Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დორტმუნდის ბორუსიამ პსჟ დაამარცხა და ფინალში გავიდა, რომელიც 1 ივნისს უემბლიზე ჩატარდება.
უემბლი ლიგის ფინალს 11 წლის შემდეგ ისევ უმასპინძლებს. 2013 წელს ლონდონში ერთმანეთს სწორედ ბორუსია და ბაიერნი დაუპირისპირდნენ. ის მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. გოლები მარიო მანჯუკიჩმა, ილქაი გიუნდოგანმა და არიენ რობენმა გაიტანეს.
2024 წელსაც შესაძლოა ანალოგიური ფინალი ვიხილოთ. მეორე 1/2 ფინალურ წყვილში უემბლის საგზურისთვის რეალი და ბაიერნი იბრძვიან. მადრიდელები შეეცდებიან, რომ 11 წლის შემდეგ გერმანული კლასიკის რემატჩს ხელი შეუშალონ.
2013 წლის შემდეგ დეკადაზე მეტი გავიდა, დორტმუნდის იმ შემადგენლობიდან კი 2 მოთამაშე ისევ მიიღებს ამ ფინალში მონაწილეობას.
საუბარია მარკო როისსა და მატს ჰუმელსზე.
როისი მაშინ 23 წლის ბიჭი იყო, რომელმაც მარიო გიოცესთან და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად დიდებული ტრიო შეკრა და მათთან ერთად ბორუსია ლიგის ფინალში გაიყვანა. იმ ფინალის შემდეგ ის ტრიო დაიშალა, გერმანელი და პოლონელი მეტოქე ბაიერნში გადავიდნენ, როისი კი დორტმუნდელთა ერთგული დარჩა და უკვე მე-12 წელია ყვითლების ღირსებას იცავს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი გერმანელისთვის ბორუსიას შემადგენლობაში ბოლო მატჩი იქნება. ასე რომ მთელი დორტმუნდი შეეცდება, რომ თავის ლეგენდას ღირსეული და დაუვიწყარი გაცილება მოუწყოს.
მეორე მოთამაშე მატს ჰუმელსია, რომელიც 11 წლის შემდეგ კვლავ ყვითელ კედელს იცავს, თუმცა მის შემთხვევაში კარიერა სხვანაირად განვითარდა. ცენტრალური მცველი 2016 წელს ძველი თანაგუნდელების მსგავსად (გიოცე, ლევანდოვსკი) მიუნხენის ბაიერნში გადავიდა და 3 წელი რეკორდმაისტერის რიგებში ასპარეზობდა, შემდეგ კი ის ისევ ბორუსიაში დაბრუნდა და უკვე 5 წელია დორტმუნდელთა დაცვას ამაგრებს.
ყველაფერთან ერთად ჰუმელსი საოცარ ფორმაშია, პარი სენ-ჟერმენთან ორივე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში 35 წლის ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მეორე შეხვედრაში კი საერთოდაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
ასე და ამგვარად, მარკო როისი და მატს ჰუმელსი 11 წლის შემდეგ უემბლის იმ მიზნით უბრუნდებიან, რომ ახლა განსხვავებული შედეგი დადგეს.
კომენტარები
1 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ