Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დანიელე დე როსიმ რომა ჟოზე მოურინიოს ნაცვლად, ნახევარი წლით ჩაიბარა.
„ემოციები იმისგან, რომ ჩვენს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა შემეძლება, ენით აღუწერელია.“ - ხარობს იტალიელი. „ყველამ იცის, რას ნიშნავს ჩემთვის რომა, მაგრამ სამუშაო, რომელიც ყველას გველის, უკვე დაწყებულია. არც დრო გვაქვს და არც არჩევანი: კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.“
დანიელე რომას 2019 წელს დაემშვიდობა, მისი ღია წერილი კი კლუბისადმი სიყვარულით აღის გაჟღენთილი:
„ბავშვობის ფოტოს რომ ვუყურებ, ვხვდები, რამდენად გამიმართლა. ეს იღბალია, რომელსაც არასდროს ვიღებდი როგორც რაღაც ჩვეულებრივს, მაგრამ ამასთანავე, ვერასდროს გადაგიხდით მადლიერებით. ხანგრძლივი გზა გამოვიდა, დაძაბული მომენტებით და საინტერესო მოვლენებით აღსავსე. ამ კლუბისადმი სიყვარული არასდროს არ დამიკარგავს. არასდროს, არავის არ ეყვარები ჩემზე მეტად, ჩემო ძვირფასო რომა. მალე შევხვდებით.“
ეს შეხვედრა კი, არასრულ ხუთ წელიწადში, მართლაც შედგა.
ბავშვობაში, დე როსი ნაკრებს მხოლოდ ევროზე ან მუნდიალზე ქომაგობდა, შესარჩევის მატჩებს არც კი უყურებდა. მისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო რომა, მაგრამ კლუბში მოხვედრა პატარა დანიელესთვის მარტივი არ ყოფილა. მისი საფეხბურთო გზა რომაულ ოსტიაში დაიწყო, რომლის ბაზაც დე როსის სახლთან ახლოს იყო.
საყვარელ კლუბამდე კი მან მხოლოდ 2000-ში მიაღწია და უკვე 2001 წლის 30 ოქტომბერს, ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი - ჩემპიონთა ლიგაზე, ანდერლეხტთან.
2003 წლის იანვარში შედგა მისი დებიუტი სერია ა-ში, მაისში კი, ტორინოს წინააღმდეგ, სადებიუტო გოლიც შეაგდო.
20 წლის ასაკში დანიელე სასტარტოს უცვლელი წევრი გახდა. 2004-ში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლუიშ ფიგუსთან მოუწია დაპირისპირება.
2006 წლის მაისში, უეფას თასზე მიდლსბროსთან მან პირველად მოირგო გუნდის კაპიტნის სამკლაური.
„მადლობას ვუხდი ტოტის. მე სამკლაური ძმის ხელიდან მივიღე, ის უდიდესი კაპიტანია. ამ გუნდის მაისურით მასზე დიდი ფეხბურთელი არავინ მინახავს.“ - აღნიშნა დანიელემ მატჩის შემდეგ.
2006 წლის მუნდიალზე, დე როსიმ ამერიკელ მაკბრაიდს იდაყვი ჩაარტყა, წითელი და მოგვიანებით, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო: „ლიპი გასახდელში მასზე ძალიან ბრაზობდა, დანიელემ კი თქვა: „ბოდიშს ვუხდი ყველას. ჩავისვარე და შესაბამისადაც დავისაჯე.“ - იხსენებდა მემუარებში ტოტი. „როცა დისკვალიფიკაციის ვადა შეიტყო, ის იმდენად იყო განადგურებული, რომ უმალვე სახლში უნდოდა წასვლა, მაგრამ როგორც უფროსი მეგობარი, ჩავერიე და ახალი შეცდომისგან დავიცავი.“
პირლომ დე როსი სასოწარკვეთიდან ამოიყვანა - მასთან ერთად სეირნობდა, ხუმრობდა და ამ ამბავს ავიწყებდა. დანიელემ მაშინ მუქარები მიიღო. „საშინელებებს წერდნენ მშობლებზე. დანიელეს ეს ძალიან რთულად გადაჰქონდა. ის გახსნილი ბიჭია, მაგრამ მაშინ არავის ნახვა არ უნდოდა. ოთხი მატჩი თამაშგარეში მას მაშინ სამუდამო პატიმრობად ეჩვენებოდა.“ - მოგვიანებით წერდა ანდრეა ავტობიოგრაფიაში.
საბოლოოდ, იტალიელებმა 2006 წლის მუნდიალი მოიგეს. დე როსი ფინალის მეორე ნახევარში მოედნაზეც გამოჩნდა და პენალტების სერიაშიც არ დააღალატა გუნდი.
„ჩემთვის პენალტების გვერდიდან ყურება უფრო რთული იქნებოდა, როცა არანაირი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა ჩემზე.“ - მოგვიანებით ახსნა დე როსიმ. „თანაც, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პენალტებს კარგად ვურტყამ. აცილების შემთხვევაში ძალიან გამაკრიტიკებდნენ, მაგრამ საკუთარი თავის არ შემრცხვებოდა. პენალტის დარტყმის რომ შემშინებოდა, უფრო იმის გამო ვიქნებოდი შერცხვენილი და გულდაწყეტილი.“
2007 წლის მაისში დე როსიმ იტალიის თასი მოიგო რომასთან ერთად - ფინალის მეხუთე წუთზე ინტერს მან გოლი თავად გაუტანა.
იმავე წლის აგვისტოში მოვიდა იტალიის სუპერთასიც - კვლავ ინტერთან მატჩში, დე როსის გოლმა რომას კიდევ ერთი ტიტული მოუტანა.
2008 წლის 24 მაისი - იტალიის თასის მეორედ მოგების დღეა. დე როსის თასი ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად უკავია.
დანიელე დე როსი - 2008/09-სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი
2018-ში რომამ ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი ქამბექი შეასრულა: 1:4 წაგების შემდეგ სახლში 3:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. დე როსიმ 1+1 მიითვალა.
2018 წლის სექტემბერში დე როსიმ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია - მე-600 მატჩი რომაში, პირველი ტოტის შემდეგ.
2019 წლის მაისში ჩატარდა დე როსის ბოლო მატჩი რომაში, სახლში პარმას წინააღმდეგ. „ეს ხანგრძლივი და დაძაბული თავგადასავალი იყო.“ - მოკლე შეჯამება ლეგენდისგან.
რომას ფანებმა იტალიელი გამოსამშვიდობებელი ბანერით გააცილეს
ტოტიც ძალიან წუხდა
კიდევ ნახევარი წელი მან ბოკა ხუნიორსში ითამაშა და კარიერაც დაასრულა
შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა: დე როსი მოგებულ ევრო 2020-ზე რობერტო მანჩინის შტაბში იყო.
2022-ში დანიელე პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი, როცა სერია ბ-ს სპალი ჩაიბარა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა: გუნდი მე-14 ადგილზე ჩაიბარა, ოთხი თვის შემდეგ კი, 18-ზე ჩამოსვლის შემდეგ, გაუშვეს.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ