Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წინა კვირაში დე ლაურენტისმა ნაპოლიში ვალტერ მაძარის ტანჯვა დაამთავრა და ახალი მწვრთნელი მოიყვანა - 55 წლის ფრანჩესკო კალცონა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასზე ბევრი რამ გქონდეთ გაგონილი. ჩიჩომ თითქმის მთელი თავისი კარიერა სხვა ცნობილი მწვრთნელების ზურგსუკან გაატარა, ხოლო დამოუკიდებელი საქმიანობა მხოლოდ წელიწადნახევრის წინ, სლოვაკეთში დაიწყო, რომლის ნაკრებიც ევროზე გაიყვანა.
თუმცა, ნაპოლიში მას აფასებენ. მის დასანიშნად, იტალიის ჩემპიონი დამამცირებელ დათმობებზე წავიდა. მწვრთნელისთვის პრიორიტეტული ნაკრებთან კონტრაქტი დარჩა. კერძოდ, თუ სლოვაკებს ნაპოლის პრეზიდენტის ქცევა არ მოეწონებათ, კალცონას უკან გაწვევა ნებისმიერ დროს, დე ლაურენტისისგან დაუკითხავად შეეძლებათ.
რომ გავიგოთ, რატომ დაეთანხმა ნაპოლი ამხელა რისკებს, უკეთ უნდა გავიცნოთ თავად ფრანჩესკო. მისი ისტორია ღირს ამად.
კალცონამ მწვრთნელობამდე წარმატებული ბიზნესი წამოიწყო და დიდ ფეხბურთში მაურიციო სარი მოიყვანა
წარმოიდგინეთ სამი მეგობარი, რომლებიც სამსახურის მერე დროს ბარში ატარებენ. კოლეგები არ არიან - ერთი ბანკის თანამშრომელია, მეორე გაზეთებს ყიდის, მესამე კი ყავით ვაჭრობს. მაგრამ ყოველდღე, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ისინი იკრიბებიან ბართან, რომელთან დგომის დროსაც ყველაფერი ავიწყდებათ - მათ ფეხბურთი აერთიანებს.
ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ნებისმიერი სიტკომის საშუალო სტატისტიკური სცენა და ალბათ, რეალურადაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს, იმ ბარში რაღაც განსაკუთრებულს ასხამდნენ. იმიტომ, რომ რამდენიმე წელიწადში ბანკის თანამშრომელმა მაურიციო სარიმ საქმიანობა მიატოვა და მწვრთნელი გახდა. იგივე გააკეთა ყავის გამყიდველმა ჩიჩო კალცონამ. აშკარაა, რომ ბარის გამოცდილება ორივეს წაადგა. მათი მესამე მეგობარი, ანდრეა ფოსატი ტელევიზორის მეორე მხარეს დარჩა - ყოელდღე აღებდა თავის კიოსკს და მუშაობდა, სანამ ხალხმა და გაზეთებმა გაპოპულარულებულ მეგობრებზე შეკითხვებით არ დაღალეს.
„მე და სარი საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთს.” - იხსენებდა კალცონა ერთ-ერთ პოდკასტში. „ის ბარში მუშაობდა, მე კი ფინანსურ კონსულტანტს ვეძებდი. ჩვენს შორის ქიმია წარმოიქმნა: საქმეზე ლაპარაკს გული ვერც დავუდეთ და 3-4 საათი ფეხბურთზე ლაპარაკში გავიყვანეთ.”
ამ ისტორიაში წამყვანი როლი სწორედ კალცონას ეკავა. 90-ანების შუაში, როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს, სარი თავისუფალ დროს უკვე წვრთნიდა, მაგრამ სამოყვარულო დონეზე - ზუსტად ისეთზე, როგორზეც ფეხბურთი ჰქონდა ნათამაშები. კალცონა კი თამაშობდა. კარიერის სტარტზე ის კარგ ტექნიკას ფლობდა და პატარა დროის მანძილზე იმედისმომცემ ახალგაზრდადაც მიიჩნეოდა - რამდენიმე თამაში თასზე და სერია ბ-შიც ჩაატარა. დარჩენილი დრო კი ტოსკანას რეგიონალურ ლიგებში გაატარა. იქ ის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მცირე დასახლებულ, მაღალმთიონ რეგიონებში, სადაც ტელევიზორი არ ჰქონდათ, მას ბაჯოზე არანაკლებად ცნობდნენ.
მისი კავშირები და ავტორიტეტი მეგობრებსაც გამოადგათ. 1999-ში კალცონამ ტეგოლეტოს მწვრთნელად სარის დანიშვნას გაუწია რეკომენდაცია, თავად კი არაოფიციალური მრჩეველი გახდა. მასთან ერთად გატარებულ ერთ წელში, მაურიციომ მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე მის გარეშე - წინა ცხრაში. ამის შედეგად, მწვრთნელმა საბოლოოდ მიიღო შეთავაზება, რომელმაც დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი შეადგმევინა.
„ეჩელენცეში ერთ-ერთ ბოლო სეზონს ვატარებდი”, - იხსენებს ჩიჩო. „სარი ჩემი ფინანსური კონსულტანტი იყო, მაგრამ ჩვენ მუდამ ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. მას გუნდი არ ჰყავდა. ერთხელ, კლუბმა მწვრთნელი გაუშვა და მისი ადგილი მე შემომთავაზა, მაგრამ მე მხოლოდ თამაში მაინტერესებდა. ამიტომ, მაურიციოს გავუწიე რეკომენდაცია. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი.”
თავად კალჩონას დროც არ ეყოფოდა - ჰობის იქით, მას სამსახური ჰქონდა. ის ყავის დაწესებულებაში გაყიდვების აგენტად დაინიშნა და რამდენიმე წელიწადში სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორის თანამდებობამდე ავიდა. ჩიჩომ პატარა საოჯახო Moka Piu მსხვილ ბიზნესად აქცია ისე, რომ ფეხბურთიც არ დავიწყებია - მანქანის საბარგულში ყოველთვის ჰქონდა ან სამუშაო უნიფორმა, ან ფეხბურთის მაისური და ბუცები. გააჩნია, დროის რა მონაკვეთი იყო.
„ფრანჩესკოს ბარის მართვა შევთავაზეთ, მაგრამ მას ვარჯიშებს შორის დრო არ ჰყოფნიდა. ამიტომ, მან თავად გადაწყვიტა გაყიდვების აგენტობა.” - იხსენებდა მოგვიანებით კომპანიის მფლობელი მარკო მაჯი. „ის ნაცნობებთან დადიოდა, ასინჯებდა ჩვენს ყავას და ყიდვას ურჩევდა. ჩიჩო ნოვატორი იყო არამხოლოდ ფეხბურთში. როცა იმან თქვა, რომ მიდის, ვიტირე.”
სანამ სარი, მცირე შანსის გამოყენებით, პროფესიონალურ ფეხბურთში უკვე სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა, კალცონა აკეთებდა იმავეს, რასაც იქამდე - თამაშობდა, წვრთნიდა, ვაჭრობდა. მაგრამ, ისინი მუდმივად კავშირზე რჩებოდნენ. ისევე როგორც ადრე, საათობით ლაპარაკობდნენ ფეხბურტზე, მაგრამ უფრო მეტად - მაურიციოს საქმეებზე. ჩიჩო პოულობდა გამოსავალს იქ, სადაც მისი ჯიუტი მეგობარი ვერა. 2007 წელს, მაურიციომ მეგობარს აველინოში დამხმარის როლი შესთავაზა - ნაკლებად შემოსავლიანი სამსახური, მაგრამ კალცონას ფული არ აინტერესებდა, ის ყავით ისედაც გამდიდრდა.
ასე დაიწყო კალცონას და სარის 12-წლიანი ისტორია. ერთი წვრთნიდა, მეორე ეხმარებოდა. მათ ერთად გაიარეს გზა სერია D-დან, ათიანი წლების უმოწყალო იუვენტუსთან ერთად ჩემპიონობამდე. მეგორები დაიშალნენ მხოლოდ მაშინ, როცა მაურიციო ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ.
კალცონა იტალიაში დარჩა და ჯერ კალიარიში დი ფრანჩესკოსთან იმუშავა, შემდეგ კი - სპალეტისთან ნეაპოლში. 2022 წელს უცნობმა ნოვატორმა დამოუკიდებელი კარიერაც დაიწყო, როცა ჰამშიკის შეთავაზება მანქანაში საწვავის ჩასხმისას მიიღო.
„კალჩონასავით ფეხბურთს ბევრი ვერ ასწავლის. მან მერტენსი ცრუ ცხრიანად გადააკეთა და სკუდეტოსთვის მებრძოლ ნაპოლიში უმნიშვნელოვანესი როლი ეკავა. ისეთი ვარჯიშები, როგორიც მას ჰქონდა, არავისთან არ მინახავს. ის ნაკრების აღორძინებისთვის იდეალური მწვრთნელია.” - ხსნიდა თავის არჩევანს ჰამშიკი.
სლოვაკი მართალი აღმოჩნდა. მაგრამ, რა ვუყოთ ნაპოლის აღორძინებას?
კალცონა - უბურთოდ თამაშის სპეციალისტია. სარი სწავლობდა მასგან და არა პირიქით
ერთხელ, ფრანჩესკოს ჰკითხეს, რა აქვთ საერთო მას და სარის. მან ცრურწმენა დაასახელა: „ერთხელ არასწორად გადავუხვიე და სახლისკენ მიმავალ გზაზე, 15 კილომეტრით მეტი გავიარე. იმ დღეს, ბრიუგე 5:0 გავანადგურეთ. ამის შემდეგ, ორი წელი სახლში იმავე მარშრუტით დავდიოდი.
მაურიციოს ცრურწმენამ ჩემზეც იქონია გავლენა. ის ერთიდაიგივეს იმეორებდა კიდევ და კიდევ. მაგალითად, ხუთშაბათს საღამოს ყოველთვის ჯდებოდა ერთ კონკრეტულ ადგილას, ეწეოდა სიგარეტს და ყვებოდა თავის ამბებზე, რომლებსაც ახლა ვეღარც გავიხსენებ.”
რეალურად, მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებს - ზონური დაცვა ბურთზე ორიენტაციით.
გახსოვთ ის ტელეპათიური სინქრონულობა, რომლითაც სარის დროს ნაპოლი იცავდა თავს? საუბარი სწორედ მასზეა. ასეთ სისტემაში ფეხბურთელები მხოლოდ ბურთზე კოცენტრირდებიან და აიგნორებენ როგორც ბურთს, ისე პარტნიორებს. ეს ყოველი პასის შემდეგ მათ გადაადგილებას მოითხოვს. დისტანცია მათ შორის თითქმის ყოველთვის უცვლელია. პოზიციას კი კონკრეტულ ეპიზოდში, ბურთის მდებარეობა ადგენს.
ეს მეთოდი ბურთის დაბრუნების შემდეგ მომგებიან პოზიციაში ყოფნის გარანტიას იძლევა. სწორედ ამის დამსახურებით, სარის გუნდები ბევრ გოლს იტანდნენ ბურთის ფლობის დაბრუნებიდან მალევე. თუმცა, ეს სისტემა კოლექტიური ფიქრის დიდ უნარს ითხოვს, რაც თავდაცვის ყველაზე რთული ნაირსახეობაა. ტოპ-დონეზე მას მხოლოდ კალცონა და სარი იყენებენ.
ბურთზე ორიენტაცია - კალცონას დედააზრია. რვა წლის წინ მან კოვერჩანოში 72-ფურცლიან სადიპლომო დაწერა, რომელიც მხოლოდ მეთოდურ ნაწილს ეძღვნებოდა: ვარჯიშებს, რომელიც დაცვაში სწორ გადაადგილებას ავითარებს. სარისთან შტაბში ყოფნისას, ის ზუსტად იგივეს აკეთებდა: დაცვით სისტემაზე იყო პასუხისმგებელი.
„კალცონასთან და სარისთან გროსეტოში ვთამაშობდი. მაურიციო მას ყველაფერში ენდობოდა. ხშირად, ჩვენ თვითონ კალცონა გვავარჯიშებდა. ამიტომ ვფიქრობ, დე ლაურენტისმა სწორი არჩევანი გააკეთა. კალცონა ნაპოლიზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. ის იცნობს ბევრ ფეხბურთელს, კარგად იცის კლუბი და ახალგაზრდობაშიც კი შეეძლო კოლექტივთან ურთიერთობის დალაგება. როცა მწვრთნელი გუნდთან ჰარმონიაშია, მათ ყველაფერი შეუძლიათ.” - აღნიშნა მაური ესპოზიტომ.
გარდა ამისა, კალცონა მეტოქისათვის მომზადებაშიც ძალიან ძლიერია - სარის შტაბში ის ამაზეც იყო პასუხისმგებელი. Moka Piu-ს მფლობელი და მისი ყოფილი დამსაქმებელი, მარკო მაჯი ყვებოდა: „როცა ჩიჩო მწვრთნელობას იწყებდა, ის ყველა მეტოქეს სწავლობდა და ყველა შემთხვევითობას გამორიცხავდა. გეგონებოდა, რომ ის სერია ა-ს მატჩებისთვის ემზადება. სასტარტო გეგმებზე მას შეეძლო საათობით ელაპარაკა.”
ამის გამო, წინასწარ გამოცნობადი იქნებოდა, როგორი იქნებოდა უბურთო ნაპოლი და პირველმა მატჩებმა ეს ვარაუდი მხოლოდ გაამართლა: კალჩონამ გუნდში ცვლილებებთ დაიწყო და რამდენიმე დღეში 4-4-2/4-5-1-ს რთული სინქრონიზაციის კარგი რეპეტიციაც ჩაატარა. შთამბეჭდავია, მაგრამ ახსნადი. სწორედ ჩიჩომ მოიგონა ასეთი ფეხბურთის დიდაქტიური ბაზა. მას სარიზე უკეთ შეუძლია მოერგოს მეტოქეს, რაც განსაკუთრებით კარგია პირველ პერიოდში, როცა უმი სისტემის მინუსებია დასამალი და თანაც თამაშის დალაგება მოკლე დროშია საჭირო.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მას დრო საერთოდ არ აქვს. ნაპოლის მცველებს კი გონება ამაზე გაცილებით მარტივ ფეხბურთშიც არ უჭრის იდეალურად.
ბურთით კალცონა დი ფრანჩესკოსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სარისთან. ის შეტევაზე გიჟდება
ყველა ფიქრობს, რომ დამხმარე კონცენპტუალურად მთავარი მწვრთნელის იდენტურია. ეს წესი ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება, რისი იდეალური მაგალითიც კალცონა და სარი არიან. მათ უბურთოდ თამაშის ფაზა აერთიანებს. ბურთის ფლობაში კი, ფრანჩესკო სხვა მწვრთნელებთან გაცილებით ახლოს არის.
„ვინ ვარ მე, სარი თუ სპალეტი? თქვენ დი ფრანჩესკო დაგავიწყდათ. გამორჩეულ მწვვრთნელებთან მაქვს ნამუშევარი. ეს იყო საუკეთესო ლექციები, რომლებზე დასწრებაც კი შეიძლებოდა. მათ ბევრი რამ მომცეს, მაგრამ თამაშში რაღაც ჩემიც გამაჩნია.” - აღნიშნა ჩიჩომ.
ბურთით კალცონა თითქმის ყოველთვის იყენებს 4-3-3-ს, ჰორიზონტალურ პასებს კი ზურგში მოულოდნელი ჩხვლეტებით ამრავალფეროვნებს და მეტოქეს წინასწარ ნაფიქრ სუსტ მხარეებში ურტყამს. მოძრაობის დროს, სარიბოლისგან მას ცოტა რამ აქვს წამოღებული. ჩიჩომ ცოტა რამ წამოიღო სპალეტისგანაც და დი ფრანჩესკოსგანაც.
„არ ვარ დოგმატური მწვრთნელი, რომელიც თავის შეტევას მხოლოდ დაცვიდან აწყობს. ფეხბურთში ყველაფერი ცოტ-ცოტაა საჭირო. ჩემთვის მარცხის აღიარებაა, თუ მცველი უმიზეზოდ გადადის გრძელ პასზე. ამას უბრალოდ ვერ ვიტან და არ ვეგუები. ეს საპატიო მხოლოდ მაშინ არის, თუ მეტოქემ გაიძულა.”
დი ფრანჩესკოსთან (რომელმაც, მისივე თქმით, ფეხბურთი სულ სხვა კუთხიდან დაანახა) მას აერთიანებს ერთი რამ - მეტოქის კარამდე მაქსიმალურად სწრაფად მისვლის სურვილი. მიუხედავად კალიარისთან ბურთის ფლობის 71% უპირატესობისა, კალჩონას გუნდები კონტროლს კონტროლის ხათრით კატეგორიულად ეწინაააღმდეგებიან. პასების გაცვლა - მხოლოდ შესატევი ოფციაა, რომელსაც არ იყენებენ, თუ მეტოქე თვითონ იხსნება.
„კარგი თამაში ნიშნავს დავალებებზე აგებულს მოძრაობას, მეტოქის სუსტი მხარეების გამოყენებით მისი ჩიხში შეყვანას და კართან მაქსიმალურად სწრაფად მისვლას. ხალხი ბილეთში ფულს იხდის, რომ 90 წუთი თამაშს უყუროს და არა ორ შემთხვევით გოლს. ფეხბურთი არის შოუ. ჩვენ პუბლიკა უნდა გავართოთ. ამიტომაც ვასწავლი გუნდს კარგ თამაშს.”
კალცონას დანიშვნა - თანამედროვე ნეაპოლიტანურ იდენტობაში დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა, სტატეგიულად ეს გამართლებული არ არის: რთული ფეხბურთის აღქმა მარტივი არ არის, ის ვერ ქმნის ბაზას, ამიტომ ხანგრძლივვადიან პროექტში დე ლაურენტისი ვერაფერს ვერ მოიგებს, თუ თავად ჩიჩოს ვერ შეინარჩუნებს.
მოკლევადიანი მოთხოვნებიც უფრო მარტივ მწვრთნელს მოითხოვს. თუმცა, ასეთი კაცი ნაპოლიმ უკვე გატესტა და არ გამოვიდა. ინტუიციურად იქმნება წარმოდგენა, რომ გუნდი იმავე ხაფანგში გაეხვა, როგორშიც სარის შემდეგ, ანჩელოტის დანიშვნისას. ეს გუნდი მხოლოდ რთულ ფეხბურთში იხსნება ბოლომდე. მას უფრო კალცონა სჭირდება, ვიდრე გარსია ან მაძარი. მითუმეტეს, სპალეტის შემდეგ.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ