Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჩვენი მეტოქეები ფინეთის, სერბეთისა და დანიის ნაკრებები იქნებიან.
23 თებერვალს კი პირველ თამაშს ჩვენი გუნდი დანიაში გამართავს.
ახალ ეტაპს სიახლეებით ხვდება საქართველოს ნაკრები. ილიას ზუროსის 7-წლიანი მუშაობის შემდეგ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს ალექსანდარ ჯიკიჩის სახით. ის ნაკრების ისტორიაში მე-2 სერბი თავკაცი იქნება. 2008-დან 2015 წლამდე გუნდს იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა.
ამასთან ნაკრები დაემშვიდობა ლეგიონერ ტად მაკფადენს, მის ნაცვლად კი გუნდის ღირსებას 30 წლის ჯო ტომასონი დაიცავს.
ჩვენი გუნდი თამაშისთვის შემდეგი შემადგენლობით ემზადება: ოთარ ფხაკაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რევაზ როგავა, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე ფევაძე, დავით კაკუშაძე, თორნიკე შენგელია, ჯო ტომასონი, ბექა ბექაური, გიორგი ოჩხიკიძე.
რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის დროს თანაგუნდელებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე, თუმცა უნდა გვქონდეს სხვა ლიდერების იმედი. საუბარია თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინზე.
შენგელია მიმდინარე რეგულარულ სეზონში ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში საშუალოდ 14.9 ქულას, 5.4 მოხსნას და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
შერმადინის სტატისტიკა კი ტენერიფეში ასეთია: 11.9 ქულა, 5.3 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა.
მოკლედ, შენგელია-შერმადინის დუეტმა მეტოქეთა სამწამიანში წესითა და რიგით დიდი პრობლემები უნდა შექმნას.
ახალმა ლეგიონერმა ჯო ტომასონმა სეზონის პირველი ნახევარი გრანადაში გაატარა და შემდეგი სტატისტიკა დააფიქსირა: 14.1 ქულა, 3.4 მოხსნა, 3.4 შედეგიანი გადაცემა. ახლა კი ის კარიერას მაკაბი თელ-ავივში აგრძელებს.
გუნდში თავისი ბოლო მატჩებისთვის ემზადება გიორგი ცინცაძე, რომელიც 26 თებერვალს სერბეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურს ბოლოჯერ მოირგებს, შესაბამისად ბოლო თამაშებში ბუს იმედი კვლავ უნდა გვქონდეს. მისი საშუალო შედეგი თსუ-ს შემადგენლობაში შემდეგია: 12.6 ქულა, 3.7 მოხსნა, 6.5 შედეგიანი გადაცემა.
რაც შეეხება მეტოქეს, დანიის ნაკრებიდან ორი სახელის გამორჩევა შეიძლება: იფე ლუნდბერგი, რომელიც ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია და შევონ შილდსი, რომელიც ასევე იტალიაში, ოლიმპია მილანოში თამაშობს, თუმცა ეს უკანასკნელი თავის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება და დანიელები მხოლოდ ლუნდბერგის იმედზეღა არიან დარჩენილები.
ასე რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე გასვლისთვის ბრძოლას 23 თებერვალს დანიაში დაიწყებს. მატჩი ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება. 26 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თბილისში სერბეთს მიიღებს.
ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
კომენტარები
3 თვის წინ
3 თვის წინ
1 თვის წინ
3 თვის წინ