Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლის წინ მედიასთან ისაუბრა:
"ეს დიდი ბრძოლაა, მე დიდი გამოწვევა მაქვს ჰენრი სეხუდოს სახით, მაგრამ ეს ჩემთვის მორიგი ბრძოლაა, მე პროფესიონალი ვარ და ჩემთვის ყოველი ბრძოლა ძალიან სერიოზულია, განსაკუთრებით UFC-ში."
"თუ სეხუდო მომიგებს, ის ტიტულისთვის იბრძოლებს, რადგან ის ჩემპიონი იყო და სტერლინგთან გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მას დიდი სახელი აქვს და ძალიან კარგი მებრძოლია. თუ წააგო, რა თქმა უნდა, ის უბრალო ბრძოლებს არ გააგრძელებს, ამას დრო სჭირდება. მას ოჯახი ჰყავს, ფული აქვს. მას მხოლოდ ოქროსთვის ბრძოლა უნდა. თუ წააგებს, რა თქმა უნდა, კარიერას დაასრულებს, რადგან ამ ეტაპზე დაბრუნებას დრო დასჭირდება, ამიტომ ის ფაქტებით საუბრობს. ან ყველაფერი ან არაფერი - ის ამ მენტალიტეტით იბრძოლებს, რაც საშიშია. მოსაგებად ყველაფერს ეცდება, მაგრამ ასე ვიქნები მეც, რადგან ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა არასდროს მომცემია და ეს ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობა იქნება."
"ჰენრისთან ბრძოლაში ნებისმიერი რაუნდი რთული იქნება. ხუთრაუნდიანი დაპირისპირება რომ იყოს, ჩემთვის მეოთხე და მეხუთე რაუნდები უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ სამ რაუნდში ჰენრი საშიშია, ამიტომ კონცენტრირებული ვიქნები. ის მენტალურად ძლიერია და იცის, რომ უნდა დამამარცხოს, სხვა შემთხვევაში ის დასრულებულია. მას ჩემი დამარცხება და ქამრისთვის ბრძოლა უნდა. ასე იყო ჩემი და ჟოზე ალდოს შემთხვევაშიც, თუ მომიგებდა, მას ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლო, მაგრამ მე ის დავამარცხე."
"ჰენრი ჩემზე უკეთესი მოჭიდავეა, მას ოლიმპიური ოქრო აქვს. ჭიდაობის წესებით ის მომიგებს, მაგრამ MMA-ში მის წინააღმდეგ კარგი შანსები მაქვს, ეს ბრძოლაა და აქ სულ სხვა წესებია. მე ბრძოლაზე ვიქნები კონცენტრირებული და არა მის წაქცევაზე, ეს MMA არის და არა ჭიდაობის ტურნირი ან ოლიმპიადა."
"ალჯომ (სტერლინგი) კარგი რჩევები მომცა. მან მითხრა, რომ ჩემს სტილს მივყვე და ბრძოლაში ჩემი თავი ვიყო. მზადებისას ჩემი თავის გაუმჯობესებაზე ვიყავი კონცენტრირებული და არა ჰენრის შესწავლაზე, რა თქმა უნდა, მისი სტილი შევისწავლე, მაგრამ ბრძოლაში მე ჩემი თავი უნდა ვიყო."
მერაბმა ქართველებისთვის ამ ღონისძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"ეს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ილია თოფურია ქამრისთვის, მე კი სატიტულო შანსისთვის ვიბრძვი. ყველა ქართველი აღტაცებულია. ისინი ბრძოლების ყურებას დიდ ეკრანებზე აპირებენ, ვინც ამერიკაშია კი დარბაზში მოსვლას აპირებს, ხალხი სხვა ქვეყნებიდანაც მოდის. მე და ილიას ერთმანეთის წარმატება გვიხარია. ის ამას იმსახურებს, ის ბევრს შრომობს, ძალიან ჭკვიანი და ძლიერია. ეს კი ჩემთვის მორიგი გამოწვევაა. მე სატიტულო შანსს აქამდეც ვიმსახურებდი და დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ და ამის კონტროლი არ შემიძლია. სეხუდოსთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ამის შემდეგ ისევ დავილაპარაკებთ."
ბოლოს დვალიშვილმა გულშემატკივრებს ქართულად მიმართა:
"გენაცვალეთ ქართველებო, ძალიან ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ეს საღამო აუცილებლად უნდა იყოს ჩემი და ილიას გამარჯვების დღე და ჩვენი ერთად ზეიმის დღე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ილიაც. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა, ამას ვგრძნობ."
მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს UFC 298-ზე 18 თებერვალს დაუპირისპირდება, იმავე ივენთზე ილია თოფურია ქამრისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეებრძოლება.
ფოტოების ავტორი: ლაშა კუპრაშვილი
კომენტარები
10 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ