Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მესის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი - კაცი, რომელმაც ბარსას ამ საუკუნეში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა.
ფრანკ რაიკაარდი სამწვრთნელო სამყაროში ხმაურიანად შემოვარდა - ნიდერლანდებთან ერთად ევროს ნახევარფინალი ითამაშა, ბარსელონას კი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. თუმცა, უკვე ათი წელია აღარ მუშაობს. რატო?
და საერთოდ, რა ბედი ეწია კაცს, რომელსაც თვით ლეო მესი ასახელებს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად?
რაიკაარდს სრული სიმშვიდე აქვს: პროექტების სიმცირეს არ უჩივის, მაგრამ პუბლიკას და ფეხბურთს ერიდება
თავის დროზე რაიკაარდმა კარგი ინვესტიციები გააკეთა ამსტერდამში უძრავ ქონებაზე - თანაც, დროულად, სანამ იჯარაზე ფასები და მოთხოვნა გაიზრდებოდა. წერენ, რომ მას სასტუმრო ბიზნესიც აქვს. ასე რომ, საცხოვრებლად ხელფასიდან ხელფასის ლოდინი ნამდვილად არ უწევს.
ფრანკმა მესამედ იქორწინა - საკუთარი შვილის ძიძაზე. ზედმეტ ყურადღებას არ საჭიროებს, მაგრამ საჯარო სამსახურიც გააჩნია.
2013 წელს რაიკაარდი ფლორიდაში მონტვერდეს აკადემიის ამბასადორი გახდა, სადაც ფეხბურთის სავარჯიშო ცენტრი გაიხსნა. ერთი წლის შემდეგ კი თქვა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა: "60 წლამდე მუშაობას არ ვაპირებ. კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რასაც მივაღწიე. ახლა მინდა, თავი სხვა რაღაცებს მივუძღვნა. ფეხბურთის ყურებას და განხილვას გავაგრძელებ, მაგრამ მწვრთნელობა აღარ მინდა" თუმცა, 2015 წელს, იმდროისთვის პოპულარული ტვიტერ-ექაუნთი Barcastuff რაიკაარდის სხვა სიტყვებს ციტირებდა: „ბარსელონას კვლავ გაწვრთნა გამიხარდებოდა, ეს კლუბი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია."
2016-ში თავად რაიკაარდმა De Telegraaf-ს უთხრა, რომ მწვრთნელობა აღარ უნდა. აი, რატომ: „იმიტომ, რომ ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები დავისახე. მაგალითად: ყოველდღიურად ვუყურებდე და ვტკბებოდე იმით, როგორ იზრდებიან ჩემი შვილები. ასე სხვა დონის ამბიციებისგან ვიღებ სიამოვნებას. შესაძლოა, ერთ დღეს ფეხბურთში მუშაობისთვის მზად ვიქნები - იქ, სადაც მასში სრულად ჩაფლობა არ მომიწევს. თუმცა, ეს მწვრთნელობა ნამდვილად აღარ იქნება." ნიდერლანდებში, მას შემდეგ, რაიკაარდის მწვრთნელობაში ჩათრევას არავინ აღარ აპირებს - იციან, რომ უარს იტყვის. 2017 წელს, მას აიაქსში სადამკვირვებლო საბჭოში სამუშაოდ ეძახდნენ, თუმცა არც ამას დათანხმდა.
პუბლიკაზე რაიკაარდი საკმაოდ იშვიათად ჩნდება, მაგრამ პერიოდულად, რუდ გულიტთან ერთად, ამსტერდამში „კროიფ კორტის" მოედნებს ხსნის ხოლმე. 2022 წლის 21 სექტემბერს ის იოჰან კრუიფის 75 წლის იუბილეს მიძღვნილ სამიტზე გამოჩნდა, უმცროს კრუიფთან და რონალდ კუმანთან ერთად.
ჭაღარაშეპარებული და მომღიმარი რაიკაარდი უკვე ნაკლებად ჰგავდა იმ ჩაფიქრებულ და კონცენტრირებულ კაცს, რომელიც თავის დროზე ბარსელონას წვრთნიდა.
2024 წლის იანვარში Marca წერდა, რომ ჩავის წასვლის დადასტურების შემდეგ, ჟოან ლაპორტა ბარსას მთავარ მწვრთნელად რაიკაარდის დანიშვნას აპირებდა, მის ასისტენტად კი - მარკო ვან ბასტენის. იწერებოდა, რომ ლაპორტას ფრანკთან ძველი მეგობრობის ხათრით, დადებითი პასუხის იმედი აქვს.
სოცქსელებში ხშირად შეიძლება გადააწყდე დისკუსიებს იმასთან დაკავშირებით, რატომ აღარ წვრთნის რაიკაარდი. ერთ-ერთი მოსაზრება ასე ჟღერს: ფრანკი ყოველთვის ინტროვერტი იყო და არანაირი სურვილი აღარ აქვს, იმ დონის სტრესში კვლავ დაბრუნდეს. საინტერესოდ ჟღერს და თან, სიმართლესაც ჰგავს - რაიკაარდი საერთოდ გაქრა თვალთხედვის არედან და მედიაშიც ნაკლებად ჩანს.
ის თავადაც ამბობს: "არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყოველთვის რთულია იდგე ოთახის შუაში - მირჩევნია, ზურგით კედელს მივეყრდნო და დავაკვირდე."
რაიკაარდი ფეხბურთს თვალს ადევნებს, ჩემპიონთა ლიგას უყურბეს და ზოგჯერ აიაქსის თამაშებს ესწრება. საფეხბურთო თემაზეც ლაპარაკობს, მაგრამ უფრო მეგობრებთან, სატელევიზიო ანალიტიკოსის კარიერა ნიდერლანდებს ასევე ნაკლებად ხიბლავს.
„სიმართლე გითხრათ, მწვრთნელად თავი ნაკლებად მიმაჩნია. დაახლოებით 16 წელი ვაკეთებდი იმას, რაც დიდად არ მიხდება, მაგრამ სულ მზად ვიყავი მეყურებინა მატჩები და ვიდეოანალიზები ჩამეტარებინა. ბევრს ვმუშაობდი, ყოველთვის გულით და სულით." - ამბობდა რაიკაარდი Helden-თან ინტერვიუში.
გადავეშვათ 30 წლით უკან
1995 წლის გაზაფხულზე რაიკაარდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პატრიკ კლუივერტს გაატანინა, რომელმაც მილანს ერთადერთი გოლი გაუტანა - აიაქსმა ეპოქის უდიდესი ტიტული მოიგო, თავად ფრანკმა კი კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.
რამდენიმე წლით ბიზნესში წავიდა, შემდეგ გუს ჰიდინკის ნიდერლანდების ნაკრების შტაბში გამოჩნდა. საშინაო ევრო 2000-ს წინ, ჰიდინკი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეც შეცვალა და ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიიყვანა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
შემდეგი გამოცდილება უფრო რთული გამოვიდა. როტერდამის სპარტა რაიკაარდთან ერთად 2001/02-სეზონში ჰოლანდიური ელიტიდნა გავარდა: 34-დან მხოლოდ ოთხი მატჩი მოიგო და 75 გოლი გაუშვა.
მიუხედავად ამისა, რაიკაარდს ბარსელონაში დაუძახეს. იმ პერიოდში ფრანკი ბევრად უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა წიგნს, რომელიც საბოლოოდ არც გამოვიდა: „როგორ ვმართოთ საფეხბურთო კლუბი". პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა და იოჰან კრუიფის რჩევით, ჯერ გუს ჰიდინკს ეძახდა, შემდეგ კი რონალდ კუმანს. დიდი იოჰანის რჩევით, სიაში მესამე სწორად რაიკაარდი იყო.
პირველ სეზონში ბარსა კინაღამ გასავარადნ ზონამდე ჩავარდა, თუმცა რაიკაარდმა გუნდი ჯერ მეორე ადგილზე ამოწია, შემდეგ კი ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ყველაზე მაღალი წერტილი ფრანკის კატალონიური კარიერის - 2005/06-სეზონზე მოდის, რომელშიც გუნდმა არსენალს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 0:1-დან 2:1 მოუგო.
შემდეგ სეზონში ბარსამ იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენიც საჩემპიონო მადრიდის რეალმა, თუმცა ჩემპიონატი ურთიერთშეხვედრებით წააგო, 2008-ში კი ჩემპიონ რეალს 18 ქულით ჩამორჩა და მე-3 ადგილზე გავიდა.
ორმა უტიტულო სეზონმა და რეალთან 1:4 განადგურებამ რაიკაარდის ბარსელონური კარიერა დაასრულა.
ამის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლას ერა დაიწყო.
დრო ბარსას შემდეგ: მხოლოდ ორი თანამდებობა, კლუბი და ნაკრები
რაიკაარდი გალათასარაიში წავიდა, რომელთან ერთადაც 2009/10-სეზონში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ, თურქეთის ჩემპიონი სენსაციურად ბურსასპორი გახდა, ფრანკი კი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც კი ვერ გავიდა - მეორეადგილოსან ფენერბაჰჩეს 9 ქულით ჩამორჩა.
ჰოლანდიელი დარჩა, მაგრამ მცირე დროით - შემდეგ სეზონში, გალათასარაი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოდან კარპატებმა გამოაგდო, ჩემპიონატის რვა მატჩში გუნდმა 4 წააგო, რის გამოც ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გალას ამან ნაკლებად უშველა - სეზონი გუნდმა მაინც მერვე ადგილზე დაასრულა.
თავად რაიკაარადი აზიაში ემიგრაციისთვის ემზადებოდა
2011 წლის ზაფხულში მან საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბარა, თუმცა იქაც არაფერი გამოუვიდა. გუნდი 2014 წლის მუნდიალის კვალიფიკაციაში ჰონკონგს გასცდა, მაგრამ მესამ ერაუნდში ფეხი დაუცდა. საუდელებს ჯგუფში ომანისთვის და ტაილანდისთვის მაინც უნდა ეჯობნა, რომ ავსტრალიასთან ერთად შემდეგ ეტაპზე გასულიყო.
ნაცვლად ამისა, საუდის არაბეთმა მხოლოდ ტაილანდს მოუგო, ომანთან კი ორჯერ ნულოვანი ფრე ითამაშა, ავსტრალიასთან გადამწყვეტ მომენტში კი 2:1 მიყავდა და 2:4 წააგო. პარალელურ მატჩში ომანმა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გაძვრა. 2014 წლის მუნდიალის დაწყებამდე ორი წლით ადრე, საუდის არაბეთმა მასზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
რაიკაარდი მომდევნო ზამთრამდე დატოვეს, თუმცა როცა გუნდი არაბეთის თასზე ერაყთან და კუვეიტთან დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა, 2013 წლის 16 იანვარს, რაიკაარდი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნიდერლანდელის ბოლო სამწვრთნელო საქმიანობა იყო.
და მაინც - არსებობს ფრანკის ფეხბურთში დაბრუნების იმედი, თუ უკვე არა? მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს:
„უნდა იყოს ვინმე ძალიან ახლო, რომ მთხოვოს. მაგრამ, მირჩევნია მიფარებულში დავრჩე და ვიყო ისე, რომ არავინ არ იცოდეს. თუ ვინმეს ჩემი აზრი აინტერესებს - გახსნილი ვარ და შემიძლია ვთქვა ყველაფერი, გულწრფელად ლაპარაკი მიყვარს. თუმცა, ამას ჩემით არასდროს არ ვეძებ - ვინმემ უნდა მკითხოს."
კომენტარები
27 წუთის წინ
2 დღის წინ
14 საათის წინ