მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებისგან გამოწვეული ემოციები და სიამაყის გრძნობა ქართველ გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს გაგვყვება. ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი გააკეთა, რომ ისტორიული შედეგისთვის მიეღწია და ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში სამუდამოდ შესულიყო.
ეროვნული გუნდის ყველა ფეხბურთელს თავისი ისტორია აქვს თუ როგორ მოვიდა აქამდე, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი კაცის გამორჩევა მსურს.
საქართველოს ნაკრებს პირველ ევროპის ჩემპიონატზე გურამ კაშიამ უკაპიტნა, თანაც როგორ.
კაშიამ ევრო 2024-ზე ჩატარებულ 4 მატჩში ჯამში 33-ჯერ განმუხტა სიტუაცია საკუთარ კართან, 27-ჯერ დაუბრუნა ბურთი გუნდს და ამ ყველაფერს 6 ვარდნაც დაამატა, ამ მაჩვენებლებით კი მოწინავეთა შორის ადგილიც დაიკავა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
გურამ კაშიას როლს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით ვერ შევაფასებთ. მისი როლი იმაზე დიდია, ვიდრე უბრალოდ საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ან მეტოქისთვის ბურთის წართმევა და ფეხებში ვარდნა.
გურამის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2009 წელს შედგა, როცა ნაკრების დღევანდელი სხვა ლიდერები 7-8 წლის ბავშვები იყვნენ და ჯერ კიდევ ოცნებობდნენ, რომ ფეხბურთელები გამოსულიყვნენ.
მას შემდეგ 15 წელი გავიდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი გზა გაიარა. იყო უამრავი იმედგაცრუება, ხალხში უიმედობა სუფევდა, შიგადაშიგ იყო პატარა სასიხარულო გამონათებებიც, რაც ქართველ გულშემატკივარს უსაზღვრო პესიმიზმის მორევიდან ექაჩებოდა, გადის წლები და მოვედით დღემდე, როცა თბილისის მთავარი მოედანი სავსეა გულმხურვალე გულშემატკივრებით, რომელთაც ქართველი ფეხბურთელებისთვის მადლობის გადახდა სურთ.
ქართულმა ფეხბურთმა 15 წელიწადში ბევრი რამ ნახა, ამ ყველაფრის განუყოფელი და მუდმივი ნაწილი კი გურამ კაშიაც იყო, რომელიც ყოველთვის სტაბილურად და საიმედოდ იცავდა საქართველოს ღირსებას. ამასობაში კი მას ეროვნული გუნდის მაისურით 117 მატჩი დაუგროვდა და ამ მხრივ ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენიც გახდა, მასზე მეტჯერ საქართველოს მაისური არავის მოურგია.
კაშია თავისი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი მიდგომით ყოველთვის იყო სამაგალითო სპორტსმენი, ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად კი მისი ერთგვარი პასუხისმგებლობა ნაკრებშიც იზრდებოდა, რადგან ის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო, გურამს კი არასდროს უღალატია თავისი სპორტული პრინციპებისთვის და ბოლომდე თავისი საქმის ერთგული დარჩა, რაც ამ ასაკში ასეთ კარგ თამაშშიც აისახა.
კაშია არ მალავდა, რომ მისი მთავარი საფეხბურთო ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა იყო, რაც მის საფეხბურთო თავდადებაშიც იგრძნობოდა.
ყველას გვახსოვს 26 მარტს ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ გურამის რეაქცია. ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრებისეული ნატვრა ახდა და ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს გაუძღვებოდა. გაუძღვებოდა, თანაც როგორ...
კაშიამ ფეხბურთისადმი თავის მიძღვნით არა მარტო ქართული ფეხბურთის ლეგენდის სტატუსი მოიპოვა. მან დიდი კვალი დატოვა ნიდერლანდურ ფეხბურთშიც და არნემის ვიტესის უპირობო ლეგენდა გახდა. კლუბის ისტორიაში ერთადერთი ტიტული ხომ სწორედ ქართველი კაპიტნის აწეულია. არნემელებმა კი ეს ყველაფერი გურამს უკვდავი შეძახილით დაუფასეს და მადლობა მათ ამისთვის, რადგან ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე აღარ არსებობს ნაკრების არცერთი მატჩი, როცა ერთხელ მაინც არ მოგვინდება სიმღერა...
"გუ-რამ კაშია, გურამ კაშია!
გუ-რამ კაშია, გურამ კაშია!"
დღეს კი 4 ივლისია, რაც იმას ნიშნავს, რომ გურამ კაშია 37 წლის გახდა. მას კი ერთ რამეს ვეტყოდი:
"ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! ჩვენი მძიმე მგზავრობა ჯერ არ დასრულებულა..."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 საათის წინ
4 საათის წინ
4 საათის წინ
6 საათის წინ