Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შეიძლება, ბარსელონას გულშემატკივარი სულაც არ იყო, მაგრამ ჩავის ბარსელონადან წასვლა და განსაკუთრებით, წასვლის სტილი, შეუძლებელია ცუდად არ მოგხვდეს.
„ორი წლის წინ მე გამოსავალი ვიყავი. ახლა, არ მინდა რომ პრობლემა გავხდე.“ - ამ სიტყვებით, ჩავიმ ვილიარეალთან მორიგი მტკივნეული დარტყმის მიღების შემდეგ, გუნდიდან სეზონის ბოლოს წასვლა გამოაცხადა. მისი ბარსელონური პერიოდი ერთი შეხედვით უცნაური გამოვიდა, მაგრამ მომავალი მწვრთნელისთვის ბევრის მომასწავლებელი უნდა გახდეს.
გადავეშვათ ორი წლით უკან
„ჩავის დაბრუნება - ბარსელონას გადარჩენაა“.
სწორედ ასეთი ნარატივით იწყებს ლაპორტა თავის წინასაარჩევნო კამპანიას. დაპირებები მესის შენარჩუნებაზე, ჩავის მოყვანის აუცილებლობაზე საუბარი და ხაგზასმა, რომ ბართომეუს პერიოდს საშინელი სიზმარივით გააქრობს (რა თქმა უნდა, იმ მომენტების გარდა, როცა ექს-პრეზიდენტის ხსენება მას ფინანსური სირთულეების წარმოსაჩენად დასჭირდება).
ჩავის წილად რონალდ კუმანის დაშლილი შემადგენლობა ხვდება. გუნდში თამაშობენ ახალგაზრდები: გავი, არაუხო (ჯერ ტოპ დონეზე არ ასულები), ნიკო გონსალესი და ოსკარ მინგესა. ფული არ არის. ლაპორტას დაპირებული ზამთრის გაძლიერებაც ვერ გვხიბლავს: ფერან ტორესი, ადამა ტრაორე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, გადაბერებული დანი ალვეში. ჩავი, სიტუაციიდან გამომდინარე, ამ პირობებს თანხმდება.
ჩავი ადაპტირდება და შედეგსაც აჩვენებს. არა, ბარსა არ ხდება უმალვე დიდებული, მაგრამ კლასიკოში რეალის განადგურება - სეზონის მთავარი ჰაილაითია, სადაც ესპანელმა იტალიელი კარლო ანჩელოტი აშკარად დაჩაგრა. გუნდი სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს, მწვრთნელი კი, ღიმილიანი სახით ხაზს უსვამს, რომ გაძლიერება სჭირდება. ლაპორტა მხოლოდ გაძლიერებას კი არა, რევოლუციას პირდება.
სინამდვილეში კი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლაპორტამ უკვე დახარჯა მთელი ბიუჯეტი, თანაც არა იმ ფეხბურთელებში, რომლებსაც ჩავი ითხოვდა.
ნათელი მაგალითი - რაფინიაა. ჩავის მისი შემადგენლობაში სასწრაფოდ ინტეგრაცია დასჭირდა, თანაც უსმან დემბელეს გათვალისწინებით, რომლის გარშემოც, თავიდანვე იგეგმებოდა პროექტის აშენება. ჩავი უსმანს კილიან მბაპეს მასშტაბის ვარსკვლავად მიიჩნევდა, უბრალოდ სწორი მიდგომის გამონახვა იყო საჭირო და იცით რა? მან ეს შეძლო. უსმანი ჩავის ხელში ბრწყინავდა.
რაფინია - ლაპორტას ბარსას კლასიკური ტრანსფერია. მშვენიერი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდში სისტემის და ამჟამინდელი შემადგენლობის ნიუანსების გათვალისწინების გარეშე მოყვანილი. მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ ასეთი „ცარიელი“ ტრანსფერების განხორციელებისას, გუნდი ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ვერ აძლიერებს პრობლემურ ზონებს, ყველაზე ცუდ ვარიანტში კი - უკან ნაბიჯს დგამს გადაწყობის საჭიროების გამო.
პირველად, დემბელემ წასვლა 2022-ს ზაფხულში გადაწყვიტა. მაშინვე ფრანგის გაშვება - ჩავის იდეების დაღალატებას ნიშნავდა. მაგრამ, ბარსამ ის გაუშვა და რაფინია დაიმატა. მხოლოდ მაშინ, როცა უსმანმა გაიაზრა, რომ ჩავის გარდა არავის არ სჭირდებოდა, ლაპორტასთან დაბრუნდა და ნებისმიერ თანხაზე იყო თანახმა.
დემბელესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, ბარსამ ამბიციები გამოავლინა (თითქოს ტოპ-ფეხბურთელებს იკრობს), კლუბმა კვლავ გაიმარჯვა - ეს იყო ხელმძღვანელობის ნარატივი. პრობლემა ამ დროს ის არის, რომ ლიდსთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. რაფინია მოდის, არადა გუნდში არის დემბელეც. ერთი წლის შემდეგ, დემბელე კვლავ დააღალატებს ბარსას და ჩავის (რაც ორმაგად მტკივნეულია, რადგან მწვრთნელს მისი ბოლომდე სჯეროდა).
მეორე მაგალითი - რობერტ ლევანდოვსკი. კონკრეტულად ჩავის ის არაფერში არ სჭირდებოდა. მწვრთნელს სავსებით აკმაყოფილებდა ობამეიანგი (რომელიც სქემასაც გაცილებით უკეთ ერგებოდა). მაგრამ ლაპორტას ლევანდოვსკი სწყუროდა, ბარსასთვის ახალი მედია გმირი (ესპანური მედია ხშირად წერდა, რომ პრეზიდენტი პოლონელის ტრანსფერს, პირველი მოსვლის დროს რონალდინიოს მოყვანას უტოლებდა).
მარკეტინგული ვარსკვლავის გამოჩენა კლუბის შემოსავალს ზრდის. ლაპორტას ბრმად სჯერა, რომ გუნდს ასეთი ვარსკვლავი უნდა ჰყავდეს, მაგრამ პრეზიდენტს ორი რაღაც გამორჩა: პირველ რიგში, დღესდღეობით, ნებისმიერი კლუბი რეკლამით ფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილს შოულობს, მეორე კი - სუპერვარსკვლავი საფეხბურთო კუთხით ყველაფერს არ უნდა აფუჭებდეს. მითუმეტეს, ესპანეთში ძალიან პოპულარულია პედრი, რომლისგანაც ვარსკვლავის გამოძერწვა დამატებითი ხარჯების გარეშეც შეიძლებოდა.
ჩავის კვლავ მორგება მოუწია: თავიდან ბარსა პირდაპირ რობერტზე თამაშობდა, ის ბევრ გოლს იტანდა, მაგრამ ზამთარში მწვრთნელმა ამაზე უარი თქვა და შეტევაში საინტერესო კვადრატი შექმნა, რამაც ლევანდოვსკის შედეგიანობაზე იმოქმედა. დღეს, ლევანდოვსკი ბარსას უფრო ვნებს, ვიდრე შედეგს აძლევს. მაშინაც კი, როცა მატჩის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის (ბეტისი, ლას პალმასი, ვილიარეალი), ჩავი პოლონელს ცვლის.
ერთი სიტყვით, ლევანდოვსკი იყო არა ჩავის სურვილი, არამედ პრეზიდენტის მორიგი ახირება.
ასეთ პირობებშიც კი, ჩავიმ ჩემპიონობა მოიგო. ბევრმა ეს ტიტული ტერ შტეგენის კარგ ფორმას მიაწერა, მაგრამ ეს ასე არ არის. ბარსა თამაშებში ტერიტორიულად და ბურთის ფლობით დომინირებდა. უბურთოდ მოქმედებაში საიმედოობას კი გუნდი აქტიური პრესინგით აღწევდა, ეს ყველაფერი ჩავიმ დაალაგა. ერთადერთი მინუსი - გადამეტებული პრაგმატიზმია და ხშირად, ბურთის ფლობა ბურთის ფლობის ხათრით. იმის გათვალისწინებით, რამდენჯერ დაკარგა ჩავიმ ტრავმის გამო პედრი და დე იონგი, რომლებიც მეტწილად პასუხისმგებლები იყვნენ კრეატივზე, მწვრთნელის გაგება ამაშიც შეიძლება.
ევროთასებზე ჩავარდნები რეალობას გვისწორებდა თვალს: ჩავი არ არის აბსოლუტური ტოპი, მაგრამ მის გუნდს ლა ლიგა შემთხვევით ნამდვილად არ მოუგია (და არც მეკარის გამო, რომელიც მართლაც დიდებული კი იყო). თუმცა, როგორც გამოვიდა, სწორედ ამ ტიტულმა დაასამარა ჩავის სამწვრთნელო კარიერა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.
ბევრს ავიწყდება, რომ 2023-ს ზაფხულში ბარსელონადან წავიდნენ ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და უსმან დემბელე. ჩავის სტრუქტურის სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ვეტერანებს ხელფასის დაუჯერებლად შემცირებას სთხოვდნენ და მათ წასვლა არჩიეს. შემცვლელები: ორიოლ რომეუ (იაფიანი, ერთგული, კლუბის აღზრდილი), 16 წლის ლამინ იამალი (კლუბის აღზრდილი) და ალექს ბალდე (ამ სეზონში ძალიან მოუკლო), ჩავის გაუჭირდა.
მწვრთნელი ჯიუტად საყრდენს ითხოვდა, ჩავის სურვილი სოსიედადიან მარტინ სუბიმენდი იყო, რომელსაც თავის ახალ ბუსკეტსად მიიჩნევდა, ლაპორტა კი უმეორებდა, რომ ფული არ არის. ზაფხულის ბოლოს კი, ჟოაო ფელიქსი და ჟოაო კანსელო მოიყვანა, რომელთა გამოც, სხვათაშორის, ჩავის ორივე ფლანგზე სტრუქტურის დანგრევა მოუწია.
ფელიქსი კატეგორიულად აკრძალულია გუნდებისთვის, რომლებსაც პრესინგი უყვართ. ჩავიმ პორტუგალიელს საკმარისად მისცა შანსი, მაგრამ მისი მიდგომის დანახვის შემდეგ, სიმეონეს დასკვნამდე მივიდა: ჟოაო - ზარმაცია. კანსელო თავდაპირველად მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და მან დიდი მატჩებიც ჩაატარა, მაგრამ ჩავის გადაწყობები მაინც უწევდა.
წინა სეზონში, ბარსას ორი ნომინალური და ერთი ფარული ცენტრალური მცველი ეყენა მარჯვნივ (კუნდე). ახლა ამ ფლანგზე გამოჩნდა თავისუფალი მხატვარი, რომელიც, ნომინალურად, მცველია. აქ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძლიერი, მაგრამ პრაგმატული გუნდის ქაოტურად გადაქცევისკენ, რომელსაც მეტოქის 5:0 განადგურების ბევრად მეტი შანსი ექნება (გაიხსენეთ ბარსას პირველი მატჩები პორტუგალიელების მოსვლის შემდეგ), მაგრამ დისტანციაზე გაცილებით ნაკლებად სტაბილური იქნება, რაშიც თავადაც დავრწმუნდით.
ასეთ პირობებშიც კი, ბარსა ღირსეულად გამოიყურებოდა. Understat-ის დათვლებით, მოსალოდნელი ქულებით (xPoints) გუნდი ახლაც პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო, რადგან ცუდი რეალიზაციის გამო რვა ქულით ნაკლები დააგროვა, ვიდრე ეკუთვნოდა.
არა, ეს ციფრები იმას არ ამბობს, რომ ბარსა საჩემპიონო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ საჩემპიონო და ამჟამინდელ სეზონებს შორის არც ისეთი გიგანტური განსხვავებაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წინა სეზონში იყო პრაგმატული გუნდი, რომლის სასარგებლოდაც მცირე დეტალები სრულდებოდა. ამ სეზონში კი, ბარსა არის უფრო გახსნილი, უფრო დალაგებულად უტევს, მაგრამ ფეხბურთელები ვერ იყენებენ მომენტებს, კარში კი ტერ შტეგენის ნაცვლად პენია დგას.
ჩავიმ საჩემპიონო ბრძოლა წააგო (თითქმის) მატჩებში, სადაც ბარსა როგორც მინიმუმ მეტოქეზე ცუდად არ გამოიყურებოდა: ვილიარეალთან, ოქტომბრის კლასიკოში (1:2), სადაც რეალს თამაში ჯუდის მაგიამ შემოატრიალებინა, ჟირონასთან (2:4), სადაც გიუნდოგანმა ორი მეტრიდან ვერ გაიტანა. ატლეტიკოსთან (1:0) გუნდს პრობლემები დიდად არ შექმნია. ჩავის ერთადერთი დიდი ჩავარდნა ამ სეზონში - სუპერთასის ფინალია, როცა რეალმა მეტოქე უშანსოდ გაანადგურა, მაგრამ ეს ერთი ცუდი სხვა კარგს მთლიანად ვერ გადაფარავს.
ბარსა ლა ლიგაში ლიდერებს შორის არის, გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში. ჩავიმ გადაიტანა ლევანდოვსკის ჩავარდნა, პედრის ტანჯვა და გავის გაწყვეტილი მყესები, ტერ შტეგენის გამოკლება, ახლა არაუხო და კუნდე არიან საშინელ ფორმაში, ფული კი არ არის. ისე გამოდის, რომ ზამთარში გუნდში ვიტორ როკე მოდის. ბოდიშით, მაგრამ ვინ არის ვიტორ როკე? ის ამ ეტაპზე არც მარკ გიუს სჯობს და არც ექტორ ფორტს, რომელთა დაყენებაც ჩავის ალტერნატივების ნაკლებობის გამო უწევდა.
ამასთან, ჩავის შემადგენლობის შერჩევისას სრული თავისუფლება არ ჰქონია. სამაგალითო ისტორიაა ჟირონასთან დეკემბრის მარცხის შემდგომი მოვლენები. მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში არაუხოს, გიუნდოგანის და ლევანდოვსკის დასვენებას აპირებდა, მაგრამ ლაპორტა ჩაერია. Mundo Deportivo-ს ცნობით, 2.8-მილიონიანი საპრიზოს გამო, რომელიც კლუბს ანტვერპენთან მოგების შემთხვევაში ეკუთვნოდა, პრეზიდენტმა საბრძოლო შემადგენლობით გასვლა მოითხოვა. გუნდმა 2:3 წააგო.
პრესკონფერენციაზე ჩავი ლიდერების ამ მატჩზე წაყვანას ასე ხსნის: „მონაწილეობა ყველას წაადგება. ფეხბურთელები განაცხადში იმიტომ მოხვდნენ, რომ ჩვენ მატჩის შემდეგ, ანტვერპენში კიდევ ერთი დღის გატარება გადავწყვიტეთ. გეგმა შეიცვალა, მაგრამ გუნდისთვის კარგი იქნება, ყველა ერთად რომ შევიკრიბებით.“
სანამ ლაპორტა გადაწყვეტილებებს იღებს, ჩავი დარტყმას თავად იგერიებს. ჩავი პრეზიდენტის ფარი იყო.
„ბარსელონაში მუშაობის შეგრძნებები ძალიან სასტიკი და უსიამოვნოა, უპატივცემლობას გრძნობ. ძალიან გიზიანდება ფსიქიკური ჯანმრთელობა, სულიერი მდგომარეობა - იმ დონემდე, რომ საკუთარ თავს ეუბნები, გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩემმა ახლობლებმა ეს კარგად იციან.
ეს ამ კლუბში ყველას დამართნია. აქ ადგილობრივი ფერგიუსონი ვერასდროს ვერ იქნება.“ - წასვლის გამოცხადების შემდეგ, ჩავიმ თავს გულწრფელობის უფლება მისცა.
ეს სიტყვები კრიტიკულად მართალია. ჩავის ბარსაში მუშაობის მანძილზე, მას მუდმივად გვარდიოლას ადარებდნენ. მაგრამ, ის ვერ იქცა პეპად. ჩავიმ ბარსელონა შეაფხიზლა, ბარსელონამ კი ჩავი უბრალოდ დაფრქვა.
ჩავი ამბობს, რომ არ სურს, ბარსასთვის პრობლემად იქცეს, მაგრამ ეს ვერასდროს ვერ მოხდებოდა.
ბარსელონას მთავარი პრობლემა - კრიზისულ პერიოდში მისი გადამეტებული მოლოდინებია. ეს მხოლოდ ლაპორტას არ ეხება. ამჟამინდელი გუნდისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი - წარმატება იქნებოდა და ეს სირცხვილი არ არის. ეს რეალობაა, რომლის მიღებაც, ბარსას არაფრის დიდებით არ უნდა.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ