობამდე. ეს ისტორია კი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები