Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გუშინდელმა დღემ თუ ჩემპიონთა ლიგის ყურების სურვილი კიდევ უფრო გაგიმძაფრათ, დღევანდელიც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.
პარიზში, სტადიონ პარკ დე პრენსზე, პარი სენ-ჟერმენი კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს.
პსჟ - ბარსელონა
თბილისის დროით 23:00, სტადიონი პარკ დე პრენსი, მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი
უყურე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას adjarabetarena-ზე სრულიად უფასოდ
პსჟ
ლუის ენრიკეს გუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ყველა ტურნირზე მოგების შანსი აქვს - ჩემპიონატს უპირობოდ ლიდერობს, თასის ფინალში გავიდა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ დაპირისპირებასაც, ბარსელონასთან, მცირე, მაგრამ ფავორიტის სტატუსში ხვდება.
ფრანგული კლუბი სიკვდილის ჯგუფიდან, რომელშიც მათ გარდა დორტმუნდი, მილანი და ნიუკასლი იყვნენ, სკანდალით გავიდნენ - ბოლოსწინა ტურში პარიზელებმა ნიუკასლთან შინ ფრე მხოლოდ საკამათო პენალტის დამსახურებით, ბოლო წუთებზე გადაარჩინეს, უკანასკნელ შეხვედრაში კი დორტმუნდთან გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ ფრე ითამაშეს.
შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ იმის ხარჯზე მოხერხდა, რომ პარალელურ შეხვედრაში ნიუკასლმა მილანთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და პარიზელები მეორე ადგილზე "აბობღდნენ".
თუმცა, ამის შემდეგ ენრიკემ თავისი გუნდი სხვანაირად აათამაშა. მართალია, ლიგა 1-ში გუნდი ისევ ხშირად კარგავს ქულებს (მიუხედავად ამისა, 10 ქულით მაინც ლიდერობს), მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, როცა ყველას ეგონა, რომ კერკეტი კაკალი რეალ სოსიედადი მათ დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა, ასე არ მოხდა - კილიან მბაპეს ბენეფისით პარიზელებმა ორივე მატჩი დამსახურებულად მოიგეს და შემდეგ ეტაპზე კითხვების გარეშე გავიდნენ.
მბაპეს თემა ცალკე თეატრია - პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ კილიანი საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო თვეებს ატარებს, ლუის ენრიკე კი მას ხან სკამზე ტოვებს, ხან ადრე გაყავს და ამას იმით ხსნის, რომ მისი ფეხბურთელები მბაპეს გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიონ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ესპანელმა კილიანი ფრანგულ ლე კლასიკშიც კი 65-ე წუთზე შეცვალა, როცა პსჟ 10 კაცით იყო და მარსელს მხოლოდ 1:0-ს იგებდა. მაშინ, ფეხბურთელმა თავისი უკმაყოფილება უკვე საჯაროდ გამოთქვა. საინტერესოა, რამდენად გარისკავს ენრიკე მბაპეს შეცვლას დღეს? ერთ-ერთ სტრიმზე კი იხუმრა, როცა ბარსას ქომაგს უთხრა, 5 მილიონი გადმომირიცხე და საერთოდ არ ვათამაშებო.
პარი სენ-ჟერმენს ყველა ტურნირზე მოქმედი 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - უკანასკნელი მარცხი გუნდმა ჯერ კიდევ 2023-ში, 8 ნოემბერს, მილანთან იწვნია (1:2).
ბარსელონა
კატალონიური კლუბის ყველაზე რეალური შანსი, რომ სეზონი ტიტულის გარეშე არ ჩაამთავროს, სწორედ აქ არის - ჩემპიონთა ლიგაზე. კოპა დელ რეი უკვე დამთავრდა, სადაც ბარსა 1/4-ფინალში მომავალ ჩემპიონ ბილბაოსთან გამოვარდა, ლა ლიგაში კი ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე კატალონიელები რეალს 8 ქულით ჩამორჩებიან. მართალია, საპასუხო კლასიკო ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ ბოლო 3 კლასიკო ბარსას საერთო ანგარიშით 10:2 აქვს წაგებული და მასზე დიდი იმედების დამყარება ჩემპიონობის ჭრილში საეჭვოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩავის გუნდს ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით შედარებით მარტივი ჯგუფი შეხვდა - პორტუ, შახტარი და ანტვერპენი. კატალონიელებმა შემდეგი ეტაპის საგზური მალევე გაინაღდეს და ბოლოს თავს მოდუნების უფლება მისცეს, რითაც შეიძლება აიხსნას ის ჯერ შახტართან და მერე ანტევერპენთან წაგებები.
მერვედფინალში იყო ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია. პირველ მატჩში ნეაპოლში ფრე 1:1 დაფიქსირდა, თუმცა საპასუხოში ბარსამ უმეტესწილად კითხვის ნიშნების გარეშე 3:1 მოიგო და 2020 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
მას შემდეგ, რაც ჩავიმ იანვრის ბოლოს ვილიარეალთან მარცხის შემდეგ, სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა, ბარსელონა არ აგებს - 11 გამართულ შეხვედრაში გუნდმა 3 ფრე ითამაშა და 8 გამარჯვება მოიპოვა.
ურთიერთშეხვედრები
ბარსელონა და პსჟ ამ საუკუნეში ლიგის პლეიოფში მეხუთედ შეხვდებიან.
წინა სამ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ბარსა გავიდა, ერთხელ კი - პსჟ.
2012/13| მეოთხედფინალი, ბარსელონა 3:3 პსჟ - ბლაუგრანა შემდეგ ეტაპზე გასვლაზე გატანილი გოლების წესით გავიდა (2:2 პარიზში, 1:1 კატალონიაში)
2014/15: მეოთხედფინალი - ბარსელონა 5:1 პსჟ
2016/17: მერვედფინალი - ბარსელონა 6:5 პსჟ
2020/21: მერვედფინალი - პსჟ 5:2 ბარსელონა.
ჯამში გუნდებმა ამ საუკუნეში 12 მატჩი გამართეს, რომელშიც 4 გამარჯვება ბარსამ მოიპოვა, 4 პსჟ-მ, კიდე 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა, მუკიელე, მარკინიოსი, შკრინიარი, ერნანდესი, ზაირ ემერი, უგარტე, ფაბიან რუისი, დემბელე, მბაპე, რამოში.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელო, დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი, ლამინი, ლევანდოვსკი, რაფინია.
*მატჩს გადაჭარბებული ყვითლების გამო აშრაფ ჰაკიმი გამოტოვებს.
კომენტარები
1 დღის წინ
13 საათის წინ