Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის საბრძოლო ღამის მთავარ ივენთზე ერთმანეთს რომან დოლიძე და ნასურდინ იმავოვი დაუპირისპირდებიან.
სანამ უშუალოდ ბრძოლაზე გადავალთ, მცირედით დივიზიონში არსებულ სიტუაციას შევეხოთ.
UFC-ის საშუალო წონაში სიტუაცია უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დივიზიონის უცვლელი მეფის, ისრაელ ადესანიას, ტახტი ჯერ ალექს პერეირამ დაიკავა, თუმცა იზიმ მალევე მოახერხა ტიტულის დაბრუნება. ამის შემდეგ მალევე საშუალო წონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა, ისრაელ ადესანიას ტიტული შონ სტრიკლენდმა წაართვა. თვითონ შონი კი ორი კვირის წინ სამხრეთ აფრიკელმა დრიკუს დუ პლესმა დაამარცხა და ნანატრი ქამარიც მოირგო.
MMA-ში რთულია გადაჭრით ითქვას, რა არის ხელსაყრელი, მაგრამ სიტუაცია რაც უფრო აირევა, წესით და რიგით, მეტ შანსს მიიღებს რომან დოლიძე, რომელიც საშუალო წონაში ქართველი გულშემატკივრებისთვის მთავარი თემაა.
4 თებერვალს UFC-ის საბრძოლო ღამეს რომანის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნასურდინ იმავოვი იქნება. წარმოშობით რუსი მებრძოლი (12-4) მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში 2020 წლიდან იბრძვის და მისი მონაგარი 7 ბრძოლაში 4 მოგება, 2 მარცხი და ერთიც ე.წ. no contest-ია. მისი რეზიუმედან გამოსარჩევია ფილ ჰავესი, ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი, ხოაკინ ბაკლი და კრის კურტისი. სწორედ ამ უკანასკნელთან ბრძოლა გამოცხადდა no contest-ად, ხოლო სტრიკლენდთან და ჰავესთან იმავოვი გადაწყვეტილებებით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იგივე ჰავესი რომანმა 2022 წელს ბრუტალურად დაანოკაუტა.
ნასურდინ იმავოვი საკმაოდ დაბალანსებული მებრძოლია, მას ხიფათის შექმნა შეუძლია როგორც დგომში, ასევე პარტერში. სწორედ ამას მოწმობს მის კარიერაში დაფიქსირებული 5 ნოკაუტი და 4 საბმიშენი. საბოლოოდ, იმავოვის 16 ბრძოლიდან 10 ვადაზე ადრე დასრულდა, მათ შორის ის დამარცხებულა მახრჩობელა ილეთით და შეიძლება სწორედ ეს იყოს ამ ბრძოლისთვის რომანის გასაღები, რომელიც ამ წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ გრეპლერად ითვლება.
თავის მხრივ, რომანი (12-2) გარდა ძალიან ეფექტიანი გრეპლინგისა, გამოირჩევა უმძიმესი დარტყმებით, სწორედ ამის შედეგია მის კარიერაში დაფიქსირებული 7 ნოკაუტი და 3 საბმიშენი. დოლიძემ ბოლოს გასული წლის მარტში იბრძოლა და მსაჯთა გადაწყვეტილებით იტალიელ მარვინ ვეტორისთან დამარცხდა.
შეჯამების სახით რომ ითქვას, გულშემატკივრები დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ, რომელშიც მძიმე დარტყმებიც გაიცვლება და სავარაუდოდ ბრძოლა პარტერშიც გადავა, სადაც, მიუხედავად იმავოვის დაღესტნური წარმოშობისა, შეიძლება ითქვას, რომ რომანი უფრო ძლიერია.
ქართველ მაყურებლებს კი რომან დოლიძის გულშემატკივრობა 4 თებერვლის დილის 4 საათიდან შეგვეძლება, სწორედ ამ დროს იწყება UFC-ის საბრძოლო ღამის მეინ ივენთი.
კომენტარები
3 დღის წინ
9 დღის წინ
3 დღის წინ
14 დღის წინ