Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის შეხვედრებისთვის 23 მოთამაშე გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.
გულიაშვილი 2001 წლის 5 სექტემბერს თბილისში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში საბურთალოს აკადემიაში დაიწყო და 2019 წელს ამავე კლუბის პირველ გუნდშიც ვიხილეთ.
გიორგიმ საბურთალოში 2023 წლამდე ითამაშა და გუნდთან ერთად ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი (2-ჯერ) და სუპერ თასი მოიგო. მან საქართველოს ჩემპიონატში 11 გოლის გატანა მოახერხა.
2023 წლის იანვარში ქართველი შემტევი ბოსნიურმა სარაევომ დაიმატა და ზაფხულში ერთსეზონიანი იჯარის წესით ველეჟ მოსტარში გაანათხოვრა, რომლის შემადგენლობაშიც გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის ეგიდით 22 მატჩში 8 გოლი მიითვალა.
ზაფხულში ქართველი სარაევოს დაუბრუნდა და ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო. გულიაშვილის ანგარიშზე 8 მატჩის შემდეგ 8 გოლია და ამ შედეგით ის ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია, სარაევო კი 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
გულიაშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები. 21-წლამდელთა გუნდში მან 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო, მათ შორის მან თავი საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გიორგიმ ბელგიას გაუტანა და იმ შეხვედრაში საქართველოს ქულაც მოუტანა.
ვილი სანიოლმა 23 წლის შემტევს სეზონის ბრწყინვალე სტარტი დაუფასა და ეროვნულ გუნდში პირველად უხმო.
"უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება." - ციტირებს გულიაშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი.
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები