Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოსთვის ისტორიული ევრო 2024-ის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ მოექცა. მიზეზი ეროვნული გუნდის მოთამაშეების ტრანსფერებია. ზურიკო დავითაშვილი ბორდოდან სენტ-ეტიენში გადავიდა, გიორგი მიქაუტაძე კი ლიონმა შეიძინა მეციდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე ფეხბურთელის წარმატება გაგვიხარდა, თუმცა მათ ახალ კლუბებს ერთმანეთის დანახვა საერთოდაც არ უხარიათ.
საფრანგეთში იყო დრო, როცა ქვეყნის ყველაზე დიდ ორ გუნდად სწორედ ლიონის ოლიმპიკი და სენტ-ეტიენი (ASSE) მიიჩნეოდნენ. დღესაც კი ბევრი ფრანგი გულშემატკივრისთვის რონის დერბი ფრანგული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩია.
მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში წელს დაბრუნდა და კარგი დროება არ ედგა, დიდი ხნის განმავლობაში ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტული სწორედ ამ არც თუ ისე პოპულარული ქალაქის გუნდს ჰქონდა. 1957-დან 1981 წლებამდე გუნდმა 10 ტიტულის მოგება მოახერხა და მხოლოდ 1 წელია, რაც პსჟ-მ ამ რეკორდის მოხსნა მოახერხა.
სენტ-ეტიენის ეს რეკორდი ევროპული საფეხბურთო სტანდარტების მიხედვით დიდ ანომალიადაც მიიჩნეოდა, რადგან ეს ქალაქი საფრანგეთის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით მხოლოდ მე-13 არის, ეს კი ნიშნავს, რომ ის დიდი ფრანგული ქალაქების რიცხვს არ მიეკუთვნება. სხვა პერსპექტივით რომ წარმოვიდგინოთ, ამის ექვივალენტი იქნებოდა, იტალიაში ქალაქ მესინას ან ესპანეთში ქალაქ კორდობას კლუბი რომ ყოფილიყო ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი.
სენტ-ეტიენი არა თუ ცნობილ ფრანგულ ქალაქებს შორის არ შედის, არამედ სიმდიდრითაც არ გამოირჩევა, რაც კლუბის ისტორიულ შედეგებს კიდევ უფრო საოცარს ხდის. სენტ-ეტიენის მოსახლეობა ძირითადად მუშათა კლასს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქთან არსებულ მაღაროებსა და ქარხნებში მუშაობდნენ, რამაც ეს ადგილი მოგვიანებით ინდუსტრიის ჰაბად აქცია.
გეოგრაფიულად, სენტ-ეტიენი ლიონიდან, რომელიც რეგიონის ყველაზე მეტად დასახლებული და კარგად ნაცნობი ქალაქია, 50 კილომეტრშია. კულტურულად კი ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან ცა და დედამიწაა. ლიონი ცნობილია თავისი კულტურით, საჭმლით, არქიტექტურით, რაც აისახება მის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ქალაქის რეპუტაციაზეც.
სწორედ ეს კულტურული განსხვავებაა, რაც ორივე მხარის გულშემატკივრებს ერთმანეთისგან ჰყოფს. ASSE-ს ფანები ქალაქის ინდუსტრიული წარმომავლობით ამაყობენ და სჯერათ, რომ ისინი უფრო მშრომელები და თბილები არიან, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები ლიონში. ლიონის მხარდამჭერები კი არისტოკრატულ როლს ირგებენ და სენტ-ეტიენელებს ნებისმიერი მოცემული შესაძლებლობისას ახსენებენ მათი ქალაქის საწყისებს.
"ჩვენ კინო გამოვიგონეთ, თქვენი მამები კი შახტებში იღუპებოდნენ" - ლიონის ულტრასული დაჯგუფების მხრიდან ასეთ ტიფოებსაც შევხვდებოდით სენტ-ეტიენელთა მისამართით.
ASSE-ს დომინაციის ეპოქამ, როცა გუნდმა 1957-დან 1981 წლამდე 10-ჯერ მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონობა, ოლიმპიკთან მეტოქეობა კიდევ უფრო დაძაბა, რადგან ლიონის გულშემატკივრებს აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ მათი გუნდი მუშათა კლასის ქალაქიდან წამოსული კლუბის მიერ იჩრდილებოდა.
დერბიმ ყველაზე სასტიკი სახე 90-იანი წლების შუაში მიიღო, როცა ორივე გუნდი ლიგა 1-ში საშუალო დონის პერფორმანსს აჩვენებდა. მხარდამჭერებს შორის შეტაკებები ჩვეულებრივი ამბავი იყო, 1992-93 წლების სეზონში სენტ-ეტიენის ულტრასებმა სტად ჟერლანზე (ლიონის ყოფილი სტადიონი) ბარიერებიც კი გაარღვიეს.
მხოლოდ 2000-იან წლებშიღა მოახერხა ლიონმა, რომ მათ მუდმივ მეტოქეზე უკეთესი შედეგები ეჩვენებინა. ამ დროს ოლიმპიკს ოქროს თაობა ჰყავდა - სიდნი გოვუს, ერიკ აბიდალის, მაიკლ ესიენის, კარიმ ბენზემასა და სხვების სახით, მათ კი ბრაზილიელები - ჟუნინიო და ჯოვანი ელბერი ემატებოდათ, რომლებმაც გუნდს 2001-02 წლებიდან რეკორდული რაოდენობის ზედიზედ 7 ტიტული მოაგებინეს.
მოგვიანებით დერბის დროს დაძაბულობამ იკლო, რადგან სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება ეკრძალებოდათ, ასეთი ფაქტი 2013-14 წლების სეზონში დაფიქსირდა. 2017 წელს სენტ-ეტიენმა ლიონის ყოფილი მოთამაშის ანტონი მუნიეს იჯარის წესით დამატება გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა მუქარის შეტყობინებები მიიღო ASSE-ს ფანებისგან. ეს კი იმის გამო, რომ მოთამაშეს წარსულში კლუბზე უარყოფითი კომენტარები ეთქვა. ულტრასებმა თავიანთი გავლენა კლუბის გადაწყვეტილებაზე შემდეგნაირად განმარტეს - "ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც კლუბს შეურაცხყოფს, მწვანე მაისურს ვერასდროს ჩაიცმევს."
მაშინ როცა, ბევრ ევროპულ დერბიში არსებული ძალადობა გასული საუკუნის ბოლოში დარჩა, მასიური შეტაკებები რონის დერბის დროს 2020 წლის თებერვალში ჯერ კიდევ აქტუალური იყო, რამაც გულშემატკივრების დაზიანება და მათი საავადმყოფოებში გადაყვანაც გამოიწვია.
ლიონის წარმატებულმა პერიოდმა 2000-იანების დასაწყისში ფრანგული ფეხბურთის ახალ ეპოქას დაუდო სათავე, როცა უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების კლუბები დომინირებენ ლიგა 1-ში. სენტ-ეტიენის ბოლო ტიტულიდან კი უკვე 43 წელი გავიდა. მათი გულშემატკივრებისთვის ის ფაქტი, რომ მუშათა კლასის ქალაქის კლუბი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ფრანგული ფეხბურთის რეკორდსმენი იყო ტიტულების მიხედვით, დიდი სიამაყის წყაროა.
სენტ-ეტიენი წელს ლიგა 1-ში დაბრუნდა, რონის დერბის კი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში კვლავ ვიხილავთ, ამჯერად ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.
გიორგი მიქაუტაძისგან უკვე ვიცით, რომ მას სენტ-ეტიენი დიდად არ უყვარს, რაც მეცში თამაშის დროს მათთან დაპირისპირების დროს გამოავლინა. გოლის გატანის შემდეგ ქართველმა მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს ხელებით 69 მიანიშნა, რაც ქალაქ ლიონის ადმინისტრაციული კოდია.
სულ რაღაც 2 წლის წინ ოლიმპიკის გულშემატკივრები საჯაროდ ითხოვდნენ, რომ მათ მოთამაშეებს მწვანე ბუცები აღარ ჩაეცვათ, რადგან ეს სწორედ მათი მეტოქე სენტ-ეტიენის ფერებია. ალბათ, მიქაუტაძეს ესეც არ შეეშლება.
კლუბებს შორის მეტოქეობას ალღო ზურიკომაც უნდა აუღოს, რადგან ორივე გუნდის გულშემატკივრები თავიანთ მოთამაშეებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ნებისმიერი ქმედება შესაძლოა მათ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
ასე რომ, საქართველო დიდი ყურადღებით ელოდება უახლოეს რონის დერბის, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი
კვარაცხელია ქეცბაიას გაუთანაბრდა
ფეხბურთი