Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე მერვედფინალების მე-3 სათამაშო დღის ჯერი დადგა და დღეს ერთ-ერთი მთავარი და ბევრის აზრით ცენტრალური მერვედფინალის ჯერი დადგა, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთის და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ტრადიციულად, დღესაც ორ მერვედფინალს ვიხილავთ.
საფრანგეთი - ბელგია [20:00]
რამდენად უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, დიდიე დეშამის გუნდს თამაშიდან ამ ტურნირზე გოლი ჯერ არ გაუტანია - ავსტრიასთან ავტოგოლით მოიგეს, ნიდერლანდებთან ფრე ითამაშეს, პოლონეთთან კი კილიან მბაპემ პენალტი შეასრულა ზუსტად და მეტი გოლი გუნდს არც გაუტანია. ინგლისის მსგავსად, ფრანგებსაც ბევრი კრიტიკა ხვდათ წილად. თანაც, გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ბადის შედარებით მარტივ მხარეში შეეძლო მოხვედრა, თუმცა პოლონეთთან ფრით ჯგუფის ლიდერობა სენსაციურ ავსტრიას გადასცა, თავად კი ურთულეს ბადეში მოხვდა და ევროს მოსაგებად პრაქტიკულად ყველა გრანდის დამარცხება მოუწევს.
თავის მხრივ, ჯგუფის მთავარი ფავორიტი იყო ბელგიაც, თუმცა ვერც მათ მოახერხეს პირველი ადგილის დაკავება. ბელგია უნიკალური 4-ქულიანი ჯგუფის მონაწილე იყო, სადაც ყველაფერი ოთხივე გუნდს შორის დამატებითი მაჩვენებლებით გადაწყდა და ბელგიელებს მე-2 ადგილი ხვდათ წილად. ბოლო ტურში გუნდს უკრაინისთვის ცოტა აქტიურად რომ შეეტია, იქნებ მოეგო კიდეც, მაგრამ ტედესკოს გუნდი მშვიდ ფრეს დასჯერდა და მერვედფინალშივე პირდაპირ საფრანგეთზე გავიდა.
ბელგიისა და საფრანგეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია ძალიან მდიდარია და 75 მატჩს ითვლის. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ბელგიას უფრო მეტი მატჩი აქვს მოგებული - 30, საფრანგეთმა წარმატებას 26-ჯერ მიაღწია, კიდევ 19-ჯერ კი გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ამ 75 მატჩში ბელგიამ საფრანგეთს 162 გოლი გაუტანა, თავის კარში კი 131 მიიღო.
უკანასკნელი დაპირისპირება 2021 წელს, ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიმართა და საფრანგეთის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
თავის მხრივ, ბელგიამ ბოლო მატჩი საფრანგეთს 2015 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში მოუგო - 4:3.
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი: მენიო, კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი, კანტე, ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი, მბაპე, ტურამი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: დემბელე, მბაპე, რაბიო.
ბელგია: კასტელსი, კასტანი, ფაესი, ვერტონგენი, თეიტი, მანგალა, ონანა, დე ბრუინი, დოკუ, ლუკაკუ, ლუკებაკიო
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ფაესი, მანგალა, ტილემანსი.
ჩვენი პროგნოზი: საფრანგეთის მინიმალური სხვაობით გამარჯვება.
პორტუგალია - სლოვენია [23:00]
პორტუგალიამ ჯგუფის პირველი ადგილი ორი ტურის შემდეგ გაინაღდა და საქართველოსთან გუნდის ძირითადი ბირთვი დაასვენა, ამიტომ დღეს სლოვენიასთან სასტარტო შემადგენლობა, კრიშტიანუ რონალდუს და დიოგუ კოშტას გარდა, შედარებით მეტად დასვენებული იქნება. ჩეხეთთან მძიმე ბრძოლის შემდეგ, თურქეთთან რობერტო მარტინესის გუნდმა საკმაოდ საიმედო და ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა და დღეს პორტუგალიელებისგან სწორედ ასეთ სანახაობას ველოდებით.
ევროპელი ბრაზილიელების მეტოქე იან ობლაკის სლოვენია იქნება, რომელიც ჯგუფიდან გამარჯვების გარეშე გავიდა - გუნდმა სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულა და 3 ქულით მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. პირველ ტურში სლოვენიელებმა დანიასთან არ წააგეს, მეორეში სერბეთთან, მესამეში კი ფავორიტი ინგლისი შეაკავეს და შემდეგი ეტაპის საგზურიც სწორედ ამ მატჩში მოიპოვეს.
განსაკუთრებით მოტივირებული იქნება კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ისტორიაში პირველად ჩაატარა უგოლო ჯგუფური ეტაპი დიდ ტურნირზე და დღეს ევრო 2024-ზე თავისი პირველი გოლის გატანას ბოლო წამამდე ეცდება.
სლოვენიის და პორტუგალიის ურთიერთშეხვედრების ისტორია სტარტს 2024 წლით იღებს - გუნდებს შორის ერთი მატჩი ჩატარდა, 26 მარტს, როცა სლოვენიელებმა რობერტო მარტინესს პორტუგალიის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი აგემეს და 2:0 მოუგეს.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია: დიოგუ კოშტა, კანსელო, რუბენ დიაში, პეპე, ნუნო მენდეში, პალინია, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში, რაფა ლეაო, კრიშტიანუ რონალდუ, ბერნარდო სილვა
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: რონალდუ, ფრანსისკო კონსეისაუ, პალინია, პედრო ნეტუ, რუბენ ნევეში.
სლოვენია: ობლაკი, კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიოლი, ბალკოვეცი, სტოიანოვიჩი, ელშნიკი, გნეზდა ჩერინი, მიაკარი, შპორარი, შეშკო
დისკვალიფიცირებულია: იანზა
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ბიოლი, ცელარი, სტოიანოვიჩი, ვიპოტნიკი.
ჩვენი პროგნოზი: პორტუგალია 2:0 სლოვენია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები