-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში ბაიერ ლევერკუზენმა ბაიარენაზე ვოლფსბურგი მიიღო. მატჩი უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე ავტოგოლი ნორდი მუკიელეს ჩაეთვალა და სტუმრები დაწინაურდნენ. ლევერკუზენმა მინი-ქამბექი პირველივე ტაიმში შემოგვთავაზა და მალევე ანგარიში გაათანაბრა. მე-14 წუთზე წონასწორობა ფლორიან ვირცმა აღადგინა. 32-ე წუთზე გი ჯონათან ტამ შეძლო მასპინძლების წინ გაყვანა.
თუმცა ალონსოს გუნდმა პირველი ტაიმი მაინც წააგო და თავის მხრივ ვოლფსბურგმაც შეასრულა მინი-ქამბექი. 37-ე წუთზე სებასტიან ბორნაუმ გახადა ანგარიში 2-2, მსაჯის კომპენსირებულ დროში კი მატიას სვანბერგმა მგლები წინ გაიყვანა.
შეხვედრის მეორე ნახევარშიც სწრაფი გოლი გავიდა. 49-ე წუთზე ტაიმის სტარტზე თამაშში ჩართულმა პედრო ჰინკაპიემ კვლავ გაათანარა ანგარიში და 3-3 გახადა ანგარიში.
88-ე წუთზე ვოლფსბურგი კაცნაკლული დარჩა. უხეში თამაშის გამო მსაჯმა იანიკ გერჰარდტს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. სტუმრებს მატჩის ბოლომდე მისაყვანად და ქულის ასაღებად ცოტა დააკლდათ, თუმცა ლევერკუზენის წნეხს ვეღარ გაუძლეს.
93-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შემოსულმა ვიქტორ ბონიფასიმ გაიტანა გამარჯვების გოლი და ალონსოს გუნდს 3 ქულა მოუტანა. ბაიერმა ერთ შეხვედრაში ორჯერ შეძლო მატჩის მოტრიალება.
ლევერკუზენს 4 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მიუნხენის ბაიერნს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და შესაბამისად პირველ პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები