8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფეხბურთელი პსჟ-ში ბოლო დღეებს ითვლის.
პსჟ-ში სიმშვიდე ვერა და ვერ დამკვიდრდა - მოვლენების ეპიცენტრში უცვლელი სახელია: კილიან მბაპე. თავიდან, პარიზის თავზე მთავარი ვარსკვლავის უფასოდ წასვლის საფრთხე ტრიალებდა, ახლა კი კილიანი სკანდალებს მიყოლებით აგენერირებს.
მბაპე შესვენებაზე შეცვალეს და სათადარიგო სკამის ნაცვლად, ის დედასთან წავიდა
ლიგა 1-ს 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი მონაკოს ესტუმრა. კილიან მბაპემ მატჩი სასტარტოში დაიწყო, მაგრამ უკვე შესვენების შემდეგ, თამაშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა. როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ფრანგის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და შესვენებაზევე შეცვალა.
ჯერ ტრანსლაციაში გამოჩნდა კადრები, რომ უკვე გამოცვლილი მბაპე გასახდელიდან გამოდის, კამერას თვალს უკრავს და ტელეფონზე საუბრობს.
შემდეგ, კილიანმა რამდენიმე ადამიანის თანხლებით ტრიბუნებს ემოუარა: ხალხი მის იქ ხილვას აშკარად არ ელოდა და გაკვირვებული დარჩა. ერთმა გოგომ სელფიც კი სთხოვა - და მბაპემ უარი არ თქვა! შეგახსენებთ, რომ იმ დროისთვის მეორე ტაიმი უკვე დაწყებული იყო.
ნაადრევი ცვლილების მიუხედავად, მბაპე დიდებულ ხასიათზე იყო. მატჩის დარჩენილი ნაწილი კი დედასთან ერთად, ტრიბუნაზე გაატარა.
დიახ, სწორად გაიგეთ: მბაპე ცვლილების შემდეგ სკამზე კი არ დარჩა, პირდაპირ ტრიბუნაზე წავიდა. თანაგუნდელებთან არა, დედასთან. რომელმაც, სხვათაშორის, Relevo-ს თუ დავუჯერებთ, ბოლო კვირები მადრიდში, სახლის ძიებაში გაატარა.
„მბაპეს გარეშე ცხოვრება უნდა შევეჩვიოთ." - ენრიკემ კილიანი ნაადრევად ერთ კვირაში მეორედ შეცვალა
თუ RMC Sport-ის ჟურნალისტს ფაბრის ჰოუკინსს დავუჯერებთ, კილიანი არც ტრავმის გამო შეუცვლიათ და არც სოსიედადთან მატჩისთვის მოსაფრთხილებლად. მისი ცვლილება - მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.
თანაც, ერთ კვირაში უკვე მეორედ. წინა უიქენდზე მბაპემ რენთან 65 წუთი ითამაშა, გუშინ მონაკოსთან კი - 45. ორივე მატჩი პსჟ-მ ფრედ დაასრულა (1:1 და 0:0).
წინა კვირას ენრიკემ მბაპეს ცვლილება იმით ახსნა, რომ ადრე თუ გვიან, მბაპეს გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიონ და დაამატა, რომ ყველა ფეხბურთელმა სათამაშო დრო უნდა დაიმსახუროს.
მონაკოს შემდეგაც დაახლოებით იგივე განცხადება მოვისმინეთ: „მბაპეს ცვლილება - მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებაა. ადრეუ თუ გვიან, მბაპეს გარეშე ცხოვრებას და თამაშს უნდა მივეჩვიოთ. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის სასიკეთოდ მივიღე."
თუმცა, მბაპეზე შეკითხვები არ გრძელდებოდა და ენრიკემ ჟურნალისტებს შეუტია: "ჰეთ-ტრიკი უკვე გვაქვს. სამი შეკითხვა და ყველა - ამ თემაზე. მეოთხეც იქნება?"
სრულიად შესაძლებელია, კილიანი სათამაშო მიზეზებითაც შეეცვალათ. ბოლო ორ მატჩში მბაპემ Get French Football News-ისგან 10-ქულიან სისტემაში 4 ქულა მიიღო - გუნდში ყველაზე დაბალი.
კომენტარები