Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ დარჩება საიმედო დაცვის ერთ-ერთ პირველ ასოციაციად.
სამწუხაროდ, ცუდი მიზეზი გვაქვს, მაგრამ დროა, ლეგენდარული კაიზერი საინტერესო ისტორიით გავაცილოთ.
ფრანცის მშობლები ბრაზობდნენ, როცა მან სადაზღვეო ფირმა ფეხბურთის გამო მიატოვა და შესუსტებულ ბაიერნს მიაშურა
ფრანც ბეკენბაუერი, ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მცველია. სწორედ მან მოახდინა დაცვის რევოლუცია ლიბეროს პოზიციაზე და ერთადერთი მცველი გახდა, რომელმაც ორი ოქროს ბურთი მოიგო. ის ყოველთვის მაგალითი იყო იმის, თუ როგორ უნდა უდგებოდე დაცვას.
უკვე 13 წლის ასაკში, ფრანცმა არასაბავშვო მიზანდასახულობა გამოავლინა. ის კლუბ მიუნხენ 1906-ში ვარჯიშობდა, რომელიც 1950-იანებში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გრანდი იყო, მაგრამ აკადემიის შენახვა, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო. ფინანსური პრობლემების გამო, ხელმძღვანელობამ საკუთარი აღზრდილების მიუნხენ 1860-სთვის გადაცემაზე მოილაპარაკეს, რომელიც იმ დროისთვის ქალაქში ყველაზე ცნობილი გუნდი იყო.
თუმცა, ეს შეთანხმება უშუალო მატჩმა დაარღვია: ახალგაზრდული ტურნირის ფინალში 1860-ის ბიჭები ისე უხეშობდნენ, რომ საქმე ჩხუბამდე მივიდა. ფრანცს ყურში ისე ძლიერად მოხვდა, რომ მან საკუთარი მომავალი მოედანზევე გადაწყვიტა - თუ სხვა გზა არ არის, უნდა წასულიყო სხვა გუნდში, თუნდაც უფრო სუსტში. გასახდელში მას თანაგუნდელებმაც დაუჭირეს მხარი და მომდევნო თვესივე, ყველა ერთად ბაიერნს ვარჯიშზე მიაწყდნენ.
ახლა ეს ყველაფერი რთული დასაჯერებელია და წასაკითხადაც თვალს გიჭრით, მაგრამ მაშინ, ბაიერნი ბუნდესლიგაშიც კი არ მიიწვიეს, რომელიც 1963 წელს დაარსდა. ფრანცის მშობლებს ამ კლუბის იმდენად არ სჯეროდათ, რომ ძალიან ბრაზობდნენ, როცა შვილმა, ფეხბურთზე კონცენტრაციისთვის, სადაზღვეო კომპანიის უფროსი სტაჟიორის თანამდებობა მიატოვა.
სულ მალე, ისინი დამშვიდდნენ, იმიტომ რომ ბეკენბაუერი ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ ის უმალვე რაღაც ისტორიაში გაეხვა.
მისი 18 წლის მეგობარი გოგონა დაორსულდა და როცა შეიტყო, რომ ფრანცი მასზე ქორწინებას არ აპირებდა, შურისძიება გადაწყვიტა. განრისხებულ მშობლებთან ერთად, გოგონამ გფრ-ს მთავარ საფეხბურთო ხელმძღვანელობამდე მიაღწია, რომლებმაც, ისტორიის მოსმენის შემდეგ, ბეკენბაუერს ნაკრებში თამაში უღირსი ქცევის გამო აუკრძალეს. თუმცა, ფრანცს გაუმართლა: ნიჭიერ ბიჭს გუნდის მთავარი მწვრთნელი, დეტმარ კრამერი გამოექომაგა, რომელმაც ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ისინი უდიდესი ფეხბურთელისთვის კარიერის დანგრევის ზღვარზე დგებიან.
ნელ-ნელა, ყველაფერი დალაგდა: 19 წლის ასაკში ბეკენბაუერს ბაიერნის ძირითად გუნდში, შეტევის მარცხენა ფრთაზე ჰქონდა დებიუტი, 20 წლის ასაკში კი მან კლუბი ბუნდესლიგაში გაიყვანა და გფრ-ის ნაკრებშიც მოხვდა. დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა: გამარჯვება შვედეთთან 2:1, 1966 წლის ინგლისის მუნდიალის საგზური და ფრანცის შეტევაში თამაშით აღფრთოვანებული გულშემატკივრები.
22 წლის ასაკში მან თასების მფლობელთა თასი მოიგო, კიდევ ერთ წელში კი ფრანც როტმა, ზეპ მაიერმა და გერდ მიულერმა ის ბაიერნის კაპიტნად აირჩიეს - გუნდის, რომელშიც მან საბოლოოდ 19 წელი გაატარა და 427 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ფრანცმა ლიბეროს პოზიცია სრულყოფილებამდე მიიყვანა, მსოფლიო ჩემპიონატი კი მესამე ცდაზე მოიგო
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბეკენბაუერისთვის თითქმის გრანდიოზული გამოვიდა - ჯგუფში მან შვეიცარიას ორი გოლი გაუტანა და გფრ-ს ესპანეთის დამარცხებაში დაეხმარა. შემდეგ, მეოთხედფინალში ურუგვაი დაამწუხრა, ნახევარფინალში კი - ასევე ლეგენდარული ლევ იაშინი. თუმცა, ტურნირის მთავარი მატჩი წარუმატებელი გამოვიდა: ინგლისის ნაკრებმა, რომელშიც ჯეფ ჰერსტი (სამი გაიტანა) და ბობი ჩარლტონი (უბრალოდ გენიალური იყო) ბრწყინავდნენ, დამატებით დროში 4:2 მოიგო. მოგვიანებით, ფრანცი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ლამაზად აიღებს: „მათ მხოლოდ იმის ხარჯზე მოიგეს, რომ ბობი ჩარლტონმა ბევრად მაჯობა, სულ ეს არის.“
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბეკენბაუერისთვის გრანდიოზული ვერ გამოვიდა
გფრ-ის ნაკრებმა ჯგუფში სამი მოგებით მეოთხედფინალი გაინაღდა, სადაც ინგლისის ნაკრებს შეხვდა, რომელთან რევანშსაც ოთხი წელი ნატრობდა. ძირითად დროში გერმანიამ 0:2-დან თამაშში დაბრუნება შეძლო, რაში წვლილიც ფრანცსაც მიუძღვის, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა. დამატებით დროში, გადამწყვეტი გოლი გერდ მიულერმა გაიტანა და მთელი რესპუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა. ნახევარფინალში გფრ-ს იტალია ელოდა და გუნდებმა მოაწყვეს სანახაობა, რომელსაც დღემდე საუკუნის მატჩს ეძახიან - 1:1 ორი ტაიმის შემდეგ, 5 გოლი დამატებით დროში და ლეგენდარული 4:3 იტალიის სასარგებლოდ. თამაში ასევე ცნობილია ბეკენბაუერის ლეგენდარული ფოტოთი, რომელიც ხელგადახვეული თამაშობდა - მან მხარი ამოიგდო, მაგრამ მოედანი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვა, შემდეგ კი დაბრუნდა და მატჩი გმირულად ჩაამთავრა.
ფრანცის დრო, როგორც იქნა, 1974-ს მუნდიალზე დადგა
60-იანების ბოლოს, ბაიერნში მან პირველად ითამაშა ლიბეროს პოზიციაზე. მაგრამ, არა კლასიკური, არამედ მოდერნიზებული ლიბეროს - ბეკენბაუერი არამარტო აზღვევდა თავის მცველებს და ასუფთავებდა მათ შეცდომებს, არამედ შეტევაშიც საკმარისად ერთვებოდა. ამის შთაგონება მან იტალიის ნაკრების და ინტერის მარცხენა მცველისგან, ჯაჩინტო ფაკეტისგან მიიღო, რომელიც მთელ ფლანგს ფარავდა და აბსოლუტურად ყველგან იყო.
ფრანცი ასეთი სათამაშო სტილის მოედნის ცენტრში რეალიზებაზე ოცნებობდა და ამ შეშლილმა იდეამ კლუბში მალევე გაამართლა, ნაკრებში კი, მწვრთნელი ჰელმუტ შენი მას ამხელა რისკზე წასვლის უფლებას არ აძლევდა. პირველად, მან ლიბეროს პოზიციაზე 1972-ს ევროს ფინალურ სტადიაზე ითამაშა, როცა გფრ-მა სსრკ-ს ნაკრებს ფინალში 3:0 მოუგო, წლის შედეგად კი, ფრანცი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. „ფაკეტიმ შთამაგონა ეს იდეა. მე დიდი თავგადასავლის სულისკვეთება ვიგრძენი.“ - აღნიშნავდა ბეკენბაუერი.
საშინაო მუნდიალზე, ის უკვე ნაკრების კაპიტანი იყო და გასახდელში მაქსიმალურად მკაცრად იქცეოდა.
ამ ტურნირზე, გფრ-ს ნაკრები ფინალამდე დიდწილად ბეკენბაუერის არაორდინალური სათამაშო სტილის გამო მივიდა, რაც სხვა გუნდებში გაოცებას იწვევდა. ნიდერლანდებთან მატჩი, სადაც ცალკე მნიშვნელობა ენიჭებოდა პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელის - ბეკენბაუერის და კროიფის დაპირისპირებას - გფრ-მა 2:1 მოიგო. ოქროს ბურთი კროიფს მისცეს, მაგრამ ფრანცს გერმანიაში წლის საუკეთესოს ჯილდო ერგო. მეორე ოქროს ბურთს კაიზერი სულ რამდენიმე წელიწადში მაინც მოიგებს.
ფრანცი აშშ-ში ტრანსფერის გამო შეიძულეს
ბეკენბაუერი აშშ-ში ფულის საშოვნელად ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, სანამ ეს მეინსთრიმი გახდებოდა. 1977-ში მას 32 წელი შეუსრულდა და ის ნიუ-იორკ კოსმოსში გადავიდა, რითაც ყველა ძალიან გააღიზიანა. რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ აქამდე, ფრანცი გულშემატკივრებისგან მხოლოდ ულიმიტო სიყვარულს და კაიზერის (გერმანული იმპერიის იმპერატორი) წოდებას იღებდა.
ბეკენბაუერის თქმით, ეს მეტსახელი 1968 წელს გაჩნდა. მაშინ, ერთ-ერთმა გამოცემამ ფეხბურთელის სურათი ყოფილი ავსტრიელი იმპერატორის, ფრანც იოსიფის ძეგლის ფონზე გამოაქვეყნა და დააწერა: საფეხბურთო იმპერატორი.“ სხვა ვერსიით, ეს წოდება ფრანცმა 1969-ში, გფრ-ის თასის ფინალის შემდეგ დაისაკუთრა, როცა შალკეს ერთ-ერთი ლეგენდა, რაინჰარდ ლიბუდა, მეტსახელად „ვესტფალიის მეფე“, საიმედოდ ამოკეტა და შესაბამისად, მასზე მაღალი წოდებაც დაიმსახურა.
აშშ-ში ბეკენბაუერი თავს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გრძნობდა, ვიდრე სამშობლოში: ის დაუმეგობრდა ლუჩანო პავაროტის, მას ტაშს ფეხზე წამოდგომით უკრავდნენ და იანკიზის ბეისბოლის მატჩზეც კი ცნობდნენ. თუმცა, ფრანცი ხსნიდა, რომ აშშ-ში წასვლის მიზეზი ეს სულაც არ ყოფილა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, პელეს ასახელებდა, რომელიც კოსმოსში 1975-77 წლებში თამაშობდა. „მინდოდა, მისი გზა გამემეორებინა. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც სხვა ყველა მოთამაშეზე მინიმუმ ათჯერ ნიჭიერია. მსუბუქმა ეგოიზმმა კი ის ნამდვილ ლიდერად აქცია.“
1982-ში ბეკენბაუერი ბუნდესლიგაში დაბრუნდა, ჰამბურგში ერთი სეზონი ითამაშა და კვლავ კოსმოსს მიაშურა, სადაც კარიერის დამაგვირგვინებელი წელი ჩაატარა. ფრანცი ხშირად ამბობდა, რომ მწვრთნელობა არ უნდოდა, მაგრამ 1984-ში ის გფრ-ს მწვრთნელობაზე მაინც დაითანხმეს, რადგან მისნაირი ფიგურა ძალიან ენატრებოდათ.
ფრანცს იმდროისთვის საჭირო ლიცენზიაც კი არ ჰქონდა, ამიტომ ოფიციალურად, ის „გუნდის შეფის“ წოდებას ატარებდა. მასთან ერთად, ნაკრები 1986-ს მუნდიალზე ფინალამდე მივიდა, კიდევ ოთხ წელიწადში კი სულაც მოიგო ეს ტურნირი.
ერთი მომენტი სტადიო ოლიმპიკოდან ისტორიაში სამუდამოდ დარჩა: სანამ ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მათი მწვრთნელი მოედნის ცენტრში ნელა სეირნობდა. „ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც განმარტოება შემეძლო. ბევრ რამეზე მინდოდა დაფიქრება.“ ასე, ის გახდა ერთადერთი ადამიანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ჯერ როგორც კაპიტანმა, შემდეგ კი, როგორც მწვრთნელმა.
1990-ს მუნდიალის ფინალის შემდეგ კი, ის ნაკრებიდან წავიდა, რის შესახებაც ჯერ კიდევ გადამწვეტ მატჩამდე გამოაცხადა.
ბეკენბაუერის რევოლუცია ნაკრების გამორჩეულ თვისებად მრავალი წლით იქცა - 1996-ში, მატიას ზამერმა ფრანცის სტილში თამაშით ოქროს ბურთიც კი მოიგო.
„ადრე, სტანდარტებს ასე არ უხვევდნენ. თუ ფლანგის მცველი ხარ, ესეიგი ფლანგის მცველად თამაშობ. თუ ცენტრალური ნახევარმცველი ხარ, მხოლოდ შენს მოვალეობებს ასრულებ. ფაკეტი საოცარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ისიც თავისი პოზიციის ფარგლებში მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მეტი სითავხედის უფლებას აძლევდა თავს. მე კი, შემეძლო ვყოფილიყავი იქ, სადაც მე მინდოდა, რაც ნამდვილად თავისებური გარდატეხა იყო.“ - იხსენებდა მოგვიანებით კაიზერი.
ნახევარ საუკუნეში გერმანიაში დიდებული მცველების მთლიანი თაობები შეიცვალა, მაგრამ ბეკენბაუერზე მაღლა დადგომა, როგორც ჩანს, უბრალოდ შეუძლებელია.
თავის საფეხბურთო კუმირს კაიზერი სხვა სამყაროშიც ისევე გაყვა, როგორც თავის დროზე, ნიუ-იორკ კოსმოსში. ედსონ არანტეს დო ნასიმენტო 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა, ფრანც ბეკენბაუერმა კი, მის გარეშე მხოლოდ წელიწადზე ოდნავ მეტი გაატარა. ახლა კი, როგორც საფეხბურთო რომანტიზმს უყვარს თქმა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოთა სამეული, მარადონა - პელე - ბეკენბაუერის ტრიო, სამოთხეში გააგორებს ფეხბურთს ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც მათ და მხოლოდ მათ სჩვევიათ.
მშვიდობით განისვენე, უდიდესო!
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
10 დღის წინ
5 დღის წინ