Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ელ კლასიკო ალბათ საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. მთელი მსოფლიო ჩერდება, რომ უყუროს ბარსელონას და რეალის მორიგ დაპირისპირებას. ასეთ შეხვედრაში თავის გამოჩენამ შესაძლოა ფეხბურთელის კარიერა სულ სხვაგვარად წაიყვანოს.
ასეთ მატჩში ჰეთ-ტრიკის შესრულება გამორჩეული მიღწევაა, რაც მაგალითად ანდრეს ინიესტას და რონალდინიოსაც კი არ აქვთ გაკეთებული, რომლებმაც სანტიაგო ბერნაბეუს ოვაციები დაიმსახურეს. ის კი არა, კლასიკოს ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირს, კრიშტიანუ რონალდუსაც კი არასდროს გაუტანია ბარსასთვის სამი გოლი ერთ მატჩში.
ბოლო ფეხბურთელი, ვინც ეს მოახერხა - ვინისიუსია, რომელმაც ორიოდე დღის წინ ინიაკი პენია სამჯერ დაამწუხრა.
გავიხსენოთ ბოლო შვიდი ჰეთ-ტრიკი ელ კლასიკოს ისტორიაში:
გარი ლინეკერი
ლინეკერი დღემდე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც კლასიკოში ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული. 1987 წლის იანვარში მისმა გოლებმა ბარსელონას კლასიკოში მძიმე გამარჯვება, 3:2 მოუტანა.
რომარიო
ბრაზილიელმა ლეგენდამ კამპ ნოუზე მხოლოდ ორი სეზონი გაატარა, თუმცა თავი საკმარისად გამოიჩინა - 39 გოლი 65 მატჩში, მათ შორის ჰეთ-ტრიკი რეალთან 1993/94-სეზონში, როცა ბარსამ მეტოქე 5:0 გაანადგურა.
ივან სამორანო
რომარიოს კამპ ნოუს გმირობებიდან ერთ წელიწადში, რეალმა რევანში აიღო, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე ანალოგიური ანგარიშით (5:0) იმარჯვა. ხუთიდან სამი გოლის გატანა სწორედ ინტერის მომავალმა 1+8-ანმა გაიტანა.
ლეო მესი
თავისი მარადიული მეტოქისგან განსხვავებით, ლეო მესი ამ სიაში არის და მეტიც, რჩება ერთადერთ ფეხბურთელად, ვინც ამის გაკეთება ერთხელ კი არა, ორჯერ მოახერხა.
პირველად, მან ჯერ კიდევ თინეიჯერობისას (2007 წელს) კარიერის სადებიუტო ჰეთ-ტრიკით ბარსელონა რეალთან მარცხისგან იხსნა (3:3), როცა სამჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.
იგივეს გამეორება ლეომ 2014-ში, ამჯერად კამპ ნოუზე მოახერხა, როცა 4:3 მოგებულ შეხვედრაში ორი გოლი პენალტიდან შეაგდო და ერთი თამაშიდან.
ლუის სუარესი
2018 წლის ოქტომბერში, როცა რეალში ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ ახალი, ხულენ ლოპეტეგის მოკლევადიანი ერა იწყებოდა, ბარსელონამ სიტუაციით ისარგებლა და მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 5:1. შეხვედრა ტრავმის გამო ლეო მესიმ გამოტოვა, მაგრამ ამან ლუის სუარესს მისცა სცენაზე ასვლის საშუალება, რომელმაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
კარიმ ბენზემა
კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი მატჩი რეალმა შინ 0:1 წააგო, ამიტომ კამპ ნოუზე აუთსაიდერის რანგში ჩავიდა, თუმცა ამან ბენზემას ხელი ვერ შეუშალა - ვინისიუსის ერთ გოლს კარიმმა თავისი სამი მიამატა და რეალმა 2008 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ბარსას კარში ოთხი გოლის გატანა.
ვინისიუსი
რასაც მადრიდელები 15 წელი ვერ ახერხებდნენ, ახლა 3 მატჩში მოახერხეს - ვინის ჰეთ-ტრიკზე ზემოთაც დავწერეთ, მისმა ბენეფისმა რეალს მორიგი ტიტული, ბარსას კი ბოლო სამ კლასიკოში მეორე განადგურება გაუფორმა.
კომენტარები
15 საათის წინ
1 საათის წინ
1 საათის წინ
15 საათის წინ