Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, 22 იანვარს, საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის კულმინაცია გაიმართება - ერთმანეთს ფინალურ დაპირისპირებაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი და მომავალი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი, ინტერი დაუპირისპირდებიან.
ნაპოლი
მიმდინარე სეზონი ვალტერ მაცარის გუნდისთვის ძალიან არასტაბილური გამოდის - გუნდში გათავისუფლების პირას უკვე მეორე მწვრთნელი დადგა, ჩემპიონთა ლიგის მომტანი მეოთხე ადგილის დაკავება კი ამ ეტაპზე ოცნებას ჰგავს.
თავიდან, ყველაფერი რუდი გარსიას ბრალდებოდა, თუმცა ვალტერ მაცარის დანიშვნის შემდეგ გამოჩნდა, რომ მხოლოდ მწვრთნელის ბრალეულობა აქ ნამდვილად არ არის, რადგან ბევრი ფეხბურთელი წინა სეზონის აჩრდილია (იგივეს თქმა, გარკვეულწილად, კვარაზეც შეიძლება), ზოგი კი საერთოდ ისე წავიდა (კიმი), რომ მისი შემცვლელი, როგორც მინიმუმ იგივე დონის, არავინ მოიყვანეს.
საბოლოოდ, ნაპოლის ეს ამერიკული მთები ცხრილში მე-9 პოზიციაში გარდაისახა, თუმცა გუნდი ოთხეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და თამაშის გამოსწორების შემთხვევაში, ამისთვის ბრძოლის უნარი ნამდვილად შესწევს.
ვინ იცის, იქნებ იტალიის დღეისთვის ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდთან ფინალის მოგებამ, ნეაპოლური გუნდის სეზონი სულ სხვა გზით წაიყვანოს და ბარსელონასთან მერვედფინალური დაპირისპირების წინ, საჭირო მუხტიც მისცეს.
ინტერი
სიმონე ინძაგის გუნდზე კარგის მეტი ამ სეზონში არაფერი ითქმის - თუ წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ბევრმა წილისყრის იღბალს მიაწერა, წელს მსგავსს ვერავინ, ვერაფერს იტყვის. ინტერი 20 მატჩში 16 მოგებით, 3 ფრით და ერთადერთი მარცხით ცხრილის ნომინალური ლიდერია (იუვეს 1 ქულით და 1 მატჩით მეტი აქვს) და ბუკმეიკერების აზრით, ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტიც სწორედ ნერაძურია, თუმცა ალეგრის გუნდი ინძაგის შორს გაქცევის და მშვიდად ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს.
ევროპის ტოპ ლიგებში ამ ეტაპზე რთულად თუ მოიძებნება ინტერზე სტაბილურად და კარგად მოთამაშე გუნდი - ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა მეორე ადგილი კი დაიკავა, რის გამოც დაისაჯა და მერვედფინალში ატლეტიკო შეხვდა, მაგრამ ეს მეორე ადგილიც გუნდს მხოლოდ ფრეების და ბურთების სხვაობის გამო ერგო, თორემ წაგება მილანელებს არც ამ ტურნირზე ჰქონიათ.
საბოლოოდ ისე ჩანს, რომ მატჩის აშკარა ფავორიტი, ბუკმეიკერებისთვისაც და ხალხისთვისაც - ინტერია, მაგრამ იტალიური ფებურთი და ზოგადად ფინალებიც იმიტომ გვიყვარს, რომ ცალკეულად აღებულ ერთ მატჩში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მითუმეტეს, როცა ინტერს ისეთი ვარსკვლავი შეუტევს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.
განვლილი გზა:
მოგეხსენებათ, ამ სეზონიდან იტალიის სუპერთასის ფორმატი შეიცვალა და ამ ტურნირზე წინა სეზონის პირველ და მეორეადგილოსნები და ასევე, იტალიის თასის გამარჯვებული და ფინალისტი მოხვდნენ.
ნაპოლიმაც და ინტერმაც ნახევარფინალი დამაჯერებლად, ერთნაირი ანგარიშით 3:0 მოიგეს. მაცარის გუნდმა ფიორენტინას არ დაუტოვა შანსი, ინძაგისამ კი - ლაციოს.
ურთიერთშეხვედრები:
ამ სეზონში, ნაპოლის და ინტერის გზები ჯერჯერობით ერთადერთხელ, დიეგო მარადონას სტადიონზე, 3 დეკემბერს გადაიკვეთა, როცა ინტერმა დამაჯერებლად 3:0 იმარჯვა.
ისტორიულად, ეს გუნდებს შორის 172-ე შეხვედრა იქნება. წინა 171 მატჩიდან ნაპოლიმ 50 მოიგო, ინტერმა 77, 44 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა:
მილანურ გუნდს საქართველოს ნაკრების ლიდერი კარიერაში 3-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - წინა სეზონში, 3:1. დარჩენილი ორი შეხვედრა ინტერის გამარჯვებით დასრულდა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 27 მატჩის ჩატარება მოასწრო - 5 გოლი გაიტანა, 5 ასისტი მიითვალა და 5 ყვითელი ბარათიც მიიღო.
ციფრები:
ნაპოლის ისტორიის სუპერთასი ისტორიაში 2-ჯერ აქვს მოგებული, ინტერს კი - 7-ჯერ
დღეს ინტერს იტალიის სუპერთასის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი აქვს - თუ ასე მოხდა, ნერაძური მილანის შემდეგ ისტორიაში პირველი გუნდი გახდება, რომელმაც აღნიშნული ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა
იტალიის სუპერთასს, როგორც წესი, სკუდეტოს მოქმედი მფლობელები იგებენ ხოლმე - ასე წინა 35 შემთხვევიდან 24-ჯერ მოხდა
იტალიის თასის მფლობელებმა სუპერთასის მოგება წინა 35 შემთხვევიდან მხოლოდ 9-ჯერ შეძლეს. აქედან ორი მოგება ინტერს ეკუთვნის
იტალიის თასის მფლობელს ზედიზედ ორჯერ სუპერთასი არასდროს არ მოუგია
ნაპოლი და ინტერი სუპერთასზე ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან
ნაპოლის ამ სეზონში პირველად ზედიზედ სამი მატჩის მოგების შანსი აქვს
ინტერმა ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში პირველ ტაიმში მოახერხა მეტოქის კარის აღება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნაპოლი: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, მაძოკი, კაჯუსტი, ლობოტკა, რუი, კვარაცხელია, პოლიტანო, სიმეონე
ინტერი: ზომერი, პავარი, აჩერბი, ბასტონი, ჩალჰანოღლუ, ბარელა, მხითარიანი, დარმიანი, დი მარკო, ტურამი, მარტინესი.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ